ჭადრაკი

20:50 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთი ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირს დაუპირისპირდა

საიტზე danailov-for-president.com გავრცელდა განცხადება, სადაც ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაცია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასა (ფიდე) და ევროპის საჭადრაკო კავშირს (ესკ) დაუპირისპირდა.

გთავაზობთ ამ განცხადების შინაარსს:

,,2014 წლიდან მოყოლებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ,,მაკრო და მეგობრები“, რომელიც 1995 წლიდან დღემდე ფიდეს ხელმძღვენელობს, აწარმოებს უმსგავსო და სამარცხვინო ომს ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებულია ფიდე-ში შემავალ ქვეყნებს შორის.

ბოლო 20 წლის მანძილზე ბულგარეთის წვლილი ჭადრაკში შეუფასებელია. ოფიციალურად ფიდე-მ და ესკ-მ 200 ათასი ევრო დახარჯეს ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის წინააღმდეგ სამართლებრივ გარჩევებში, რამაც ფიდე გაკოტრებამდე მიიყვანა.

კმარა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ყოველივე ამას ბოლო უნდა მოეღოს. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ფიდე-ს ვერსიით ჩატარებულ ტურნირებში ფიდე-ს ვერსიით მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი მონაწილეობას მანამდე არ მიიღებს, ვიდრე ამ ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ შეიცვლება.“

შეგახსენებთ, რომ ფიდეს ამჟამად კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი), ხოლო ესკ-ს ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზამიფარაშვილი ხელმძღვანელობს. შესაძლოა, ბულგარელები იმითაც განაწყენდნენ, რომ ესკ-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პეტარ დანაილოვი (ბულგარეთი) არჩევნებში ზურაბ აზმაიფარაშვილმა დაამარცხა.

0.114207