ფეხბურთი

2:11 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეკორდმაისტერის" მარტივი ფორმულა: როცა რობერტი იტანს, "ბაიერნი" იმარჯვებს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგა ერთთვიანი პაუზის შემდგომ განახლდა. 2017 წლის სასტარტო მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ჩემპიონატის ლიდერი “ბაიერნი” “ფრაიბურგს” ეწვია და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.

მთლიანობაში “ბაიერნს” სამი ქულა ადვილად არ მოუპოვებია და რომ არა ბოლო წუთებში მის მხარეს მდგარი ფორტუნა და პირვლ ყოვლისა დიდებული რობერტ ლევანდოვსკი, არავინ იცის, როგორ დაიწყებოდა მიუნხენური გიგანტისთვის წელი. შეხვედრის მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როცა კრისტიან შტრეიხის გუნდმა ჩინებული შეტევა წამოიწყო, ბედად მატს ჰუმელსიც ცუდად გაისარჯა და იანიკ ჰაბერერი მანუელ ნოიერთან პირისპირ აღმოჩნდა, გატანა კი, არ გასჭივრებია. “ფრაი” კარგად ირჯებოდა მთელი პირველი ტაიმი და წესით მოიგებდა კიდეც პირველ ნახევარს, მაგრამ 35-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დუგლას კოშტას კუთხურს ჩინებული გოლი მოაყოლა – 1:1.

მეორე ტაიმში “ბაიერნმა” უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა, ვერც ანჩელოტის გაკეთებულ ცვლილებებს მოჰქონდა შედეგი, მაგრამ მოედანზე ხომ ლევანდოვსკი იყო... პოლონელმა მსაჯის კომპესირებულ წუთზე ფანტასტიკური გოლი გაიტანა – ფრანკ რიბერის პასი დიდებულად დაამუშავა და ეშმაკურად გადაგზავნა შვოლოვის კარში. ეს ნიშნავდა, რომ “რეკორდმაისტერმა” მორიგი სამი ქულა მოიპოვა. სხვათა შორის, ლევანდოვსკიმ “ბაიერნში” ჩატარებულ 80 მატჩში 60 გოლის გატანა შეძლო და ამდენჯერ მეტოქეთა კარი ასე მოკლე დროში მიუნხენელთა არცერთ ფეხბურთელს დაულაშქრავს. ისიც საგულისხმოა, რომ ბოლო 38 თამაშიდან, რომელშიც პოლონელმა გოლი შეაგდო, ყველა მოიგო...

მიუნხენურ გუნდს 17 ტურის თავზე 42 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან “ლაიპციგთან” სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა. თუმცა, “რედ ბული” თავის შეხვედრას შაბათს, “აინტრახტთან” გამართავს.

“ფრაიბურგი” – “ბაიერნი” 1:2 (1:1) VIDEO

ფრაიბურგი, “შვარცვალდ შტადიონი”

მაყურებელი: 24 000

“ფრაიბურგი” (4-4-2): შვოლოვი, შტენცელი (კუბლერი 83), გულდე, მოია, გუნტერი; ფილიპი, ჰოფლერი, ფრანტცი, გრიფო; ჰაბერერი (ონურ ბულუტი 80), ნიედერლეჩნერი (პეტერსენი 70)

მწვრთნელი: კრისტიან შტრეიხი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (ბერნატი 71); ვიდალი (კიმიხი 55), ალონსო; რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა (რიბერი 71); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 ჰაბერერი (4), 1:1 ლევანდოვსკი (35), 1:2 ლევანდოვსკი (90)

გაფრთხილება: ჰაბერერი (74), შვოლოვი (84) - ალონსო (31), დუგლას კოშტა (48)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 13 (5) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 1:11 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მანუელ გრაფე

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 14, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 13, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) - 9, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 9.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120599