News

22:28 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მარტინ კასერესს დაიმატებს

იტალიური "მილანი" ურუგვაის ნაკრების მცველ მარტინ კასერესს იმატებს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 29 წლის სამხრეთამერიკელს ლომბარდიის დედაქალაქში ხვალ ელოდებიან, რის შემდგომაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. თუმცა, წყარო ხელშეკრულების პირობებს ჯერ არ ახმაურებს.

"მილანს" მცველის დამატების აუცილებლობა მას შემდგომ დაუდგა, რაც ერთდროულად დაუშავდა მატია დე შეილიო, დავიდე კალაბრია და ლუკა ანტონელი. კასერესს კი, დაცვაში შეუძლია მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე თამაში. ასევე, ცენტრში.

მარტინ კასერესი ბოლოს ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და იმისმერე უგუნდოდაა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ფეხბურთელი იანვრის დასაწყისში თურქულ "ტრაბზონსფორში" გადადიოდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მის სახელს ბოლო დროს ასევე აქტიურად ფლორენციის "ფიორენტინასაც" უკავშირებდნენ.

საგულისხმოა, რომ მარტინ კასერესს უკვე ერთი წელი არ უთამაშია. ბოლოს მან გასული წლის 3 თებერვალს, "იუვენტუსისა" და "ჯენოას" მატჩში ითამაშა, რომელშიც მძიმე ტრავმა მიიღო.

0.101358