კალათბურთი

20:59 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გულშემატკივართა ინტერნეტ-გამოკითხვა დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. ოლ სტარის მატჩი-აქცია, რომელსაც ტრადიციულად ჩატენვებისა და სამქულიანი სროლების კონკურსებიც ახლავს, 28 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულები ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ წევრებს მწვრთნელები დაასახელებენ.

ოლ სტარში მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგნაირი პრინციპით დაიყო: თბილისი VS რეგიონები. შესაბამისად, სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდი რეგიონალური პრინციპით დაჯგუფდნენ: ერთი მხრივ, „დინამო“, „ოლიმპი“, „კაკტუსი“ და „,მგზავრები“, ხოლო, მეორე მხრივ - „რუსთავი“, „ქუთაისი“, „ბათუმი“ და „სოხუმი“.

გამოკითხვაში, რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დაიწყო, თბილისისა რეგიონების გუნდები ცალ-ცალკე არიან დაჯგუფებული. ინტერნეტ-გამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. გამოკითხვა 26 იანვარს, 18:00 საათზე დასრულდება და იმ მომენტისთვის თითოეული გუნდის საუკეთესო 5 მოთამაშე ოლ სტარის სასტარტო ხუთეულში ადგილს მოიპოვებს.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 6 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც გასული წლის გამარჯვებული დაემატება. საუკეთესონი ჩაგდებული სამქულიანების პროცენტულობით შეირჩევიან მას შემდეგ, რაც 22 იანვარს სუპერლიგის წინა წრის გადადებული მატჩები გაიმართება. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

გამოკითხვა დაწყებულია და გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და საკუთარ ფავორიტებს ყველა ვარსკვლავის მატჩისკენ მიმავალ გზაზე მხარი ყოველდღიურად დაუჭირონ.

superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157568