სხვა

23:00 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პროცესი გრძელდება

დღეს, 20 იანვარს პარკ-სიტიში (აშშ), ამერიკის ეროვნულ კინოფესტივალზე აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც რუსეთში დოპინგის მასობრივი გამოყენების საკითხებს ეძღვნება. ფილმის ავტორების თქმით, კამერების წინ ფართო კომენტარით პირველად წარსდგება მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორ როდჩენკოვი. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგანტოს (WADA) ინფორმატორი, რომელმაც 2016 წლის იანვარში დატოვა რუსეთი და თავი ამერიკას შეაფარა, ფილმში დეტალურად ჰყვება რუსეთის სპორტში დოპინგით მანიპულაციის მასშტაბებზე და მის პირად როლზე ამ საქმეში. როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ახალი მამხილებელი განცხადებების შემდეგ, როდჩენკოვი რუსეთის ხელისუფლებისთვის მართლაც შეიძლება იქცეს "ნომერ პირველ მტრად." სწორედ როდჩენკოვის მიერ ამერიკული მედიისთვის და WADA-სთვის შარშან მიცემული კომენტარების და ჩვენებების შემდეგ აგორდა ყველაზე მასშტაბური დოპინგსკანდალი, რომელსაც ასეულობით სპორტსმენის დისკვალიფიკაცია და მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა და არა მარტო რუსეთის სპორტისთვის.

პროცესი ჯერ არ დასრულებულა და, შესაძლოა, კიდევ არაერთი სკანდალური ამბის მოწმენი გავხდეთ. პირველ ყოვლისა, ვგულისხმობთ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით WADA-ს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სოკ-მა 28 რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე აღძრა, ასევე გამოაცხადა, რომ გადამოწმდება თითოეული იმ რუსი სპორტსმენის სინჯი, რომლებიც 2010, 2012 და 2014 წლების ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ.

Aამას მოჰყვა 19 ქვეყნის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოების ერთობლივი მოწოდება საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსი სპორტსმენების მოკვეთის და რუსეთის ტერიტორიაზე ამგვარი შეჯიბრებების აკრძალვის თაობაზე. ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში რუსი სპორტსმენების მონაწილეობა. მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამორიცხავს თავად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი. მან "რია-ნოვოსტისთან" ინტერვიუში ისაუბრა ასეთი საფრთხის რეალურობაზე, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქმე აქამდე არ მივა.

ამასობაში, ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირს (IBU) დოპინგის წინააღმდეგ ზომების რადიკალურად გამკაცრების წინადადებით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის 170-მა სპორტსმენმა. ისინი მოითხოვენ:

- შესაბამისი ქვეყნის ბიატლონის ფედერაციის დაჯარიმებას მილიონი ევროთი (დღეისათვის ჯარიმა 200 ათასი ევროა);

- ანტისადოპინგო წესების დარღვევაში ეჭვმიტანილი სპორტსმენები არ დაუშვან საერთაშორისო შეჯიბრებებში, ვიდრე მათი საქმეები არ დაიხურება;

- ფინანსური კომპენსაციის შემოღებას იმ ბიატლონისტებისთვის, რომლებიც დამარცხდნენ "ჭუჭყიან" მეტოქეებთან და ამის გამო ვერ მოხვდნენ პრიზიორთა შორის და ა.შ.

21 იანვარს დანიშნულია IBU-ს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა, სადაც სპორტსმენების პეტიციასთან ერთად განიხილავენ WADA-ს კომისიის დასკვნაში მოტანილ მასალებს რუსეთში დოპინგის მასობრივი გამოყენების შესახებ (სხვათა შორის, ამ კომისიის დასკვნაში მოხსენიებულია 31 რუსი ბიატლონისტი, რომლებსაც ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საშუალება ექნებათ წარსდგნენ IBU-ს აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე). IBU-ს კომიტეტის საგანგებო სხდომამ, WADA-ს წინადადებით, ასევე უნდა იმსჯელოს ბიატლონისტთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის რუსულ ტიუმენში ჩატარების მიზანშეწონილებაზე. WADA მიიჩნევს, რომ ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა ტიუმენს კოდექსის დარღვევით მიანიჭა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი და სწორედ ამასთან დაკავშირებით მოსთხოვა შესაბამისი განმარტებები.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115536