ფეხბურთი

2:40 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” 2016 წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა

პრემიერლიგის მე-18 ტურის დასკვნითი შეხვედრა “სენტ-მერი სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “საუთჰემპტონმა” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის დასაწყისი საბოლოო შედეგისგან რადიკალურად განსხვავებული იყო: მე-2 წუთზე უარდ-პროუსმა სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სადაც ყველას ვირჯილ ვან დეიკმა აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ლონდონელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, დეილი ალიმ მე-19 წუთზე ასევე თავური დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი სტუმართათვის მშვენივრად დაიწყო და 52-ე წუთზე წინაც გავიდნენ – მესამე ბურთიც თავურ დარტყმას მოჰყვა, რომელიც ჰარი კეინის ანგარიშზეა. ექვს წუთში ინგლისელ ფორვარდს დუბლის შესრულება შეეძლო: “საუთჰემპტონის” რიგებიდან რედმონდი გააძევეს და მათი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, მაგრამ კეინმა ფორსტერის კარს ზემოდან გადააცილა. 10 კაცით დარჩენილ “წმინდანებს” ძალიან გაუჭირდათ და ბოლოსკენ კიდევ ორი გოლი გაუშვეს: 85-ე წუთზე “დეზების” კონტრშეტევა სონმა დააგვირგვინა, ხოლო ორ წუთში ალიმ დუბლი გაიფორმა – 1:4.

“ტოტენჰემი” 36 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “საუთჰემპტონი” 24 ქულით მე-8 საფეხურს იკავებს.

საუთჰემპტონი – ტოტენჰემი 1:4 (1:1)

საუთჰემპტონი, “სენტ-მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში, ს.დევისი (ჰიობერგი 72), რომეუ, უარდ-პროუსი, ბუფალი (ტადიჩი 72), რედმონდი, ჯ.როდრიგესი (ლონგი 72).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, როუზი, უოლკერი, დემბელე (ვინკსი 82), ვანიამა, სისოკო (სონი 72), ალი, ერიკსენი, კეინი (იანსენი 89).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ვან დეიკი (2), 1:1, 1:4 ალი (19; 87), 1:2 კეინი (52), 1:3 სონი (85)
გაფრთხილებები: ლონგი – დემბელე, უოლკერი, როუზი, ვერტონგენი
გაძევება: რედმონდი (57)
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129215