სხვა

23:41 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული ვიზიტი: ჩინეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი ლოზანაში ჩავიდა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან მოლაპარაკება გამართა. ეს არის უდიდესი აზიური ქვეყნის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი სოკ-ში. მოლაპარაკების პირველი რაუნდი შედგა ჩინეთის ლიდერის საპატივცემლოდ მოწყობილ ვახშამზე, მეორე დღეს კი პრიზიდენტებმა საუბარი გააგრძელეს საერთაშორისო ოლიმპიურ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჩინეთსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ეს თამაშები 2022 წელს პეკინში გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ პეკინია პირველი ქალაქი, რომელსაც ზაფხულისა (2008) და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პატივი ერგო. როგორც პრეზიდენტმა სი ძინ პინმა აღნიშნა, ის პირადად ჩართულია მზადების პროცესში, რათა პეკინის ზამთრის ოლიმპიადა წარმატებული იყოს.

ამავე დროს, ჩინელებმა ამოცანად დაისახეს გაზრდილი ყურადღება დაუთმონ ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებას. 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილია 500 საციგურაო სტადიონის და 240 სამთო-სათხილამურო ტრასის მოწყობა და ზამთრის სახეობებში დამატებით ათეულობით მილიონი ადამიანის ჩართვა.

"ჩინეთსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის ჩამოყალიბდა საუკეთესო საქმიანი ურთიერთობა სხავადასხვა დონეზე, - აღნიშნა თომას ბახმა, - ჩინეთის მეთაურის ისტორიული ვიზიტი სოკ-ში კიდევ ერთი დადასტურებაა ჩინელ ხალხთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობისა."

თავის გამოსვლაში სი ძინ პინმა ისაუბრა ჩინეთისთვის სპორტის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეროვნული განვითარების გეგმაში სპორტული მოძრაობის განსაკუთრებულ როლზე: "მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მისმა პრეზიდენტმა თომას ბახმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინეთში არა მხოლოდ ოლიმპიური მოძრაობის, არამედ მთლიანად სპორტის განვითარებაში, რისთვისაც გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ."

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სტუმარ-მასპინძლებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, პრეზიდენტ სი ძინ პინს წარუდგინეს მუზეუმში დაცული ჩინეთის ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებული ექსპონატები.

საერთაშორისო მედიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვედრის დროს, სავარაუდოდ, საუბარი ასევე შეეხებოდა სოკ-ის ბოლოდროინდელ გახმაურებულ გადაწყვეტილებას დოპინგთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ანტისადოპინგო წესებზე დაყრდნობით და სოკ-ის სადისციპლინო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე 8 სპორტსმენის დისკვალიფიკაციის და მათი შედეგების ანულირების თაობაზე. ახალი მეთოდოლოგიით ჩატარებული დოპინგ-სინჯების ანალიზის შედეგების მიხედვით, დისკვალიფიცირებულთა შორის მოხვდა 3 ჩინელი ძალოსანი ქალი, რომლებმაც სწორედ პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღეს ოქროს მედლები: სეისია ჩენი (48 კგ), ჩუნხონ ლიუ (69 კგ), ლეი ცაო (75 კგ). ამის საპასუხოდ, ჩინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაიწყო სოკ-ის დასკვნაში მოცემული მასალების დეტალური გამოძიება.

geonoc.org.ge

0.108851