ბლოგი

12:07 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თურქი, რომელიც დავკარგე

ზუსტად იქ, სადაც ახლა მშვენიერი სტადიონი “ალისამიიენია”, ზუსტად იქ, სადაც დღეს “გალათასარაის” გადარეული ქომაგობა გადი-გამოდის, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც მე-15 საუკუნეში არამხოლოდ მაშინდელი ბიზანტიის, არამედ მთელი მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის ბედიც გადაწყდა.
იდგა 1453 წლის გაზაფხული. თურქთა სუთან მეჰმედ II-ს მთელს კონსტანტინეპოლზე ალყა ჰქონდა შემორტყმული და ქრისტიანთა მეციხოვნეები თანდათან ვიწყო რკალში ექცეოდნენ. კონსტანტინეპოლის გარშემო სულთნის სამხედრო ხომალდები მორიგეობდნენ და გამუდმებულად სპობდნენ ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროს აგებულ გალავანს. ამ გალავნის ნაშთებს დღესაც ატყვია მაშინდელი ბრძოლის კვალი და ამით თურქები დიდად ამაყობენ.
თურქებმა ციხის დამცველები პირველად სწორედ “ალისამიიენი” სადაც დგას იმ მხრიდან გატეხეს, იანიჩართა წინ წასულმა რაზმებმა უძილობით გადაღლილი და ცუდი კვებით დაუძლურებული ჯვაროსნების რიგები აკაფეს და აყვავებულ კონსტანტინეპოლს კალიებივით შეესივნენ. საშინელება დატრიალდა მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს დედაქალაქში. ეკლესიებში თავშეფარებულ ხალხს ტაძრებშივე ცეცხლში ბუგავდნენ და როგორც ერთი ისტორიკოსი დარდით გვიამბობს, კონსტანტინეპოლის ვიწრო და დამრეც ქუჩებზე სისხლის მდინარეები მოსჩქეფდა. აი აქედან დაიწყო საქართველოს მუსულმანურ რკალში მოქცევა და ის უბედურებები, რაც თქვენ ალბათ ჩემზე კარგად იცით.
ამ სამი წლის წინ, ბათუმში, ერთ-ერთ ლუდხანაში მეგობრის მიერ გაცნობილმა თურქმა ფეხბურთის ქომაგმა ყურადღებით მოისმინა ჩემი ეს პასაჟი კონსტანტინეპოლის აღების ბატალიებზე, მაშინდელ სისხლიან ამბებზე და მითხრა, რომ მისთვის ახლა, საყვარელი გუნდის სტადიონის ალაგას დატრიალებულ ამბებზე უფრო მნიშვნელოვანია “ალისამიიენზე” “გალათასარაი” მოუგებს თუ არა “ბეშიქთაშს”, რადგან წარსული მხოლოდ წარსულია და მეტი არაფერი.
ეს წლები თურქი ქომაგი სულ მახსოვდა და ყოველთვის ვცდილობდი გამართლება მეძებნა მისი სიტყვებისათვის, რადგან ფეხბურთი ჭეშმარიტად დიდი ფენომენია და ძალიან არ უნდა გავკიცხოთი ისინი, ვისთვისაც ფეხბურთი ყველაფერზე, მათ შორის მათ წარსულზე მაღლაც დგას.
და აი ამ ორი კვირის წინ, როდესაც თბილისში “ზამთრის თასის” სახელწოდების ვეტერან ფეხბურთელთა ტურნირი იმართებოდა, სრულიად შემთხვევით და რაც მთავარია მოულოდნელად, ტრიბუნაზე თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად საგულშემატკივროდ ჩამოსული ის თურქი ქომაგიც დავლანდე.
ვიფიქრე, მივიდოდი და გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა ამის საშუალება არ მომცეს, რადგან ყველა თამაში ერთიმეორის მიყოლებით მშვენივრად ჩაატარეს და ნაცნობი თურქი გულშემატკივარიც ისე კოხტად მიმავიწყდა – თქვენი მოწონებული.
საქართველოსა და უკრაინის ვეტერანთა ფინალურ შეხვედრამდე დიდი შუალედში დრო იყო და მაშინ გადავწყვიტე იმ ნაცნობ თურქთან გამოლაპარაკება, მაგრამ დავიარე “ოლიმპიური სასახლის” ყველა ტრიბუნა და როგორც ჩანს, ფინალში ვერგასულ თურქეთის ნაკრებთან ერთად წასულიყო. მხოლოდ ის მინდოდა შემეხსენებინა, რომ თურქეთის ნაკრების უწინდელი წარმატებებიც წარსულია და მეტი არაფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115277