ფეხბურთი

15:52 | 31.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა – პირველი წრის შეჯამება

რამდენიმე საათში ახალი წელია. საფეხბურთო სამყარო ისვენებს (თუ არ ჩავთვლით ინგლისს და შოტლანდიას) და 2017 წლის მოლოდინშია. 2016 წელი ძალიან საინტერესო გამოდგა. არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი, სენსაცია და ახალი მოთამაშეები ვნახეთ. განსაკუთრებული გახლდათ “ლესტერის” და პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფი.

ამჯერად, ჩვენ ყველა საფეხბურთო ტურნირს არ შევეხებით და მხოლოდ ესპანურ ფეხბურთზე ვისაუბრებთ. უფრო კონკრეტულად კი, ლა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის პირველ წრეს შევაჯამებთ. მართალია, სეზონის ნახევრის ფინიშამდე კიდევ სამი ტური დარჩა, თუმცა 16 ტურის შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია შევაჯამოთ ჩემპიონატში განვითარებული მოვლენები და კლუბების ასპარეზობა.

რეალი

მადრიდელები ახალ წელს ლიდერის რანგში ხვდებიან და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებენ. თანაც, ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და შესაძლოა, კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ. “ბლანკოსის” გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი რამაა სასიამოვნო: გუნდს წაგება არ აქვს და ქულები მხოლოდ 4 მატჩში აქვს დაკარგული.

კვლავინდებურად შედეგიანია კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც 10 გოლი აქვს გატანილი. მის გარდა, განსაკუთრებით რამდენიმე მოთამაშე გამოირჩევა: პირველ რიგში სერხიო რამოსი, რომელიც დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი გოლების გატანით გამოირჩევა. მშვენივრად გამოიყურებიან დანიელ კარვახალი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი. ასევე გამოსარჩევია მატეო კოვაჩიჩი. ხორვატმა მოთამაშემ ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა და ძირითად შემადგენლობაშიც ხშირად ხვდება. ბრწყინვალედ თამაშობდა გარეტ ბეილიც, მაგრამ არ გაუმართლა და მძიმე ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით კარგად გამოიყურება მისი შემცვლელი ლუკას ვაზკესიც.

რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას. ამ ამპლუაზე დამკვირდრებისთვის ქარიმ ბენზემა და ალვარო მორატა იბრძვიან. ავტორის სუბიექტური აზრით, მადრიდელთა სათამაშო სტილს ალვარო უფრო ერგება. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მშობლიურ კლუბში ზაფხულში “იუვენტუსიდან” დაბრუნდა, ყოველდღიურად უმატებს და ეტყობა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ზინედინ ზიდანი უფრო ბენზემას ენდობა. ესპანელმა ფორვარდმა ლა ლიგაში 624 წუთში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ფრანგმა 638 წუთში 4 ბურთი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეფასება: 10/10 – მადრიდელები გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ და წაგება არ აქვთ. შესაბამისად, შეფასება სავსებით ადეკვატურია.
საუკეთესო მოთამაშე: კრიშტიანო რონალდუ (11 მატჩი, 10 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ხამეს როდრიგესი (8 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: ატლეტიკო – რეალი 0:3
უარესი მატჩი: რეალი – ეიბარი 1:1

ბარსელონა

კატალონიელები მეორე ადგილზე არიან და უმთავრეს მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა თუ “რეალმა” გამოტოვებული მატჩი მოიგო სხვაობა გაიზრდება.

“ბარსელონა” მთლიანობაში ძველებურად კარგად გამოიყურება და არაერთი დასამახსოვრებელი თამაში შემოგვთავაზა, თუმცა ეპიზოდურად სერიოზული ჩავარდნები აქვს და “რეალთან” ჩამორჩენაც ამის დასტურია.

მრისხანე ტრიოდან ლუის სუარესი და ლიონელ მესი ძველებურად ეფექტურები და შედეგიანები არიან, მაგრამ ნეიმარს უიღბლო პერიოდი აქვს და 2 ოქტომბრის შემდეგ ლა ლიგაში აღარ გაუტანია.

კარგ სეზონს ატარებენ ტერ შტეგენი (თუ 1-2 ბავშვურ შეცდომას არ ჩავთვლით), პიკე, რობერტო, ალბა. ოდნავ მოუკლეს სერხიო ბუსკეტსმა, ხავიერ მასკერანომ და ივან რაკიტიჩმა, ხოლო დენის სუარესი და რაფინია ნორმალურად გამოიყურებიან. სამაგიეროდ, მხოლოდ კარგი შეგვიძლია ვთქვათ არდა თურანზე. “ბარსელონაში” არსებულ უდიდეს კონკურენციაზე ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა ამის მიუხედავად თურანის კარგი თამაში თვალშისაცემია და როდესაც მოედანზე, მუდმივად სარგებელი მოაქვს გუნდისთვის. თურქმა მოთამაშემ ადაპტაციის პერიოდი გაიარა და გასულ სეზონთან შედარებით, რომელიც მისთვის საშინელი გამოდგა, ძალიან მოუმატა და ძველებურად ათამაშდა.

“ბლაუგრანას” მთავარი პრობლემა ახალწვეულები არიან. ერთადერთი, ვისზეც შეიძლება ვთქვათ, რომ გაამართლა სამუელ უმტიტია. დანარჩენები კი, მათზე დამყარებულ იმედებს აშკარად ვერ ამართლებენ. ეს განსაკუთრებით ეხებათ ანდრე გომეშსა და პაკო ალკასერს, რომლებშიც კლუბმა 65 მილიონი ევრო გადაიხადა. ალკასერმა “ბლაუგრანას” მაისურით 591 წუთი ითამაშა და მხოლოდ ბოლო მატჩში ესპანეთის თასზე “ჰერკულესის” წინააღმდეგ მოახერხა გატანა. რაც შეეხება ანდრე გომეშს, მან ლა ლიგაში 613 წუთი დაჰყო მინდორზე და ამ დროის განმალობაში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეფასება: 8.5/10 – “ბლაუგრანამ” რამდენიმე მატჩი მთლიანად ჩააგდო, თანაც არც თუ ისე ძლიერ გუნდებთან. ასევე, “ნოუ კამპზე” ვერ მოუგო ორ მთავარ მეტოქეს: “რეალს” და “ბარსელონას”. ძალიან გაუჭირდა “სევილიასთან” და “ვალენსიასთან”. ამ უკანასკნელთან მხოლოდ 93-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო და კატალონიელთა სასარგებლოდ უნდიანო მალენკო რამდენჯერმე აშკარად შეცდა.
საუკეთესო მოთამაშე: ლიონელ მესი (13 მატჩი, 12 გოლი, 4 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: პაკო ალკასერი (8 მატჩი, 0 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ბარსელონა – ესპანიოლი 4:1
უარესი მატჩი: ბარსელონა – ალავესი 1:2, სოსიედადი – ბარსელონა 1:1 – შენიშვნა: შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი “ალავესთან” მარცხია, მაგრამ თუ თამაშის ხარისხის გათვალისწინებით ვისაუბრებთ, ყველაზე ცუდი შეხვედრა “სოსიედადთან” ფრედ დასრულებული მატჩია, რომელშიც ბასკები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ლუის ენრიკემაც აღიარა.

სევილია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხორხე სამპაოლი “სევილიას” ძალიან მოუხდა და უკეთესი გუნდი ჩამოაყალიბა, ვიდრე უნაი ემერის დროს იყო. ჩილელი სპეციალისტი ძალიან ლაღ და სასიამოვნო ფეხბურთს ათამაშებს ანდალუსიურ კლუბს, თუმცა სადაც საჭიროა არც დაცვაში თამაშს ამბობს უარს, რასაც შედეგიც მოაქვს. “სევილია” ლა ლიგაში მე-3 ადგილზეა, “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ბარსელონას” მხოლოდ ქულით.

“დაქალაქები” შინ ტრადიციულად ძალიან მაგრად თამაშობენ და მხოლოდ 1 მარცხი აქვთ “ბარსელონასთან”. ვისაც ის თამაში ახსოვს, დამეთანხმება, რომ პირველ ნახევარში მასპინძლები ბევრად კარგად გამოიყურებოდნენ და მთლიანობაში მარცხს არ იმსახურებედნენ, თუმცა კლასმა თავისი ქნა და “ბარსელონამ” მაინც მოიგო.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანდალუსიელებმა გასვლაზე თამაში გამოასწორეს და ამ კომპონენტშიც მე-3 ადგილზე არიან ცხრილში. მართალია, ამ მხრივ ხარვეზები კვლავ არის და ამის ნათელი მაგალითი “გრანადასთან” მარცხია, რომელსაც მეტი მოგება არც აქვს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ სეზონში “სევილიას” გასვლაზე მოგება საერთოდ არ ჰქონდა. ახლა კი, უკვე სამჯერ მოახერხეს გამარჯვება.

ანდალუსიელთაგან ბევრი მოთამაშე თამაშობს კარგად: რიკო, რამი, პარეხა, მარიანო, იბორა, ვიტოლო, ნასრი, ვიეტო და ა.შ. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით გამორჩეული სტივენ ნ’ზონზია, რომელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და ამის დასტური ისაა, რომ ფრანგით “იუვენტუსი” და “ჩელსი” დაინტერესდნენ. ის “სევილიას” ცენტრის ლიდერია და მის თამაშზეა ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

შეფასება: 9/10
საუკეთესო მოთამაშე: სტივენ ნ’ზონზი (14 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: განსო (6 მატჩი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: სევილია – ატლეტიკო 1:0
უარესი მატჩი: გრანადა – სევილია 2:1

ვილიარეალი

ისეთი სეზონი აქვთ, როგორიც მოსალოდნელი იყო და პოზიციაც შესაფერისი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზედ სეზონის დაწყების წინ, მთავარი მწვრთნელის პოსტი მარსელინიო ტორალმა დატოვა და კლუბი ფრან ესკრიბამ ჩაიბარა.

ესკრიბამ რთულ სიტუაციაში და მოკლე დროში კვლავ დაალაგა გუნდი და ეპიზოდური ჩავარდების მიუხედავად, მაინც კარგი შედეგი აქვთ. “ვილიარეალი” 29 ქულით მე-4 ადგილზეა და თუ სეზონს ამავე პოზიციაზე დაასრულებენ, ნამდვილად დადებით რეზულტატად ჩაითვლება.

“ყვითელი წყალქვეშა ნავებიდან” რამდენიმე მოთამაშე გამოირჩევა: რუისი, მუსაჩიო, გასპარი, ბრუნო და რობერტო სორიანოები, სანსონე... თუმცა, ყველაზე კარგ შტაბეჭდილებას მაინც მეკარე სერხიო ასენხიო ტოვებს. ტრავმებისგან დატანჯული მეკარე მშვენიერ ფორმაში ჩადგა და ესპანეთის ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.

შეფასება: 8.5/10
საუკეთესო მოთამაშე: სერხიო ასენხიო (16 მატჩი, 11 გაშვებული გოლი)
უარესი მოთამაშე: სანტოს ბორე (10 მატჩი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: ვილიარეალი – ატლეტიკო 3:0
უარესი მატჩი: ვილიარეალი – ალავესი 0:2

სოსიედადი

ბოლო სეზონებთან შედარებით “სოსიედადმა” ძალიან მოუმატა და ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა. ბასკები მე-5 ადგილზე არიან და “ვილიარეალს” მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩებიან.

ეუსებიო საკრისტანის კრებულს ცუდი სტარტი გამოუვიდა, თუმცა შემდგომ მშვენიერ ფორმაში შევიდა. კარგი შედეგის გარდა, ბასკები ძალიან სანახაობრივად თამაშობენ და ეს ძლიერ გუნდებთან მატჩებშიც (“ბარსელონასთან”, “ატლეტიკოთან”) კარგად გამოჩნდა. მშვენივრად თამაშობენ: რული, ინიგო მარტინესი, ბერჩიჩი, ილარამენდი, ოიარზაბალი და ველა, თუმცა “ჩური ურდინიდან” საუკეთესო უდავოდ ვილიან ჟოზეა. ბრაზილიელი ახალწვეული “ანოეტაზე” გადასარევად დამკვიდრდა და გუნდის ლიდერად იქცა.

შეფასება: 9/10
საუკეთესო მოთამაშე: ვილიან ჟოზე (14 მატჩი, 9 გოლი, 1 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ესტებან გრანერო (4 მატჩი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: სოსიედადი – ბარსელონა 1:1
უარესი მატჩი: დეპორტივო – სოსიედადი 5:1

ატლეტიკო

აი “ატლეტიკოსგან” კი, ყველა გაცილებით მეტს ელოდა. დიეგო სიმეონეს კოლექტივმა საწყის ორ მატჩში აუტსაიდერებს ვერ მოუგო, თუმცა შემდგომ მდგომაორება გამოასწორა და ჩვეულ დონეზე ათამაშდა, მაგრამ დროებით...

უკანასკნელ 8 მატჩში მადრიდელები 4-ჯერ დამარცხედნენ და მხოლოდ 3 მოიგეს. შესაბამისად, “როხიბლანკო” ლიდერ “რეალს” უკვე 9 ქულით ჩამორჩება. “ატლეტიკოს” თითქოს ის ბრძოლის ჟინი აღარ აქვს, რომლითაც გასულ წლებში გამოირჩეოდა და ამით ყველას ჯობნიდა.

მადრიდელთაგან გამორჩეულები ფელიპე ლუისი, ანტუან გრიზმანი, დიეგო გოდინი და კევინ გამეირო არიან, ხოლო საუკეთესო ალბათ მაინც იანიკ ფერეირა კარასკოა.

შეფასება: 7/10
საუკეთესო მოთამაშე: იანიკ ფერეირა კარასკო (16 მატჩი, 6 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ტიაგო მენდეში (9 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ატლეტიკო – გრანადა 7:1
უარესი მატჩი: ატლეტიკო – რეალი 0:3

ბილბაო

ერნესტო ვალვერდეს შეგირდები დაახლოებით ისე ასპარეზობენ, როგორსაც სეზონის დაწყების წინ ექსპეტები მოელოდნენ. ბასკები კარგად თამაშობენ და ევროზონასთან ახლოს იმყოფებიან, თუმცა უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა რასაკვირველია ნაკლებად შეუძლიათ. “ლომები” ამჟამად 26 ქულით მე-7 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.

“ბილბაოდან” გამორჩეულები არიან ინიაკი უილიამსი, მიკელ სან ხოსე, აიმერიკ ლაპორტე და რაულ გარსია, თუმცა მთავარი ფიგურა კვლავ ვეტერანი არიც ადურისია.

შეფასება: 8/10
საუკეთესო მოთამაშე: არიც ადურისი (14 მატჩი, 6 გოლი, 1 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: მარკელ სუსაეტა (11 მატჩი, 0 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ბილბაო – სევილია 3:1
უარესი მატჩი: ხიხონი – ბილბაო 2:1

ეიბარი

პატარა და სიმპატიური ბასკური კლუბი, რომელიც მესამე წელია ლა ლიგაშია და მასზე ცუდი არავის ეთქმის. “ეიბარი” ყოველთვის თავის მაქსიმუმს აჩვენებს და რაც მთავარია, ამას კარგი თამაშით ახერხებს. ბასკებს 23 ქულა აქვთ და ევროზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან.

“ეიბარიდან” ყველაზე კარგად სერხიო ენრიჩი გამოიყურება, თუმცა ბებეს, პედრო ლეონის და ინუის გამორჩევაც შეიძლება.

შეფასება: 8/10
საუკეთესო მოთამაშე: სერხიო ენრიჩი (17 მატჩი, 5 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: კიკე (12 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: რეალი – ეიბარი 1:1
უარესი მატჩი: ეიბარი – ოსასუნა 2:3

ესპანიოლი

კიკე სანჩეს ფლორესის გუნდმა სტარტი მთლიანად ჩააგრო, რასაც კინაღამ მისი დათხოვნა მოჰყვა. თუმცა, დროთა განმალობაში კატალონიელებმა თამაში გამოასწორეს და ცხრილის პირველ ნახევარში გადაინაცვლეს.

“ესპანიოლი” ზაფხულში აზიელმა ინვესტორმა შეიძინა, რასაც კიკე სანჩეს ფლორესის დანიშვნა და რამდენიმე კარგი ტრანსფერი მოჰყვა. მძიმე სტარტის შემდეგ ფლორესმა გუნდი დაალაგა და ნელ-ნელა შედეგის ჩვენებაც დაიწყო. კატალონიელებს პოტენციალი აშკარად აქვთ და წესით კიდევ უფრო უნდა მოუმატონ.

“თუთიყუშების” რიგებიდან საუკეთესო უდავოდ პაბლო პიატია, რომელიც საგოლე პასების მხრივ საუკეთესოა ლა ლიგაში.

შეფასება: 7.5/10
საუკეთესო მოთამაშე: პაბლო პიატი (12 მატჩი, 5 გოლი, 7 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ფელიპე კაისედო (11 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ესპანიოლი – ლეგანესი 3:0
უარესი მატჩი: ბარსელონა – ესპანიოლი 4:1

ლას პალმასი

კიკე სეტიენის გუნდმა მშვენივრად დაიწყო, შემდეგ ცოტა მოუკლო, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუნძულელები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ.

რაც მთავარია, “ლას პალმასი” ძალიან სანახაობრივად თამაშობს და მათი თამაშის ყურება ნეიტრალური ქომაგისთვის საკმაოდ კარგი სანახავია. აღსანიშნავია, რომ კანარელებს 16 მატჩიდან 13-ში ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ.

“ყვითლების” რიგებიდან გამორჩეული ჯონათან ვიერაა, რომელიც გასულ სეზონშიც საუკეთესო იყო თავის კლუბიდან.

შეფასება: 7.5/10
საუკეთესო მოთამაშე: ჯონათან ვიერა (13 მატჩი, 4 გოლი, 3 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: სერხიო არაუხო (11 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: ლას პალმასი – გრანადა 5:1
უარესი მატჩი: სოსიედადი – ლას პალმასი 4:1

მალაგა

საშუალო დონის გუნდი, რომელსაც რესურსებიდან გამომდინარე ადეკვატური შედეგი აქვს და ამის გამო, ხუანდე რამოსის თანამდებობიდან წასვლა ცოტა მოულოდნელი იყო. დიდი ალბათობით, ანდალუსიური კლუბი სეზონის ბოლოსაც ცხრილის შუაში იქნება.

“მალაგას” საუკეთესო მოთამაშე მიმდინარე სეზონში ზაფხულში “ბარსელონადან” გადასული სანდრო რამირესია.

შეფასება: 6.5/10
საუკეთესო მოთამაშე: სანდრო რამირესი (15 მატჩი, 7 გოლი, 1 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ჩარლესი (7 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ბარსელონა – მალაგა 0:0
უარესი მატჩი: სევილია – მალაგა 4:1

ალავესი

აუტსაიდერის კვალობაზე “ალავესი” მშვენივრად გამოიყურება. გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო და მოსაწონი ისაა, რომ ბასკური კლუბი ძლიერ მეტოქეებს არ უშინდება და ძალიან კარგად ეთამაშება. მაურისიო პელეგრინოს შეგირდებმა “ვილიარეალი” და “ბარსელონა” გასვლაზე დაამარცხეს, “ატლეტიკოს” ფრედ ეთამაშნენ, ხოლო “სევილიასთან” ბოლო წუთზე დამარცხდნენ. ბასკები 21 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ.

“ალავესიდან” დეივერსონი, კამარასა, იბაი და ალექსისი გამოირჩევიან, თუმცა ყველაზე კარგ შტაბეჭდილებას 19 წლის მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი ტოვებს.

შეფასება: 7/10
საუკეთესო მოთამაშე: ტეო ერნანდესი (14 მატჩი, 3 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: კრისტიან სანტოსი (11 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ბარსელონა – ალავესი 1:2
უარესი მატჩი: სოსიედადი – ალავესი 3:0

სელტა

“სელტასთვის” მე-13 ადგილი ცუდი შედეგია, თუმცა ცხრილში ძალიან დიდი სიმჭიდროვეა. გალისიური კლუბის მსგავსად, 3 კლუბს 21 ქულა აქვს, ხოლო მე-7 ადგილიდან მე-13 პოზიციამდე სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა.

ვიგოელები კვლავინდებურად გახსნილ და სანახაობრივ თამაშს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა რესურსებიდან გამომდინარე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლიათ.

“სელტადან” გამორჩეული მოთამაშე რასაკვირველია იაგო ასპასია, რომელიც ესპანეთის ნაკრებშიც იხმეს.

შეფასება: 7/10
საუკეთესო მოთამაშე: იაგო ასპასი (15 მატჩი, 10 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ჯუზეპე როსი (9 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: სელტა – ბარსელონა 4:3
უარესი მატჩი: ვილიარეალი – სელტა 5:0

ბეტისი

ანდალუსიელებმა მწვრთნელის გამოცვლა უკვე მოასწრეს. გუსტავო პოიეტის სევილიური კარიერა წარუმატებელი გამოდგა და ის ვიქტორ სანჩესმა ჩაანაცვლა. “მწვანეები” 18 ქულით მე-14 საფეხურს იკავებენ და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებენ.

საუკეთესოები კვლავ ვეტერნები: რუბენ კასტრო და ხოაკინ სანჩესი არიან. ორივე მოთამაშე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ანდალუსიელთათვის და რომელიმეს გამორჩევა რთული იქნება.

შეფასება: 5.5/10
საუკეთესო მოთამაშე: ხოაკინ სანჩესი (15 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი) და რუბენ კასტრო (16 მატჩი, 7 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ჩარლი მუსონდა (8 მატჩი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: ვალენსია – ბეტისი 2:3
უარესი მატჩი: ბეტისი – რეალი 1:6

დეპორტივო

გალისიელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს, ბოლო დროს კი მოუმატეს და გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ. ლა კორუნიელები საკუთარ მოედანზე საკმაოდ კარგად თამაშობენ და სწორედ “რიასორზე” ახერხებენ ქულების დაგროვებას.

“დეპორისთვის” მიმდინარე სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი “სოსიედადის” განადგურება იყო, ხოლო გულდასაწყვეტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალთან” ბოლო წამებზე წაგებული მატჩი.

გაისკა გარიტანოს გუნდში ფლორინ ანდონე გამოირჩევა, რომელსაც თავიდან ადაპტაცია გაუჭირდა, თუმცა ნელ-ნელა გუნდს მოერგო და გოლების გატანა დაიწყო. მის გარდა, კარგად თამაშობდა რაიან ბაბელი, რომელმაც “დეპორტივო” დატოვა და “ბეშიქთაშში” გადავიდა.

შეფასება: 6/10
საუკეთესო მოთამაშე: ფლორინ ანდონე (16 მატჩი, 6 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ფაიჩელ ფაჟრი (12 მატჩი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: დეპორტივო – სოსიედადი 5:1
უარესი მატჩი: სელტა – დეპორტივო 4:1

ლეგანესი

კასტილიური კლუბი ლა ლიგაში პირველ სეზონს ატარებს და ამის ფონზე მათი გამოსვლა ნორმალურად შეგვიძლია შევაფასოთ. “ლეგანესისთვის” თავიდანვე ცხადი იყო, რომ ლა ლიგაში ადგილისთვის შენარჩუნებისთვის მოუწევდათ ბრძოლა და ჯერჯერობით ამ მისიას ნორმალურად ასრულებენ.

კასტილიელთაგან ალექსანდერ შიმანოვსკის გამოვარჩევდით.

შეფასება: 6/10
საუკეთესო მოთამაშე: ალექსანდერ შიმანოვსკი (10 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ლუსიანო (10 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: ლეგანესი – ატლეტიკო 0:0
უარესი მატჩი: მალაგა – ლეგანესი 4:0

ვალენსია

“ღამურებმა” წინა სეზონიც ჩააგდეს, მაგრამ ასე საშინლად ალბათ არასდროს უთამაშიათ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის “ვალენსიასგან” მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი და კლუბის მმართველები თუ დროულად არ მოეგნენ გონს, დიდი შანსია ასეთი დონის გუნდის ქვედა დივიზიონში გავარდეს.

კლუბმა სეზონი საშინლად დაიწყო (4-დან 4 მარცხი), რასაც პაკო აიესტარანის გაგდება მოჰყვა. ის დროებით ვორომ შეცვალა, რომლის ხელშიც “ღამურებმა” 2 მატჩი მოიგეს დ 1 წააგეს, ხოლო შემდეგ ჩეზარე პრანდელი დანიშნეს. იტალიელის ხელმძღვანელობით “ლოს ჩემ” ლა ლიგაში 8 შეხვედრა გამართა: 1 მოგება, 3 ფრე, 4 მარცხი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრანდელი თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზი სატრანსფერო საკითხები იყო. კლუბი კვლავ ვორომ ჩაიბარა, თუმცა ვინც არ უნდა გახდეს “ვალენსიას” მწვრთნელი ერთი რამ ცხადია: “ღამურებს” სერიოზული გაძლიერება სჭირდებათ, თორემ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ვინ ჩივის, სეგუნდაში შეიძლება გავარდეს.

ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც მართლა ჩვეულ დონეზე თამაშობს დიეგო ალვეშია. მიუხედაბად იმისა, რომ ალვეშმა ყველა მატჩში გოლი გაუშვა, მისი ბრალეულობა ამაში ყველაზე მცირეა. მან მიმდინარე სეზონში უკვე 4 (!) პენალტის აღება მოახერხა.

“ვალენსიას” ყველაზე სუსტი წერტილი ცენტრალური ნახევარდაცვაა, რომელიც ყველა პრობლემის თავია. ანდრე გომეშის, ხავი ფუეგოს და დანილო ბარბოსას წასვლის შემდგომ, გუნდმა სათანადო შევსება ვერ მიიღო და შედეგიც სახეზეა. თანაც, ძალიან მოუკლო დანიელ პარეხომ, რომელიც წინა სეზონების აჩრდილია და დიდი შანსია, რომ “ვალენსიამ” ის გაუშვას. ასევე გაძლიერება სჭირდება წინა ხაზს, რადგან ალკასერის გაყიდვის შემდეგ გუნდში ნომინალური ფორვარდი აღარ დარჩა.

ერთადერთი მატჩი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ვალენსიამ” მიმდინარე სეზონში კარგად ითამაშა, “ბარსელონასთან” ბოლო წამებზე წაგებული (2:3) მატჩია, რომელშიც უნდიანო მალენკოს მასპინძლების საზიანოდ რამდენჯერმე შეცდა.

შეფასება: 1/10
საუკეთესო მოთამაშე: დიეგო ალვეში (13 მატჩი, 24 გაშვებული გოლი)
უარესი მოთამაშე: მარტინ მონტოია (12 მატჩი)
საუკეთესო მატჩი: ვალენსია – ბარსელონა 2:3
უარესი მატჩი: ვალენსია – გრანადა 1:1

ხიხონი

ასტურიელები შარშანდელის მსგავსად დარჩენისთვის იბრძვიან და ეს ბრძოლა დიდი ალბათობით ბოლო ტურებამდე გაგრძელდება. ამჟამად, “ხიხონს” 12 ქულა აქვს, მე-18 ადგილზეა და “ვალენსიას” მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

აბელარდო ერნანდესის კრებულიდან საუკეთესო დუჟე ჩოპია.

შეფასება: 4/10
საუკეთესო მოთამაშე: დუჟე ჩოპი (16 მატჩი, 6 გოლი, 2 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ბურგუი (14 მატჩი, 1 საგოლე პასი)
საუკეთესო მატჩი: ხიხონი – ბილბაო 2:1
უარესი მატჩი: ატლეტიკო – ხიხონი 5:0

გრანადა

“გრანადა” მე-6 წელია ლა ლიგაში თამაშობს და ჯერჯერობით მე-15 ადგილზე მაღლა სეზონი არ დაუსრულებია. ანდალუსიელები უმეტესად ცუდად იწყებენ, შემდეგ ნელ-ნელა უმატებენ და საბოლოოდ ეს ქულები დასარჩენად ყოფნით. არავინ იცის, ამჯერადაც თუ შეძლებს ამას “გრანადა”, მაგრამ ფაქტია, რომ ანდალუსიელებმა ისევ საშინლად დაიწყეს და შემდეგ ოდნავ მოუმატეს. მათ საწყის 10 ტურში მხოლოდ 3 ქულა დააგროვეს, ხოლო მომდევნო 6 მატჩში 6 ქულა მოიპოვეს, პირველი გამარჯვებაც იზეიმეს და ბოლო ადგილსაც დააღწიეს თავი.

ლუკას ალკარაზის გუნდიდან საუკეთესო უდავოდ გილერმო ოჩოაა და რომ არა მექსიკელი კიპერი, “გრანადას” ეს 9 ქულა ნამდვილად არ ექნებოდა.

შეფასება: 3.5/10
საუკეთესო მოთამაშე: გილერმო ოჩოა (16 მატჩი, 33 გაშვებული გოლი)
უარესი მოთამაშე: დავიდ ლომბანი (11 მატჩი, 1 გოლი)
საუკეთესო მატჩი: გრანადა – სევილია 2:1
უარესი მატჩი: ატლეტიკო – გრანადა 7:1

ოსასუნა

განვლილი 16 ტურის მიხედვით ლა ლიგაში ყველაზე სუსტი გუნდი უდავოდ “ოსასუნაა”. ნავარელებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ და აბსოლუტურად ყველაზე კონკურენტთან წაგებული აქვთ. “ოსასუნას” ისეთ მეტოქეებთან აქვს შვიდივე ქულა აღებული, რომლებიც სატურნირო ცხრილში მასზე გაცილებით უფრო მაღლა იმყოფებიან.

“ოსასუნას” ნათელი წერტილები სერხიო ლეონი და რობერტო ტორესი არიან.

შეფასება: 2.5/10
საუკეთესო მოთამაშე: რობერტო ტორესი (14 მატჩი, 4 გოლი, 1 საგოლე პასი)
უარესი მოთამაშე: ნაუზეტ პერესი (13 მატჩი, 29 გაშვებული გოლი)
საუკეთესო მატჩი: ეიბარი – ოსასუნა 2:3
უარესი მატჩი: ხიხონი – ოსასუნა 3:1

პირველი წრის საუკეთესო სიმბოლური:

მეკარე: სერხიო ასენხიო (“ვილიარეალი”);
მცველები: მატეო მუსაჩიო (“ვილიარეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მარიანო (“სევილია”), ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), სტივენ ნ’ზონზი (“სევილია”), პაბლო პიატი (“ესპანიოლი”);
თავდამსხმელები: იაგო ასპასი (“სელტა”), ვილიან ჟოზე (“სოსიედადი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”).

პირველი წრის უარესი სიმბოლური:

მეკარე: ნაუზეტ პერესი (“ოსასუნა”);
მცველები: დავიდ ლომბანი, რუბენ ვეზო (ორივე “გრანადა”), მარტინ მონტოია (“ვალენსია”), კარლოს კლერკი (“ოსასუნა”);
ნახევარმცველები: ანდრე გომეში (“ბარსელონა”), განსო (“სევილია”), დანიელ პარეხო (“ვალენსია”);
თავდამსხმელები: სანტი მინა (“ვალენსია”), ჯუზეპე როსი (“სელტა”), პაკო ალკასერი (“ბარსელონა”).

საუკეთესო მატჩები: სევილია – ესპანიოლი 6:4 (1 ტური), ლას პალმასი – სელტა 3:3 (მე-10 ტური), სელტა – ბარსელონა 4:3 (მე-7 ტური)
საუკეთესო გოლი: კევინ-პრინ ბოატენგის გოლი “ვილიარეალთან” მატჩში
საუკეთესო გუნდი: “რეალი”
აღმოჩენა: “სოსიედადი”
იმედგაცრუება: “ვალენსია”
საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
აღმოჩენა: ტეო ერნანდესი (“ალავესი”);
საუკეთესო ტრანსფერი: პაბლო პიატი (“ვალენსიადან” – “ესპანიოლში”)
უარესი მოთამაშეები: ფაიჩელ ფაჟრი (“დეპორტივო”), მარტინ მონტოია (“ვალენსია”), ანდრე გომეში (“ბარსელონა”), განსო, კიოტაკე (ორივე “სევილია”), სანტოს ბორე (“ვილიარეალი”).
უარესი ტრანსფერი: პაკო ალკასერი (“ვალენსიადან” – “ბარსელონაში”)
საუკეთესო მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი (“სევილია”)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109378