ავტოსპორტი

22:16 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ბოტასთან კონტრაქტი გააფორმა

მოსახდენი მოხდა - ვალტერი ბოტასი ახალი სეზონიდან „მერსედესში“ გადაინაცვლებს, სადაც მსოფლიო ჩემპიონ ნიკო როსბერგის ადგილს დაიკავებს. ეს ინფორმაცია თავად გერმანულმა გუნდმა და ფინელმა პილოტმა დაადასტურეს. უფრო ადრე კი ეს ინფორმაცია „უილიამსმა“ გაავრცელა, რომელშიც ბოტასი აქამდე ირიცხებოდა.

იმავდროულად, „უილიამსმა“ დაადასტურა, რომ გუნდს ფელიპე მასა დაუბრუნდება, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს, თავისი ფ1-ის კარიერა დაასრულა. ბრიტანულ გუნდში მასას თანაგუნდელი კანადელი ახალბედა ლენს სტროლი იქნება.

„ძალიან საინტერესო დრო დამიდგა. დრო დამჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდება. ოცნება ამისრულდა. მე ხომ ასეთი დიდებული წარსულის მქონე გუნდის წევრი გავხდი, რომელსაც ბოლო წლებში ბადალი არ ჰყავს. ძალიან ვამაყობ ამით და „მერსედესში“ ყველას მადლიერი ვარ, ვინც ჩემს შესაძლებლობებს ენდო და მე ასეთი შანსი მომცა“, - ამბობს ბოტასი, ვისაც 2013 წლიდან მოყოლებული, თავისი ფორმულა 1-ის კარიერა „უილიამსში“ აქვს გატარებული.

27 წლის ბოტასმა „უილიამსის“ ბოლიდით ასპარეზობისას, სულ ცხრაჯერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და ჯერ არც რბოლა არ მოუგია და არც პოულიდან აუღია სტარტი. თუმცა, „მერსედესთან“ ერთად, ყველაფერი წინ აქვს.

0.116752