ფეხბურთი

10:59 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის თასი - ჯგუფური ეტაპი დასრულდა

14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების ბოლო, „დ“ ჯგუფის მატჩები გაიმართა და ნახევარფინალის მონაწილე ყველა გუნდი გაირკვა.

ჯგუფის პირველ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ „სამტრედიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:8 დამარცხდა. აჭარელთა მხრიდან გოლები ზურაბ არზიანმა, ლევან საბაძემ, სანდრო გურულმა და ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანეს. იმერელთა შემადგენლობიდან კი გოლებით გიორგი დათუნაიშვილი (2), დავით რაჟამაშვილი (2), დავით ჯიქია (3) და გია მანჯგალაძე გამოირჩნენ.

მომდევნო მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ტყიბულის „მეშახტე“ და თბილისის „დინამო“ წარსდგნენ. დედაქალაქელებმა მეტოქე 11:1 დაამარცხეს. პოკერი ბაჩანა არაბულმა გაიფორმა, საბა ლობჟანიძემ და გიორგი ზარიამ ჰეთთრიკი შეასრულეს, თითო გოლი კი, გიორგი პაპუნაშვილისა და ნიკა ნინუას ანგარიშზეა. იმერელთა მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი გიორგი ლობჟანიძე გახდა.

თბილისის „დინამომ“ ტურნირის მეორე შეხვედრაც დიდი სხვაობით 19:4 მოიგო. ამჯერად დინამოელთა მეტოქე ქობულეთის „შუქურა“ გახლდათ. მეტოქემ ერთი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ექვსი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა, სამი ბაჩანა არაბულმა, ორ-ორი ოთარ კიტეიშვილმა, საბა თავაძემ და გიორგი ზარიამ, თითო ბურთი კი გიორგი თევზაძის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ბაქარ ქარდავას ანგარიშზეა. ქობულეთელთა მხრიდან დუბლი ზურაბ არზიანმა და ლევან საბაძემ შეასრულეს.

დაძაბული გამოდგა იმერული დერბი. ტყიბულის „მეშახტემ“ „სამტრედიას“ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც 6:3 დამარცხდა. სამტრედიელთა მხრიდან გოლები გიორგი დათუნაიშვილმა (3), გია მანჯგალაძემ (2) და დავით ჯიქიამ გაიტანეს. ტყიბულელთა მხრიდან კი, გიორგი ყურულაშვილი, მარტინს ნკვანკვო და გიორგი კაშია გამოირჩნენ.

ჯგუფის მომდევნო შეხვედრაში „მეშახტე“ „შუქურას“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 13:4 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან მეტოქის კარი მარტინს ნკვანკვომ (6), გივი ბრეგაძემ (2) მურად აფხაზავამ (2), ბექა ქართველიშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ და გიორგი კაშიამ აიღეს. ქობულეთელებმა იმერლებს სანდრო გურულის დუბლითა და კობა შალამბერიძისა და ირაკლი კლიმიაშვილის თითო გოლით უპასუხეს.

„დ“ ჯგუფის გადამწყვეტ და ამავე დროს ზოგადად ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „სამტრედია“ და თბილისის „დინამო“ გაეჯიბრნენ. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, საბოლოოდ კი თბილისელებმა 9:4 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს. „დინამოს“ რიგებიდან ყველაზე მეტი, ოთხი გოლი, კვლავ საბა ლობჟანიძემ გაიტანა. თითო ბურთი კი, ბაჩანა არაბულის, გიორგი პაპუნაშვილის, გიორგი ზარიას, ოთარ კიტეიშვილისა და ბაქარ ქარდავას ანგარიშზეა. რაც შეეხებათ სამტრედიელებს, მათი მხრიდან თავი დავით ჯიქიამ, დავით რაჟამაშვილმა, გიორგი დათუნაიშვილმა და გია მანჯგალაძემ გამოიჩინეს.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება თბილისის „დინამომ“ მოიპოვა. დედაქალაქელებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს და 9 ქულა დააგროვეს. ნახევარფინალში დინამოელთა მეტოქე ბათუმის „დინამო“ იქნება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი, ერთმანეთს „გაგრა“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. მატჩები 15 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109469