ფეხბურთი

11:00 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ბენფიკა" VS "დორტმუნდი"

უეფას ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება – ორთვიანი პაუზის შემდგომ, 14 თებერვალს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირი განახლდება და პირველი მერვედფნალური მატჩები გაიმართება.

ფორმატი ტრადიციულია: 8 შეხვედრა გადანაწილებული ოთხ სათამაშო დღეზეა, ანუ, დღეში ორი თამაში ჩატარდება. WORLDSPORT.GE-ი წარმოგიდგენთ ყველა მერვედფინალური წყვილის განხილვას – საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, ურთიერთშეხვედრებსა და სტატისტიკურ მონაცემებს. აქვე გეტყვით, რომ ყველა თამაშის შესახებ ინფორმაცია ცალ-ცალკე განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და დღეში მხოლოდ ორი წყვილის შესახებ ვისაუბრებთ. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრების შესახებ გაცილებით ვრცლად შესაბამისი თამაშების კონკრეტულ დღესაც ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე, რამდენიმე საინტერესო და ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით: “ბენფიკა” – “დორტმუნდი”

“დორტმუნდი” F ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა და მადრიდის “რეალს” აჯობა. ამასთან, გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე 21 გოლი გაიტანეს, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია ამ ეტაპისთვის. “ბენფიკამ” კი, B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა “ნაპოლის” შემდგომ.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე “დორტმუნდისა” და “ბენფიკასა” გზები ერთადერთხელ, შორეულ 1963-1964 წლების სეზონში გადაიკვეთა. ლისაბონში, მასპინძლებმა ანტონიო სიმოეშისა და ეუსებიოს გოლებით 2:1 მოიგეს, მაგრამ გერმანიაში “ბორუსიამ” 5:0 გადაურბინა მეტოქეს. ჰეთ-თრიქით გამოირჩა ფრანც ბრუგსი, ხოლო თითოჯერ თავი ტიმო კონიეცკამ და ვოსაბმა გამოიჩინეს.

ფაქტები, სტატისტიკა

“ბენფიკა”

“ბენფიკა” შეეცდება მეოთხედფინალში მესამედ გავიდეს ბოლო ექვს წელიწადში. შარშან, “არწივებმა” მერვედფინალში “ზენიტს” 1:0, 2:1 აჯობეს, თუმცა მეოთხედფინალში “ბაიერნთან” ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს.

“ბენფიკამ” ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ რვა ქულა მოიპოვა და მერვედფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი შედეგი აქვს.

რუი ვიტორიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო (5 მოგება, 3 ფრე). მათ შორის, ერთ-ერთი მიმდინარე სეზონში “ნაპოლისთან” (1:2).

“ბენფიკას” “და ლუჟზე” გერმანულ გუნდებთან უკვე 4 თამაშია არ წაუგია. მათ შორის, არც შარშან, როდესაც “ბაიერნს” დაუზავდა – 2:2. ბოლოს ლისაბონში გერმანული გუნდებიდან “შალკემ” მოიგო 2:1 (2010 წლის დეკემბერში).

მთლიანობაში კი, “ბენფიკას” სტატისტიკა გერმანული გუნდების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ასეთია: 10 მოგება, 8 ფრე, 2 წაგება.

“დორტმუნდი”

1997 წლის ჩემპიონ “დორტმუნდს” შანსი აქვს მეოთხედფინალში მესამედ გავიდეს მიმდინარე ათწლეულში.

უცნაურია, მაგრამ “დორტმუნდს” ისტორიაში არასდროს ჰქონდა მოგებული მატჩი პორტუგალიაში, მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში შანსი აქვს მესამედ მიაღწიოს ლუზიტანების მიწაზე წარმატებას – “ბორუსიამ” ერთი წლის წინ ევროპა ლიგაზე “პორტუს” (1:0) აჯობა, ხოლო მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონში, “სპორტინგს” მოუგო (2:1).

“დორტმუნდმა” ჯგუფურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის გოლები (21) გაიტანა. მათგან 10 კი, გასვლაზე. მათ შორის 6 პირველ ტურში, “ლეგიას” კარში შეაგდო.

საერთო ჯამში, ტომას ტუხელის გუნდმა შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ევროსარბიელზე სტუმრად თერთმეტიდან მხოლოდ 2 თამაში წააგო – 7 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

გზაჯვარედინი – მწვრთნელები და ფეხბურთელები

“ბენფიკას” მცველ ელიზეუს “დორტმუნდის” კარში გოლი აქვს გატანილი. როდესაც პორტუგალიელი “მალაგაში” თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში “სიგნალ იდუნა პარკზე” ესპანელები 2:1 დააწინაურა. თუმცა, “ბორუსიამ” მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა.

იგივე ელიზეუმ ევრო 2016ის მეოთხედფინალში პოლონელი ლუკაშ პიშჩეკი დაამარცხა.

ანდრე შურლეს ჟულიო სეზარის კარში დუბლი აქვს შესრულებული – 2014 წლის მუნდიალზე გერმანია ბრაზილიის მატჩში. იმავე თამაშში მონაწილეობა მარიო გიოტცემაც მიიღო.

იმავე შურლეს “ბენფიკას” კარშიც გაუტანია – 2013 წელს “ლევერკუზენის” მაისურით. იმავე შეხვედრაში ითამაშა გონსალო კასტრომ, ხოლო ლისაბოლენთა მხრიდან მოედანზე იყვნენ ლუიზაო, ანდრე ალმეიდა, ჟარდელი და ედუარდო სალვიო.

გონსალო კასტრომ “ლევერკუზენისა” და “ბენფიკას” (0:0) მატჩშიც ითამაშა 2014-2015 წლების სეზონში.

ჟონასმა “ვალენსიას” რიგებში “ლევერკუზენს” მოუგო (1:2, 3:1) 2011-2012 წლების სეზონში. იმ “ბაიერის” ღირსებას გონსალო კასტრო და ანდრე შურლე იცავდნენ.

სებასტიან როდე თადარიგში იყო შარშან, “ბაიერნისა” და “ბენფიკას” მატჩის დროს.

ლიუბომირ ფეისას “ოლიმპიაკოსის” რიგებში “დორტმუნდთან” 2011-2012 წლების სეზონში აქვს წაგებული (0:1).

კოსტას მიტროღლუს გერმანიის მოქალაქეობაც აქვს და თავის დროზე “დუისბურგისა” და “გლადბახის” აკადემიაში აქვს ნათამაშები.

რაფა სილვამ და რაფაელ გეურეირომ მატიას გინტერის გერმანიის 21-წლამდე ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5:0 გაიმარჯვეს.

ერთად უთამაშიათ

კოსტას მიტროღლუ, სოკრატის პაპასტატოპულოსი და ანდრეას სამარისი (საბერძნეთის ნაკრები).

ელიზეუ, გონსალო გუედეში, რაფა სილვა და რაფაელ გუერეირო (პორტუგალიის ნაკრები).

“ბენფიკა” – “დორტმუნდი”

14 თებერვალი, 23:45 საათი

ლისაბონი, “და ლუჟი”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111546