ჭიდაობა

11:50 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები რუსულ ხალიჩაზე ოქრო-ვერცხლით დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი „ივან პადუბნის" გრან პრის ჩემპიონია. მოსკოვში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მან 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს გზაზე ოთხი რუსი მეტოქე ჩამოიშორა. ფინალამდე ხუსეინ ჟანგურადოვი, ბესლან ასაკალოვი და იმილ შარაფეტდინოვი დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ადლან აკიევს ბოლო წუთზე შესრულებული ორქულიანი ილეთით აჯობა.

ზურაბ დათუნაშვილის ტრიუმფამდე, რუსულ ტურნირზე, კვარცხლბეკზე საქართველოს კიდევ ერთი წევრი რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) ავიდა. რუსი მეტოქეების: ბოგდან ჩურკინის, ევგენი სალეევისა და არტურ სურკოვის ძლევის შემდეგ, ფინალის საგზური მოიპოვა. იქ კი, რუსეთის სახელით მოჭიდავე ოლიმპიურ ჩემპიონთან - დავით ჩაკვეტაძესთან 1:3 დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს სახელით მოსკოვში გიორგი დავითაიამ (66 კგ), საჩინო დავითაიამ (71 კგ), გიორგი დათუნაშვილმა (75 კგ), მინდია წულუკიძემ (75 კგ), ნიკოლოზ კელასოვმა (80 კგ), რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ) და იაკობ ქაჯაიამაც (130 კგ) იჭიდავეს. საჩინო დავითაია რეპეშაჟის ფინალამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ქართულ განაცხადში ვლადიმერ გეგეშიძეც (98 კგ) იყო, მაგრამ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ხალიჩაზე წინასაშეჯიბრო ვარჯიშისას მიღებული ტრავმის გამო ვერ გავიდა.

„ივან პადუბნის" გრან პრიზე 11 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე 1993 წლის შემდეგ პირველად გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124483