ავტოსპორტი

17:09 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძანარდი: ფ1-სთვის საუკეთესო ვარიანტია როსი „მერსედესში“

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, CART-ის სერიის და პარალიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი, იტალიელი ალექს ძანარდი თვლის, რომ ფორმულა 1-სთვის უმჯობესი იქნება, თუ „მერსედესის“ ფ1-ის გუნდში, ჩემპიონ ნიკო როსბერგის ადგლს, მოტორ GP-ს ლეგენდა ვალენტინო როსი დაიკავებს. ეს ფ1-ის ტელერეიტინგებს მკვეთრად გაზრდის. თუმცა ძანარდის ესმის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

როსბერგმა ფორმულა 1-დან წასვლის შესახებ, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან მეორე დღესვე გამოაცხადა, რამაც „მერსედესს“ გაუთვალისწინებელი პრობლემა შეუქმნა. საქმე ისაა, რომ სამქიმიანებს გამოცდილი და სწრაფი პილოტის მიწვევა სურთ, როგორებიც იმ მომენტში ფ1-ში კონტრაქტებით დაკავებულები იყვნენ. გუნდ გადაწყვეტილების გამოქვეყნებას მიღებას არ ჩქარობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, როსბერგის ადგილზე, „უილიამსიდან“ ვალტერი ბოტასის გადმოყვანა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამ ვერსიას ის არაოფიციალური ინფორმაციაც ადასტურებს, რომ „უილიამსმა“ პენსიიდან გამოიხმო ფელიპე მასა, რომელმაც ფ1-ის კარიერა დაასრულა.

იტალიურ გაზეთ „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას, ძანარდიმ განაცხადა, რომ როსის უზარმაზარი პოპულარობა, ფ1-ის სატელევიზიო რეიტინგებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწრაფად გამოაცოცხლებს. თუმცა იტალიელ პილოტს, ვინც ორივე ფეხი 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგის ოვალზე რბოლისას მომხდარი კატასტროფისას დაკარგა, კარგად ესმის, რომ როსის ფ1-ში გადასვლა შეუძლებელია.

სხვათა შორის, ძანარდის ამ მოსაზრებას საფუძველი იმ გარემოებამ შეუქმნა, რომ ახლახანს, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ სურს, როსის და რალის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ოჟიეს, „მერსედესის“ ფ1-ის ბოლიდებით ტესტების საშუალება მისცეს. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა სამქიმიანების სარბოლო ავტომობილით ნავარდს საშუალება, სპორტის სხვა სახეობის ვარსკვლავს მიეცემა - ადრე მოტო გრანპრის ვარსკვლავმა ხორხე ლორენსომ, ტესტები 2014 წლის სპეციფიკაციის W05-ით გაიარა.

როსი ახლა 37 წლისა. ადრე რეალურად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის ორი ბორბლიდან ოთხზე გადასულიყო. „ფერარიში“ ტესტებიც რამდენჯერმე გაიარა, თუმცა საბოლოოდ მაინც ორ ბორბალზე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151107