ფეხბურთი

2:27 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “გრან კანარიაზე” დაზავდნენ

ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის გახსნითი შეხვედრა “გრან კანარიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ლას პალმასი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუხვდა და გალისიაში ქულა გაატანა.

“დეპორტივო” ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად ათამაშდა და უკანასკნელ 6 მატჩში მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო - ისიც მადრიდის “რეალთან” ბოლო წამებზე. “ლას პალმასმა” კი პირიქით, შესანიშნავი სტარტის შემდეგ აშკარად მოუკლო და ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა – აუტსაიდერ “ხიხონთან”.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და უჩვეულო რამ 47-ე წუთზე მოხდა: შეხვედრა მოედნის ცენტრში ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, რა დროსაც, მოულოდნელად საწყავი სისტემა ჩაირთო და ფერნანდეს ბორბალანს დაახლოებით ერთი წუთით მატჩის შეჩერება მოუწია.

“ლას პალმასი” მთელი მატჩის განმალობაში უპირატესობას ფლობდა. როგორც ხშირად ხდება, ბურთს მეტოქეზე ხშირად აკონტროლებდა და მომენტებსაც ბევრს ქმნიდა, თუმცა რეალიზებაში მოიკოჭლებდნენ და მხოლოდ ქულის მოპოვება მოახერხეს.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-6 წუთზე ჟემისლავ ტიტონმა მარკო ლივაიას რთული ბურთი აუღო. მომდევნო შეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა და მე-13 წუთზე მატეო ეზეკიელ გარსიამ ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში კანარელებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა.

მეორე ტაიმიც კიკე სეტიენის შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი აურიათ: 69-ე წუთზე ემრე ჩოლაკმა შესანიშნავი გრძელი გადაცემით ფლორინ ანდონე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ლა ლიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშე მშვენივრად გაისარჯა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

77-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა აიტამიმ მეორე გაფრთხილება მიიღო და “ლას პალმასი” 10 კაცით დარჩა, რითაც “დეპორტივომ” ისარგებლა და თავადაც მოიცალა შეტევისთვის. 85-ე წუთზე მათ გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ანდონემ ხეირიანად ვერ დაუხვდა ბურთს და მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.

პირველი წრე “ლას პალმასმა” 25 ქულით დაასრულა და მე-10 ადგილზეა, ხოლო “დეპორტივო” 19 ქულით მე-15 საფეხურს იკავებს.

ლას პალმასი – დეპორტივო 1:1 (1:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ლემოსი, აიტამი, მიჩელი, ჰ.ლოპეში, მონტორო, მესა, ვ.გომესი, მომო (ტანაუსუ 80), მ.ე.გარსია (ბ.რამირესი 89), ლივაია (ელ ჟარი 85).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

დეპორტივო (4-4-2): ტიტონი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, გილერმე, ბორგესი, ჩოლაკი, ლუისინიო (მ.მორენო 80), ხოსელი (პინჩი 92), ანდონე.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 მ.ე.გარსია (13), 1:1 ანდონე (69)
გაფრთხილებები: აიტამი – ხოსელუ
გაძევება: აიტამი (77)
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162333