ავტოსპორტი

0:13 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„პეჟომ“ დაკარის კვარცხლბეკი დაიპყრო

დაკარის რალი მარათონი „პეჟოს“ გუნდს აბსოლუტური ტრიუმფით დასრულდა. გარდა იმისა, რომ ფრანგული გუნდის ლეგენდარულმა პილოტმა, დაკარის აწ უკვე 13-გზის გამარჯვებულმა, „მისტერ დაკარის“ მეტსახელით ცნობილმა სტეფან პეტერანსელმა მოიგო, კვარცხლბეკზე დანარჩენი ორი ადგილიც „ლომების“ ეკიპაჟებმა დაიკავეს.

რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა მეორე ადგილი დაიკავა. არადა მთელი რბოლის განმავლობაში, პეტერანსელს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და ბოლო სპეცმონაკვეთიც მან მოიგო. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვებულს 5 წუთით და 13 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი სირილ დესპრემ დაიკავა, რომელიც გამარჯვებულს დაახლოებით 33 წუთით ჩამორჩა.

პეტერანსელმა დაკარის რბოლა ზედიზედ მეორედ მოიგო. ისე კი, ავტომობილების კლასში ამ მარათონულ რბოლაში უკვე შვიდჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული. ექვსი ტიტული მას მოტოციკლების კლასში აქვს მოგებული. „პეჟოს“ სამივე ეკიპაჟი, სპეციალურად ამ რბოლისთვის მომზადებული „პეჟო 3008 DKR-ით“ ასპარეზობდა.

„ტოიოტას“ ნანი რომამ და გინიელ დე ვილიერსმა შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. მეექვსეზე კი „მინის“ ორლანდო ტერანოვა გავიდა. ბრიტანული კომპანიის გუნდი დაკარზე ადრე დომინანტი იყო, თუმცა შემდეგ მოწინავეობა „პეჟოს“ დაუთმო. „მინის“ ეკიპაჟებს დაკარი 2012-2015 წლებში, ზედიზედ ოთხჯერ აქვთ მოგებული. მანამდე რალი მარათონზე „ფოლკსვაგენის“ (2009-2011 წლებში) და „მიცუბიშის“ გუნდები დომინირებდნენ. ამ უკანასკნელის მოდელ „პაჯეროს“ დაკარი ზედიზედ შვიდჯერ აქვს მოგებული.

მოტოციკლების კლასში გამრჯვებული „KTM 450 რალით“ მოასპარეზე სემ სანდერლენდი გახდა, სატვირთო ავტომობილებში „კამაზ-ის“ ეკიპაჟმა გაიმარჯვა, კვადროციკლებში კი ყველაზე სწრაფი, „იამაჰა რეპტორ 700-ით“ მოასპარეზე სერგეი კარიაკინი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162246