ჭადრაკი

20:49 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენიორებში ჩემპიონები გამოვლინდნენ

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკე ქალებსა და მამაკაცებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა. ამ ტურნირში 10 ქალი და 37 მამაკაცი მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ქალთა შორის 6 ქულით პირველი ადგილი საერთაშორისო დიდოსტატმა ციალა ქასოშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე 5 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი გავიდა. ამ მოჭადრაკეებმა შესაბამისად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს, რომელსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დააფინანსებს. ჩემპიონს უფლება აქვს, თვითონ შეარჩიოს, სად იასპარეზებს. 4,5-4,5 ქულა დააგროვეს გიული ალიხანაშვილმა და მარგალიტა თანდაშვილმა. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილი ალიხანაშვილს ერგო.

უაღრესად დაძაბული გამოდგა მამაკაცთა ტურნირი, სადაც ბოლო ტურის წინ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სენიორებს შორის გიორგი ბაღათუროვი, გიორგი ხომერიკი და გივი გოგიჩაიშვილი ლიდერობდნენ. ბოლო ტურში ბაღათუროვი და გოგიჩაიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ფრეზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება ხომერიკს, მან დაძაბულ ბრძოლაში მიხეილ ჭიპაშვილს მოუგო და 6 ქულით საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობის საგზურიც მოიპოვა. 5,5-5,5 ქულით შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები გოგიჩაიშვილმა და ბაღათუროვმა დაიკავეს. მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატის საგზური არ გათამაშებულა.

როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში პირველ-მესამე ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი სინჯის მედლების გარდა 500, 300 და 200 ლარი გადაეცათ.

11-21 აგვისტოს სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატს - ბარსელონა (ესპანეთი), ხოლო 6-19 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატს ექუი ტერმე (იტალია) უმასპინძლებენ.

0.114196