ფეხბურთი

15:04 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯის“ გაფართოებას გეგმავს

The Guardian-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები გუნდის საშინაო არენის გაფართოების ინიციატივით ქალაქის საბჭოს წინაშე წარსდგნენ.

დღეისათვის „სტემფორდ ბრიჯი“ 41 841 მაყურებელს იტევს და გეგმის მიხედვით მისი ტევადობა 20 ათასით უნდა გაიზარდოს. ამჟამინდელი მონაცემებით, „ჩელსის“ სტადიონი პრემიერლიგის გუნდების სტადიონებს შორის ტევადობით მეშვიდე ადგილზეა. ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ოლდ ტრაფორდია“ (76 ათასი მაყურებელი).

„ჩელსის“ სტადიონი „არსენალის“, „მანჩესტერ სიტის“, „ვესტ ჰემის“, „სანდერლენდისა“ და „ლივერპულის“ სტადიონებსაც ჩამორჩება. „არისტოკრატების“ ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის გამოსასწორებლად ახალი სტადიონის აშენებას არსებულის გაფართოება არჩია.

პროექტის ღირებულება 500 მილიონი გირვანქა სტერლინგია, მაგრამ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან გუნდს სამი სეზონის განმავლობაში სხვა სტადიონზე მოუწევს საშინაო თამაშების ჩატარება. „ჩელსის“ ორი ვარიანტი აქვს - „თვიქენჰემი“ და „უემბლი“, რომელიც მომავალი სეზონისთვის „ტოტენჰემს“ აქვს დაკავებული.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის საბჭო „ჩელსის“ გეგმას დააკმაყოფილებს, თუმცა პროექტის განხორციელებას სტადიონის მახლობლად არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა სარკინიგზო ხაზები ართულებს, რომელიც მანევრირებისთვის სივრცეს ამცირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110344