ფეხბურთი

20:15 | 27.12.2016 | ნანახია 2762 - ჯერ

გიორგი ყიფიანი: "რაც ნამდვილად ვიცი, ამბიციური გუნდი გვეყოლება"
"ლოკომოტივი" ჯერ შესავსებია

თბილისის "ლოკომოტივი" გაისად საკმაოდ გადახალისებული იქნება. გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა და ჯერჯერობით, ოთხი ახალწვეულის დამატება გადაწყდა. თუმცა კიდევ იქნებიან წამსვლელ-მოსვლელები... "ლოკომოტივი" ის კლუბია, საიდანაც უცხოეთში გაიყიდნენ ლევან ყენია, გიორგი არაბიძე, ლუკა ზარანდია, გიორგი აბურჯანია, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე და სხვები. ანუ, "ლოკო" ხელს არ უშლის თავის აღზრდილებს, მითუმეტეს, როცა უცხოეთის ნორმალურ კლუბში გასხვისებას ეხება საქმე.

თბილისური კლუბის ამბებზე worldsport.ge გიორგი ყიფიანს გაესაუბრა. ყიფიანი "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორია, თითქმის ორი წელია, რაც კლუბში მუშაობს, ადრე კი "ლოკოში" უთამაშია კიდეც.

"რა თქმა უნდა, მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ახალი წლის დღეებში ბიჭებს დაასვენებს, იანვარში კი ახალი ფეხბურთელების ნაკადს უნდა ველოდოთ. რაც შემიძლია ვთქვა, "ლოკომოტივი" ამბიციური გუნდი იქნება და თითოეულ მატჩში მაქსიმუმისთვის იბრძოლებს".

შეგახსენებთ, "ლოკომ" წინა სეზონი თავის ჯგუფში მეოთხე ადგილზე, ანუ ცხრილის შუაში დაასრულა. პირველი წრე უკეთ ჩაატარა, ვიდრე მეორე.

გუნდი დატოვეს ირაკლი კლიმიაშვილმა, ვაჟა ქიქავამ, დავით ჩაგელიშვილმა, დავით დარციმელიამ, გიორგი ღვინაშვილმა, გიორგი გეთიაშვილმა, ბექა მახარაძემ, ომარ პატარკაციშვილმა, ალეკო მზევაშვილმა და ნიკოლოზ წივწივაძემ. მათთან ხელშეკრულებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

"ათ ფეხბურთელს დავემშვიდობეთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ სეზონში ათივეს არ უთამაშია ძირითად გუნდში. რაც შეეხება წამსვლელებს, ზოგს გავანათხოვრებთ და ისინი ჩვენს ფეხბურთელებად დარჩებიან. ახალწვეულებზე: კონტრაქტები გაფორმდა თემურ ღონღაძესთან, გულვერდ თომაშვილთან და ირაკლი სიხარულიძესთან. შეთანხმებულნი ვართ და გადაწყვეტილია, რომ ჩვენთან ითამაშებს მეკარე ბექა ქურდაძეც. მათი იმედი გვაქვს".

ყიფიანმა გვაცნობა, რომ სავარაუდოდ "ლოკომოტივში" ითამაშებს ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძეც. მასთან ჯერჯერობით კონტრაქტი არ გაფორმებულა, რადგან გიორგი დევდარიანს უშუალოდ თამაშში არ უნახავს.

ქავთარაძე 23 წლისაა, ამპლუით ნახევარმცველია და რუსეთში თამაშობდა: ჯერ "ლოკომოტივი2"-ში, მერე "ტიუმენში", ტვერის "ვოლგასა" და ბოლოს მაიკოპის "დრუჟბაში".

ჯერჯერობით, "ლოკომოტივშია" 20 წლის ნიჭიერი შემტევი ლუკა ზარანდია.

"ჩვენ გვსურს, რომ ზარანდია დავიტოვოთ, მაგრამ ამავდროულად არსებობს ურთიერთშეთანხმება, რომ თუ უცხოეთიდან საინტერესო წინადადება ექნება, ფეხბურთელს ხელს არ შევუშლით. "ლოკომოტივი" ცნობილია იმით, რომ ფეხბურთელებს უცხოური კარიერის აწყობაში ხელს არ უშლის".

დევდარიანის გუნდში ექვსი-შვიდი ის ფეხბურთელი ვარჯიშობს, რომლებიც აქამდე "ლოკოს" 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდნენ, ან მეორე ლიგაში მონაწილე "ლოკომოტივი 2"-ში (სარეზერვო გუნდი) თამაშობდნენ. ყიფიანის თქმით, "ლოკომოტივი 2" ეროვნული ლიგა2-ში არ ითამაშებს, ანუ მთავარი გუნდის შემდეგ იქნება U 19.

"ლოკომოტივის" აკადემია 2015 წლის ზაფხულს ჩამოყალიბდა და მაშინვე შეიქმნა ჭაბუკთა ლიგის გუნდებიც: 17 და 19-წლამდელები. წლეულს ზაფხულს კი, ბუნებრივია, 15-წლამდელებიც ჩამოყალიბდა.

"პირველი სეზონის შემდეგ, "ლოკომოტივის" აკადემიის გუნდების შედეგები აშკარად გაუმჯობესდა. ანუ, საუბარია 2003 წელს დაბადებულებსა და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებზე. გაუმჯობესდა იმ აღზრდის, ვარჯიშებისა და პროგრამების ხარჯზე, რაც აკადემიის დირექტორ გიორგი მინაშვილის ხელმძღვანელობით. მაგალითად, ჩვენი აკადემიის გუნდი, 2003 წელს დაბადებულებისა, გაისად 15-წლამდელთა ლიგაში აინაცვლებს. ეს უკვე საინტერესო პროცესია, პირველი ტესტი. ამ გუნდმა წლეულს მერიის თასი მოიგო".

15-წლამდელთა ლიგაში გაისად 2002 წელს დაბადებულებს შეეძლებათ თამაში და "ლოკოს" საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სინჯები ჩატარდა, კვლავაც ჩატარდება.

"ერთი წლით უფროსებს დავიმატებთ, მაგრამ ბირთვი 2003 წელს დაბადებულების, ანუ ჩვენი აღზრდილებისა დარჩება. მათ განსაკუთრებულ შედეგს არ მოვთხოვთ, რადგან მაინც ახალი გუნდი იქნება. კიდევ, "ლოკომოტივში" დაბრუნდა გიორგი ჩიტაური, რომელიც სელექციონერი იქნება და სავარაუდოდ, ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდსაც ჩაიბარებს".

შეგახსენებთ, ჩიტაურის ხელში არაერთ ფეხბურთელს გამოუვლია (მათ შორის, არაბიძეს, ნიკა ჭანტურიას, მათე ცინცაძეს...), "ლოკომოტივში" დიდხანს მუშაობდა, ამ ზაფხულს თერჯოლის "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც ორი თვე იმუშავა და ისევ "ლოკოში" დაბრუნდა.

აკადემიის გუნდებზე დავწერეთ, "ლოკომოტივის" მთავარი მიღწევა კი 17-წლამდელთა ლიგის მოგება იყო - ვლადიმერ ვაშაძის გაწვრთნილებმა ფინალში "საბურთალოს" სძლიეს (4:1) და სხვათა შორის, გუნდის ფეხბურთელთა 90 პროცენტი 2000 წელს დაბადებული იყო, არადა, 17-წლამდელებში 1999 წელს დაბადებულებს შეეძლოთ თამაში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:51 | 27.12.2016
higuain (1067)

ლოკომოტივს სულ კაი ბავშვები ყავდა მაგრამ ეს ყიფიანი რას იბრალებს?????????

22:09 | 27.12.2016
wakako1988 (203)

ლოკომოტივს ყველაზე მაგარი მენჯმენტი აქვს აი რასაც ქვია მაგარი და პროფესიონალები იციან რა ვის უნდა მოკიდონ ხელი, არანაირი ნეპოტიზმიური ქმედებები თუ მაგარი ხარ ყველაფერს გაააკეტეთებენ რო მომავალში ხელი შეგიწყონ, იციან რა საქმე ეს მენჯმენტი დინამოში რო ყოფიილიყო თავისი დინამოს ფინანსებით უჭველი ღრმად შეტოპავდნენ უეფაშიც და ლიგაზეც. დინამოს კიდე რა ეშველება არ ვიცი ისევ ღრუზინები და ისევ რუსეთიდან დათხოვილი ქართველები თU დაიწყეს და მაგის კათარზისი დ......

სტატისტიკა
0.238445