ბლოგი

18:42 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციაში სიხარული და მომავლის იმედები დაბრუნდა

დიდი ზეიმი იყო გასულ კვირას ფლორენციაში. “იუვენტუსთან” გამარჯვება” ნებისმიერი კლუბისათვის ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურინული გუნდი ტოსკანაში რომ ეზიზღებათ – ეგეთი უნდა და ერთ რამედ ღირდა იმ ფოტოების ტკბილად თვალიერება, იტალიაში ჩამომდგარი საკმაოდ სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, საამო საცქერი იყო როგორ ზეიმობდა მთელი ფლორენცია და როგორ იქნევდნენ იისფერ დროშებს თმებაფუჩფუჩებული ბებიები.

“აი ახლა თუ გინდათ სულაც სერია “ბ”-ში გავვარდნილვართ” – ეს სიტყვები წლების წინ ჯოვანი ტრაპატონიმ დააბეხვა მაშინ, როდესაც გაბრიელ ბატისტუტას დიდებულებით შემოსილმა “ფიორენტინამ” “იუვენტუსი” დაამარცხა და იშვიათია ასეთი ავი წინასწარნეტყველება, რადგან ამ სიტყვების თქმიდან რამდენიმე წლის შედეგ, გაბანკროტებული და გაპარტახებული ფლორენციული კლუბი არათუ სერია “ბ”-ში, არამედ რანგით მეოთხე ლიგაში გავარდა და სწორედ ამიტომაც არ ღირს “ფიორენტინას” გამარჯვების გამო ზედმეტი სიტყვების ბრახა-ბრუხი. ყველაფერს ხომ სწორედ ზედმეტი სიტყვები აუფასურებს.

შეიძლება გახსოვდთ კიდეც, ამ სამი თვის წინ, ფლორენციელთა პორტუგალიელ მწვრთნელზე, რიკარდო სოუსაზე რომ ვწერდით - თუ სურს სეზონის ბოლომდე დატოვონ, იტალიის მასშტაბით მინიუმ რამდენიმე ძლიერი კლუბი მაინც უნდა დაამარცხოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუტევებენ მას ტიფოზები გუნდის ყოვლად უფერულ თამაშსო. იმას ვერ დავიჩემებთ, სოუსამ ქართული ისწავლა და ჩვენი სურვილი ისმინაო, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელი ორი მატჩი “ფიორენტინამ” ისე კარგად ჩაატარა, რთული დასაჯერებელი იყო, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც გულშემატკივრებს სეზონის სტარტზე თავი მხოლოდ საზიზღარი უხეშობითა და არაფრით გამორჩეული თამაშით დაამახსოვრა.

ახლა გეტყვით რას წერს “ფიორენტინას” ტიფოზერიის ერთ-ერთი ლიდერი და ერთობ საინტერესო კაცი - ბრუნო სერინი. აქვე წინასწარ ბოდიშს მოგიხდით სავარაუდოდ არცთუ სრულყოფილი თარგმანისათვის. ”ევროპა ლიგის კენჭისყრაში ძალიან არ გაგვიმართლა. ამას თან დაერთო “იების” დუნე თამაშიც და ბევრ ჩვენს ძმას – ტიფოზს ეგონა, რომ წლევანდელი საფეხბურთო სეზონი უბრალოდ უნდა დაგვევიწყებინა და მხოლოდ მომავალ, 2017-2018 წლების საფეხბურთო სეზონისათვის გველოდა. მე ვერ ვიტყვი, რომ უიმედოდ განწყობილ ჩვენს ქომაგებს ამის მიზეზი არ ქონდათ.Mდიახ, მე მესმის მათი! მაგრამ, “იუესთან” გამარჯვებამ ყველაფერი შეცვალა და ჩვენ უკვე იმის იმედიც გვაქვს, რომ ევროპა ლიგაზეც წინ გადავდგამთ ნაბიჯებს. დაიმახსოვრეთ – ეს გამარჯვება გარდამტეხი იქნება!” – წერს ფლორენციელთა ბედნიერი ტიფოზი.

ზემოთ მიყვანილი სიტყვებითაც ნათლად ჩანს, რომ ფლორენციაში საფეხბურთო იმედები დაბრუნდა და მომავალ მატჩებში სოუსას გუნდისგან შესაძლოა მართლაც დიდი ინტრიგა წამოვიდეს. მით უმეტეს, რომ სერია “ა”-ს მრავალ ლიდერთან შეხვედრა ჯერ კიდევ წინაა. გამორჩეულად საინტერესოა რა მოხდება 7 თებერვალს რომში, “რომასა” და “ფიორენტინას” შეხვედრაში.

ისე მოხდა, რომ ამ მატჩს მეც უნდა დავესწრო და იმედია ეს სწორედ ის თამაში იქნება, რომლის თქვენთვის მოყოლასაც სიამოვნებით ვიდებ თავად. ჯერ თებერვლის დასაწყისამდე მინიმუმ ორი კვირაა და აქვე გპირდებით, რომ რომაულ-ფლორენციულ ამბებს (და არამხოლოდ ზემოთაღნიშნული მატჩის პერიპეტიებს) ცალკე და სულ წვრილად გიამბობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114213