ძიუდო

15:44 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ძიუდოს რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

სამგორის რაიონში, ილია ბაბუციძის ქუჩაზე მდებარე კლუბ "განთიადში" ძიუდოს რეაბილიტირებული დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა. დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე დარბაზში 6-დან 18-წლამდე ასაკის 60 სპორტსმენი გამოცდილი მწვრთნელის, ლევან ბიგანიშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

დარბაზი ძიუდოს ეროვნული ფედერაციისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის დახმარებით კი საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. დღესვე ახალგაზრდა სპორტსმენებმა მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს კიმონოები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ახალგაზრდა ძიუდოისტებს კარგი საჩუქარი გაუკეთა ძიუდოს ფედერაციამ და კერძო მეწარმემ. ეს კერძო ბიზნესის, ფედერაციისა და ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობის კარგი მაგალითია. მსგავსი პროექტები ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ასეთი პროექტები იძლევა ჯანსაღი თაობის გაზრდის შესაძლებლობას. ამ ბავშვებს შორის დარწმუებული ვარ, მომავალი ჩემპიონებიც არიან".

დავით ქევხიშვილი: „ ეს არის დაახლოებით 30-ე დარბაზი, რომელსაც კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით და სამინისტროს დახმარებით ვაშენებთ, ან რეაბილიტაციას ვუტარებთ. ეს პროცესი სპორტში მასობრიობის გაზრდას ემსახურება და დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მოგვიტანს".

ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ თბილისსა და რეგიონებში 30-მდე ახალი დარბაზი მოაწყო, სადაც ასობით ბავშვი გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობით ემზადება. ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და კიდევ არაერთი დარბაზი მოეწყობა - ზოგიერთ რეგიონში ძველი შენობის რეაბილიტაცია მოხდება, ზოგან კი ახალი დარბაზი აშენდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149063