ფეხბურთი

14:19 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: “აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს, მოედანს უფრო ძლიერი დავუბრუნდები”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ურალის” შემტევმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც მუხლის მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ რუსული კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღდგენითი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია.

“აღდგენითი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილები არიან ექიმი და ფიზიოთერაპევტიც. ასე რომ, უკვე სირბილი და გარკვეული ვარჯიშების შესრულებაც შემიძლია. სატრენაჟორო დარბაზში ყოველდღიურად 6-7 საათს ვატარებ და მინდა მოედანს მალე დავუბრუნდე. ფეხი ნორმალურ მდგომარეობაშია და ტკივილი აღარ მაწუხებს, თუმცა მოვლენების დაჩქარება და გარისკვა არ ღირს. გუნდს მაშინ შევუერთდები, როცა 100 პროცენტით მზად ვიქნები. გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მე ხომ მათთვის გოლები უნდა გავიტანო!

ემოციური თვალსაზრისით, ფეხბურთის გარეშე ყოფნა იმდენად რთულია, სიტყვებით გამოხატვა არ შემიძლია. ამასთან გამკლავებაში ძალიან მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. ვიმედოვნებ, ღმერთის წყალობით, მალე ყველაფერი უკეთ იქნება.

როცა ტრავმა მივიღე, არ მეგონა ოპერაცია და 6-7-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია და სპორტში ასე ხდება. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ეს დაემართა. ჩემს თავს პირობას ვაძლევ, რომ როცა მოედანს დავუბრუნდები, უფრო ძლიერი და ეფექტური ვიქნები, ვიდრე ადრე” - განაცხადა ჭანტურიამ.

0.168073