სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

13:30 | 10.02.2017 | ნანახია 974 - ჯერ

რომაული ამბები – სიყვარული, ზიზღი და გამარჯვება!

არ დაუჯეროთ თუკი ვინმე გეტყვით, რომ იტალიაში ფეხბურთის სიყვარული მინავლდა და იტალიური ფეხბურთის მზე ჩაესვენა. ამ ყველაფრის სრულიად საპირისპირო რეალობაში გასულ სამშაბათს დავრწმუნდი, როდესაც წილად მხვდა სიამე, “რომასა” და “ფიორენტინას” მატჩი დიდებულ “ოლიმპიკოზე” მეხილა. რასაკვირველია, არავინ მოელოდა, თუ რომაული გრანდი ფლორენციელებს ასე სასტიკად დაამარცხებდა, მაგრამ აქ კონკრეტულ შედეგებზე მეტად სულ სხვა რამაა მნიშვნელოვანი და ამ “სხვა რამეს” “რომას” გულშემატკივრები ჰქვია.

უზარმაზარი და ტურისტმრავალი რომის ხმაურში ნამდვილად არ ჭექდა სამშაბათის მატჩის მოლოდინი, მაგრამ როგორც ჩანს, რომაელი ქომაგები ფლორენციელებთან შესახვედრად გამორჩეულად ემზადებიდნენ და პიაცა დელ პოპოლოს კუთხეში “რომას” ტიფოზებმა შუადღესვე მოიყარეს თავი.

რომში ტრანსპორტის ამბები არცთუ კარგადაა დარეგულირებული და წინდახედულ ქომაგებს “სტადიო ოლიმპიკოზე” მისასვლელად მინიმუმ 2 საათით ადრე უწევთ თადარიგის დაჭერა, რადგან არავინ იცის, რამდენად კარგად იმუშავებს სტადიონამდე მისასვლელი ორად ორი ტრანსპორტი – ტრამვაი და ავტობუსი. რომის მეტრო სტადიონამდე არ მიდის და ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა.

“ჩვენ გვიყვარს რომი! “რომა” რომს ეკუთვნის! “ლაციო” ფეკალური მასაა!” – გვამცნობდა ქომაგების ყელზე შემოხვეულ კაშნეებზე დატანილი წარწერები და მიუხედავად იმისა, რომ “ლაციო” ამ შემთხვევაში თითქოს არაფერ შუაში იყო, “მგლების” ტიფოზების გულ-ჯიგარში იმდენადაა ჩალექილი “ლაციოს” ზიზღი, რომ ყველაფერი ცუდი მათთვის სწორედ მეორე თანაქალაქურ კლუბს უკავშირდება.

უზარმაზარ “ოლიმპიკოზე” ფეხბურთს დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა უყურა და მე არ მინახავს ერთიც კი, რომელიც ქომაგების შეძახილს არ აყვა, ან არ იცოდა რომელიმე საგულშემატკივრო სიმღერა. რაკი “რომამ” ფლორენციელთა რბევას ხელი თავიდანვე მოჰკიდა, პირველივე წუთებიდანვე ფლორენციელებისადმი რომაელმა ტიფოზებმა ისეთი აგრესია და სიძულვილი გამოავლინეს, რომ აშკარა იყო, პაულუ სოუზას გუნდს იმ დღეს არაფერი გამოუვიდოდა და აკი არც გამოუვიდა. რამდენიმე ასეული ფლორენციელი ტიფოზის მორიდებული შეძახილები კი “რომას” ქომაგების ხმით ისევე იფარებოდა, როგორც ბერძენი მანოლასის ვეება სხეული ფარავდა უფერულ და არაფრის მაქნის ბერნარდესკის.

“მაპატიეთ, რუსები რომ მეგონეთ. პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს და ვიცი, თქვენს შორის რაც ხდება. უბრალოდ, მიგამსგავსეთ რუსებს”, – ამბობს “რომას” ქომაგი, ვინმე რობერტო, და ხელს მეგობრულად გვიწვდის. ჩვენ კი ისევ ნაწყენები ვართ მასზეც და სხვებზეც, რადგან უცნაურია, მაგრამ მთელ იტალიაში არაერთ ადამიანს ვეგონეთ რუსი და დღემდე ვერ ვხვდები ამ მიმსგავსების აზრსა და მიზეზს. რობერტო ამბობს, რომ ფლორენციელები ამ მარცხს იმსახურებენ, რადგან “ფიორენტინადან” ბევრი წყენა ახსოვს და სულ სხვა სიამეა, როდესაც “რომა” “ვიოლას” 4:0 ამარცხებს.

რობერტოს უკან სიგარეტის მწეველი, სავარაუდოდ არასრულწლოვანი ბიჭები სხედან და ისეთ საშინელ რამეებს ყვირიან, იტალიური ენის ცოდნა ნამდვილად არაა საჭირო მათი სიტყვების გასაგებად. იტალიაში, ისევე როგორც საქართველოში, თამბაქოს მოხმარება კვლავ პოპულარულია და, სამწუხაროდ, არასრულწლოვანებიც უპრობლემოდ აბოლებენ სიგარეტს. მესამე და მეოთხე გოლი ამ ბიჭებმა გაზეთების დანაკუწებითა და თავზე გადაყრით აღნიშნეს. მატჩის დასრულების შემდეგ კი, ისე ომახიანად და ვაჟკაცურად იმღერეს “რომას” საკლუბო ჰიმნი, ბევრ სტაჟიან ტიფოზის შეშურდებოდა.

“რომას” სულ 4 სხვადასხვანაირი ჰიმნი ჰქონია და ტიფოზები ამ სიმღერებს სხვადასხვა დროს მღერიან. კლუბის ოფიციალურ ჰიმნს მატჩის დასაწყისში მღერიან, სიმღერას სახელწოდებით “რომა დაუმარცხებელია” მღერიან მაშინ, როდესაც გუნდს უჭირს და გამხნევება სჭირდება. თუკი “რომა” იმარჯვებს, “გრაციე რომას” მღერიან, დამარცხების შემთხვევაში კი, ისეთი სიმღერა ჰქონიათ, თუშურ ხმით ნატირლებს რომ მიამსგავსებს კაცი.

“ჰაი სენიორ, იყიდეთ “რომას” მაისური. ჩვენ რომ ჩემპიონები გავხდებით, მერე ორმაგი ფასი დაედება”, - მოგვდევს მულატი გადამყიდველი და მაისურებს გვაჩეჩებს. არ ვიცი, “რომა” შეძლებს თუ არა “იუვენტუსთან” ქულათა საკმაოდ დიდი სხვაობის აღმოფხვრას, მაგრამ გარწმუნებთ, “რომას” ქომაგები ჩემპიონობას ნამდვილად იმსახურებენ!

P.შ. რომის ოლიმპიურ სტადიონზე ამ მატჩამდე 2 დღით ადრე, 6 ერის სარაგბო დაპირისპირება ვიხილეთ, იტალიისა და უელსის ნაკრებებს შორის. ჩრდილოურ-სამხრეთული ძვლების ჭახა-ჭუხისა და ჩვენი ნაკრების 6 ერში შეშვება-არშეშვების ამბებს ცალკე გიამბობთ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.117689