ფეხბურთი

2:30 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონა” წაგებას გადაურჩა, მაგრამ მეორე ადგილი დაკარგა

ლა ლიგის მე-17 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. დღის და მთლიანად ტურის ცენტრალური ჯახი “ელ მადრიგალზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ვილიარეალი” “ბარსელონას” დაუხვდა და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

“ვილიარეალი” მეტოქეს ძალიან სწორად ეთამაშებოდა. მისსავე ნახევარზე პრესინგს ეთამაშებოდა და ბურთის იოლად ამოტანის საშუალებას არ აძლევდა, რამაც აშკარად გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს პირველ ნახევარში 70% ეჭირათ ბურთი, სახიფათო მომენტები საკმაოდ ცოტა ჰქონდათ.

მასპინძლები თავს ძალიან ჭკვიანურად იცავდნენ (ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ თამაშამდე სულ 11 ბურთი ჰქონდათ გაშვებული) და როგორც კი საშუალება ეძლეოდათ სწრაფი კონტრშეტევებით აწუხებდნენ მეტოქეს. ასეთი იერიშების შემდეგ რამდენჯერმე მომენტი შეექმნა ჯონათან დოს სანტოსს, რომელსაც განსაკუთრებით კარგი შანსი მე-9 წუთზე ჰქონდა, მაგრამ ტერ შტეგენის კარს ზემოდან გადააცილა.

სტუმართაგან ყველაზე მეტად ნეიმარი აქტიურობდა, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბევრ პრობლემას უქმნიდა ვალენსიელთა მცველებს. ბრაზილიელს 24-ე წუთზე გატანაც შეეძლო, მაგრამ ასენხიოს კარს ოდნავ ააცილა. მეორე სახიფათო მომენტი კი ლიონელ მესის შეექმნა, რომლის თავურიც ასენხიომ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოცდა, რაშიც დიდი წვლილი დასაწყისს მიუძღვის: 49-ე წუთზე ალეშანდე პატომ მშვენიერი გადაცემით ნიკოლა სანსონე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელიც ბრწინვალედ გაისარჯა და ტერ შტეგენს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები უფრო გააქტიურდნენ. ლუის ენრიკემ შეტევის გაძლიერება სცადა და 68-ე წუთზე ინერტული ანდრე გომეშის ნაცვლად, დენის სუარესი შემოუშვა, თუმცა პორტუგალიელის მსგავსად, ვერც დენისმა შექმნა რაიმე ღირებული ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. სამ წუთში ენრიკემ გარისკა და მცველის ლუკას დინიეს მაგივრად, არდა თურანი ჩართო.

რაც დრო გადიოდა, შეხვედრა იძაბებოდა და “ბარსელონას” უპირატესობა იზრდებოდა. 73-ე წუთზე მესის გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოხვდა.

ცალკე საუბრის თემაა იგლესიას ვილანუევას მსაჯობა და საერთოდ, ხელით თამაშის საკითხი. წესებში წერია, რომ ხელით თამაში დარღვევაა, მაგრამ რაც დრო გადის, ამ დადგენილებას მით უფრო ივიწყებენ მსაჯები. წესების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, შეხვედრის მთავარ არბიტრს მინიმუმ ორი (შესაძლოა სამიც) პენალტი უნდა დაენიშნა. პირველ ეპიზოდში ბრუნო სორიანომ მეკარესავით ითამაშა და მესის დარტყმული მოიგერია, მაგრამ მსაჯმა გაატანა. ცოტა ხანში, სანსონეს დარტყმის შემდეგ მასკერანო დაუხვდა ბურთს ხელით, ხოლო შემდეგ ბურთი კვლავ სორიანოს მოხვდა ხელში, მაგრამ ამ ეპიზოდში მსაჯმა მიიჩნია, რომ ბრუნო მეტოქემ წააქცია და შემდეგ მოხვდა ბურთი, ამიტომაც მესამე მომენტის გატარება შეიძლება, მაგრამ პირველ ორ მომენტში თუ წესების მიხედვით ვიმსჯელებთ, მსაჯმა უხეში შეცდომები დაუშვა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რაც დროს გადის, არბიტრები პენალტებს სულ უფრო ნაკლებად ნიშნავენ ხელით თამაშის გამო.

თითქოს, “ვილიარეალი” უსიამოვნო სერია წყვეტდა და 2007 წლის 20 ოქტომბრის შემდგომ “ელ მადრიგალზე” პირველად ამარცხებდა “ბლაუგრანას”, მაგრამ 90-ე წუთზე ლიონელ მესიმ დიდებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა - 1:1.

“ბარსელონამ” ქულა კი გადაარჩინა, მაგრამ მათთვის ფრე სასურველი შედეგი ნამდვილად არ გახლდათ, რადგან “რეალთან” სხვაობა 5 ქულაა და თანაც მადრიდელებს ერთი შეხვედრა თადარიგში აქვთ. გარდა ამისა, “ბლაუგრანამ” მეორე ადგილიც დაკარგა: კატალონიელებს “სევილიამ” ერთი ქულით გაუსწრო.

“ვილიარეალმა” კი 30 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა.

დღის გახსნითი შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” თანარეგიონელი “ალავესი” მიიღო და შინ ქულა გაატანა. მასპინძლებმა ხუთშაბათს “ბარსელონას” მოუგეს და როგორც ჩანს, ძალიან დიდი ძალები დახარჯეს. “ალავესი” კი, ძლიერ გუნდებს გასვლაზე მშვენივრად ეთამაშება და ქულის აღება რომ მოახერხა გასაკვირი ნამდვილად არაა – 0:0.

“ბეტისმა” “ბენიტო ვილამარინზე” რუბენ კასტროს და პიცინის გოლებით “ლეგანესი” დაამარცხა და გასავარდნ ზონას 9 ქულით მოცილდა, ხოლო “სელტამ” საკუთარ მოედანზე “მალაგას” სძლია და ოთხი პოზიციით წინ წაიწია. აღსანიშნავია, შესანიშნავ ფორმაში მყოფი იაგო ასპასის მორიგი გოლი, რომელსაც კრიშტიანო რონალდუს მსგავსად 11 გოლი დაუგროვდა. ესპანელ ფორვადი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლუის სუარესს (12 გოლი) და ლიონელ მესის ჩამორჩება (13 გოლი).

ბილბაო – ალავესი 0:0

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა (ირაისოსი 36), ლაპორტე, ეჩიტა, ელუსტონდო, ბალენსიაგა, მ.რიკო (სან ხოსე 57), ბენიატი, სუსაეტა (უილიამსი 57), რაულ გარსია, მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ალავესი (4-3-3): ორტოლა, ლაგუარდია, ფედალი, კიკო, რაულ გარსია კარნერო, კამარასა (დ.ტორესი 90), მ.ლორენტე, მ.გარსია, იბაი (მენდეში 75), ტოკერო (კატაი 74), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გაფრთხილებები: ადურისი, მ.რიკო – ლაგუარდია, ფედალი, დეივერსონი, დ.ტორესი
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ბეტისი – ლეგანესი 2:0 (0:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, ხ.კარლოსი, პაცელა, ბ.გონსალესი, რ.ნავარო (პიცინი 70), დურმისი, პეტროსი (ბრასანაჩი 66), სებალიოსი, მარტინი, სანაბრია (ალეგრია 36), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ლეგანესი (5-4-1): ჩამპანიე, პ.ინსუა, მარტოვანი, ბუსტინზა, ვ.დიასი (გაბრიელი 59), მარინი, ალბერტო (ომარი 52), ტიმორი, უ.ლოპესი (რ.პერესი 77), მაჩისი, გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 რ.კასტრო (51), 2:0 პიცინი (85)
გაფრთხილებები: პეტროსი, ბ.გონსალესი – მანტოვანი, ალბერტო, უ.ლოპესი, ომარი, ბუსტინზა, რ.პერესი
მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი

სელტა – მალაგა 3:1 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ბლანკო, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი, რადოია (ს.გომესი 85), მ.დიასი, ბონგონდა (სისტო 70), ასპასი, გუიდეტი (ჩეიკი 64).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი (დ.ლორენტე 12), როსალესი, ვილანუევა, ხ.კარლოსი, კამაჩო, რესიო, ფორნალსი (ხუანპი 56), ჩ.კასტრო (ხონი როდრიგესი 79), მ.სანტოსი, ს.რამირესი.
მწვრთნელი: მარსელო რომერო

გოლები: 1:0, ასპასი (7), 2:0, 3:1 ვასი (60; 86 ს.კ.), 3:0 ფონტასი (73)
გაფრთხილებები: ს.გომესი – ფორნალსი, რესიო, კამაჩო, ხ.კარლოსი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

ვილიარეალი – ბარსელონა 1:1 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო (ალვარო 87), ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეროსი, ბ.სორიანო, ჯ.დოს სანტოსი, რ.სორიანო (რ.ერნანდესი 83), პატო (კასტილიეხო 76), სანსონე.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დინიე (თურანი 71), პიკე, მასკერანო, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა, გომეში (დ.სუარესი 68), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 სანსონე (49), 1:1 მესი (90)
გაფრთხილებები: ხ.კოსტა, სანსონე – რობერტო, პიკე
გაძევება: ხ.კოსტა (94)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.217769