ავტოსპორტი

15:58 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ მეოთხე ადგილით უკმაყოფილო დარჩება

„მაკლარენის“ საოპერაციო დირექტორი ჯონთან ნილი ამბობს, რომ მისი გუნდი უკმაყოფილო დარჩება, თუ მომავალ სეზონში კონსტრუქტორთა თასზე, სამეულში შესვლას ვერ შეძლებს. 2015 წლის სეზონში, როცა „მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავებზე გადავიდა, გუნდმა მხოლოდ მე-9 ადგილის დაკავება შეძლო, გასულ სეზონში კი მე-6 ადგილს დასჯერდა.

წინსვლა ძრავის გამძლეობის გაუმჯობესებამ, სიმძლავრის ზრდამ და კარგმა შასიმ განაპირობა. ფერნანდო ალონსომ და ჯენსონ ბატონმა 76 ქულას მოუყარეს თავი. ისინი მუდმივად ახერხებდნენ ქულების აღებას და ხანდახან კვალიფიკაციის მესამე ეტაპზეც გადიოდნენ. საბოლოოდ, უოკინგელებმა მათ წინ მყოფ „უილიამსთან“ 62 ქულა წააგეს, „ტორო როსოს“ კი 13 ქულით აჯობეს.

ახალი სეზონიდან „ჰონდა“ რადიკალურად ცვლის თავისი აგრეგატის კონსტრუქციას, რაც ნილს იმის იმედს აძლევს, რომ ალონსო და ბატონის შემცვლელი სტოფელ ვანდოორნი მკვეთრად გააუმჯობესებენ გუნდის შედეგებს. ამის შანსს „მაკლარენს“ ახალი რეგლამენტიც აძლევს, რის გამოც, სარბოლო ავტომობილები რადიკალურად შეიცვლება.

„საერთოდ, ყოველთვის მაღალი მიზანი უნდა დაისახო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გაწბილებული დავრჩები, თუ მეოთხე ადგილზე გავალთ. შესაძლოა, ჩვენი მიდგომა ზედმეტად პრაგმატულია, ასეთი დამოკიდებულებით კი პროგრესი რთულია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვწყურია და გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ ეს. ჩვენ გვაქვს გუნდი, რომელსაც ეს შეუძლია და ჩვენ გვყავს პილოტები, რომლებსაც ამის უნარი აქვთ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ შასი და „ჰონდამ“ ძრავი კიდევ უფრო დავხვეწოთ. ახალია აეროდნმიკური პლატფორმა, რაც შეეხება საბურავებს, ამ მხრივ ჯერჯერობით სრული გაურკვევლობაა. ეს ყველაფერი, ჩვენ დამატებით შესაძლებლობას გვიქმნის იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ“, - ამბობს ნილი.

გამარჯვებისთვის არის განწყობილი სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიეც. თუმცა ის დასძენს, რომ ამისათვის გარკვეული დროა საჭირო. „მინდა, პრაგმატული ვიყო და ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნა. 2015-ში მეცხრეზე ვიყავით, გასულ სეზონში მეექვსეზე და ვფიქრობ, მომავალ სეზონში ოთხეულში შესვლას შევძლებთ. გვინდა, რაც შეიძლება მალე შევძლოთ გამარჯვება, თუმცა არც რეალობას უნდა დავშორდეთ. „ჰონდას“ მიდგომით ჩვენი ინჟინრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი ამჯერად აბსოლუტურად შეწყობილად მუშაობენ. ისინი ბევრს შრომობენ. თუმცა ის დრო წავიდა, როცა ახალი აეროდინამიკური ელემენტებით წამის ამოქაჩვა შეიძლებოდა. ახლა დროის ამოსქაჩად, მუდმივი და დაძაბული მუშაობაა საჭირო“, - ამბობს ბუიე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115635