ფეხბურთი

2:17 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: აუტსაიდერების დრამატული ჯახი

დიახ, ატსაიდერებში “ვალენსია” მოიხსენიება. ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი, რომელიც ამჟამად საშინელ დღეშია და თუ სატრანსფერო პერიოდში ხელმძღვანელობამ გონიერება არ გამოიჩინა, ეს კლუბი სეგუნდა დივიზიონში აღმოჩნდება.

“ღამურებს” არანაირი თამაში არ გააჩნიათ. ფეხბურთელებს პერიოდულად თუ გაახსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური კლუბის მაისური აცვიათ და ეპიზოდურად ქმნიან რაღაც ღირებულს, მაგრამ მთლიანობაში მათი თამაში ვერანაირად კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ცხრილშიც აისახება.

“ესტადიო ელ სადარიზე” “ოსასუნასთან” გამართული შეხვედრა სტუმრებმა ისე დაიწყეს, თითქოს დიდი ანგარიშით მოგებას აპირებდნენ: მე-20 წამზე სანტი მინამ 100%-იანი შანსი გააფუჭა, ხოლო ერთ წუთში ელ ჰადადიმ ანგარიში გახსნა. მორჩა, “ღამურები” საშინლად აირივნენ და 5 წუთში მარიო სუარესის სამარცხვინო შეცდომის შემდეგ ორიოლ რიერამ წონასწრობა აღადგინა.

მთლიანობაში, მასპინძლები ბევრად მონდომებულნი იყვნენ, მაგრამ დაბალი კლასი თავისას შვრებოდა და გოლი აქეთ მიიღეს: ტაიმის ბოლოს რიერამ ამჯერად ავტოგოლი გაიტანა.

მეორე ტაიმშიც ბასკები უკეთესნი იყვნენ და 62-ე წუთზე რობერტო ტორესმა ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. გატანილი გოლის შემდეგაც “ლოს ჩე” ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, მაგრამ ლუიშ ნანის შემოვლის შემდგომ პატარა აფეთქება მოაწყვეს და ძალიან ლამაზი კომბინაციის შემდეგ მარტინ მონტოიამ სტუმრები მესამედ გაიყვანა წინ.

“ვალენსიას” დაცვა რომ სამარცხვინოდ თამაშობს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ამას სტატისტიკაც ადასტურებს: 16 მატჩში 32 გაშვებული ბურთი. სტუმართა დაცვა გუნდთან, რომელსაც მხოლოდ 13 გოლი ჰქონდა გატანილი საშინლად გამოიყურებოდა და თითქმის ყველა გააზრებულ შეტევას პანიკა ჰყვებოდა. ვალენსიელები რამდენჯერმე გადარჩნენ და 85-ე წუთზე უკვე აქეთ შეეძლოთ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა: სანტი მინამ პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ დანიელ პარეხომ პენალტი ისე დაარტყა, როგორც მიმდინარე სეზონში გამოიყურება.

გაფუჭებული პენალტისთვის კი, სტუმრები დაისაჯდნენ: 92-ე წუთზე კლერკი და რომერო “ვალენსიას” მცველებს ისე გაუსწორდნენ, თითქოს ლა ლიგის გუნდის მოთამაშეები კი არა, სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელები ყოფილიყვნენ, აღნიშნულმა დუეტმა ხუთი მოთამაშე დატოვა სტატისტის როლში და კლერკმა თავის გუნდს და დამსახურებული ქულა მოუპოვა - 3:3.

“ოსასუნა” 8 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ვალენსია” 13 ქულით მე-17 საფეხურზეა.

სანამ გვიანი არაა, უმჯობესი იქნება “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ მოილაპარაკოს და კლუბის სასიკეთოდ რაიმე გონივრული ნაბიჯი გადადგას, თორემ “ღამურები” აუტსაიდერებს მიეკუთვნებიან, რაც ესპანური ფეხბურთისთვის არანორმალური მოვლენაა.

ოსასუნა – ვალენსია 3:3 (1:2)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (3-5-1-1): მ.ფერნანდესი, უ.გარსია, ი.მარკესი, ოიერი, რ.ტორესი, კაუსიჩი, ი.გარსია, კლერკი, ბერენგუერი, რიერა, ს.ლეონი.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მანგალა, მ.სუარესი, მონტოია, სიკეირა, სოლერი, ე.პერესი, პარეხო, ელ ჰადადი, მინა, როდრიგო.
მწვრთნელი: ვორო

გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1, 1:2 რიერა (7; 45+1), 2:2 რ.ტორესი (62), 2:3 მონტოია (73), 3:3 კლერკი (92)
გაფრთხილებები: ი.მარკესი, ოიერი – მ.სუარესი, პარეხო, მანგალა, ელ ჰადადი, ე.პერესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

86-ე წუთზე პარეხომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144613