ფეხბურთი

23:40 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: Boxing Day გრანდებისთვის ბრწყინვალედ დაიწყო

პრემიერლიგაში გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი დაიწყო. საუბარია, Boxing Day-ზე, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო.

მე-18 ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა და ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” შინ “ბორნმუთი” მიიღო, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა.

ლონდონელებმა ნ’გოლო კანტეს და დიეგო კოშტას გარეშე ითამაშეს, თუმცა 3 ქულის მოპოვება საერთოდ არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა ტაიმი პედრო როდრიგესის გოლით მოიგეს, 49-ე წუთზე ანგარიში ედენ აზარმა პენალტით გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ავტოგოლი გაიტანეს – 3:0.

“მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “ჰალს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 70-ე წუთამდე ვერ იგებდა, მაინც დიდი სხვაობით იმარჯვა. ანგარიში 72-ე წუთზე იაია ტურემ გახსნა, რომელმაც 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა, 6 წუთში სხვაობა კელეჩი იჰეანაჩომ გაზარდა, 94-ე წუთზე კი დევისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 0:3.

სამი ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდა “არსენალს”, რომელმაც “ემირათს სთედიუმზე” “ვესტ ბრომვიჩის” გატეხვა მხოლოდ 86-ე წუთზე მოახერხა. გამარჯვების გოლი ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით გაიტანა – 1:0.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ “სანდერლენდს” უმასპინძლა და იოლად იმარჯვა. “წითელმა ეშმაკებმა” ტაიმი ბლინდის გოლით მოიგეს. დანარჩენი გოლები კი მატჩის მიწურულს გავიდა: 82-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევას ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი მოჰყვა, ხოლო ოთხ წუთში მხიტარიანმა ულამაზესი ბურთი შეაგდო. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 91-ე წუთზე გაიტანეს – ამის გაკეთება ბორინიმ მოახერხა – 3:1.

მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა”, რომელიც შინ “ევერტონთან” დამარცხდა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო “ვესტ ჰემმა”. სლავენ ბილიჩის შეგირდებმა გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი “სუონსი” გაანადგურეს, “ბარნლიმ” საკუთარ მოედანზე “მიდლსბროს” აჯობა, ხოლო “უოტფორდის” და “კრისტალ პალასის” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა და სემ ელარდაისმა სადებიუტო მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა.

დღეს მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. “ლივერპულმა” “ენფილდ როუდზე” “სტოკი” მიიღო, დიდი ანგარიშით დაამარცხა და “ჩელსის” კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა. მასპინძელთათვის შეხვედრა ცუდად დაიწყო და მე-12 წუთზე ანგარიში უოლტერსმა გახსნა. მერსისაიდელები არ დაბნეულან, მთელი ძალებით შეუტიეს და წინ გასვლა პირველივე ტაიმში მოახერხეს. 34-ე წუთზე ადამ ლალანამ ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ათ წუთში კი, ფირმინოს ზუსტ დარტყმას მეორე გოლი მოჰყვა და ტაიმი 2:1 დასრულდა.

იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა მეორე ტაიმშიც განაგრძეს და 59-ე წუთზე იმბულამ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 70-ე წუთზე რაიან შოუქროსის უხეში შეცდომით მოედანზე რამდენიმე წამით ადრე შესულმა დანიელ სტარიჯმა ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 4:1.

“ჩელსის” 46 ქულა აქვს, “ლივერპულს” 40, “სიტის” 39, ხოლო “არსენალს” – 37. ტური ხვალ “საუთჰემპტონის” და “ტოტენჰემის” ჯახით დასრულდება.

26 დეკემბერი

უოტფორდი – კრისტალ პალასი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კაბაიე (26), 1:1 დინი (71 პენ.)

37-ე წუთზე ბენტეკემ (კ) პენალტი ვერ გაიტანა

ჩელსი – ბორნმუთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 პედრო (24), 2:0 აზარი (49), 3:0 კუკი (93 ს.კ.)

სუონსი – ვესტ ჰემი 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ა.აიუ (13), 0:2 რიდი (50), 0:3 ანტონიო (78), 1:3 ლორენტე (89), 1:4 კეროლი (90)

არსენალი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)

გოლი: ჟირუ (86)

ბარნლი – მიდლსბრო 1:0 (0:0)

გოლი: ა.გრეი (80)

ლესტერი – ევერტონი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მირალაში (51), 0:2 ლუკაკუ (91)

მანჩესტერ იუნაიტედი – სანდერელენდი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბლინდი (39), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (82), 3:0 მხიტარიანი (86), 3:1 ბორინი (91)

ჰალი – მანჩესტერ სიტი 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ტურე (72 პენ.), 0:2 იჰეანაჩო (78), 0:3 კ.დევისი (94 ს.კ.)

27 დეკემბერი

ლივერპული – სტოკი 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 უოლტერსი (12), 1:1 ლალანა (34), 2:1 ფირმინო (44), 3:1 იმბულა (59 ს.კ.), 4:1 სტარიჯი (70)

0.248878