ფეხბურთი

21:33 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე: "ზივზივაძეს პორტუგალიის "ტონდელა", ჩეხეთის "ზლინი" და კიდევ რამდენიმე გუნდი ეპატიჟება"

ქართველმა მენეჯერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პსვ ეინდჰოვენის ყოფილმა ნახევარმცველმა გოგა გახოკიძემ გვამცნო, რომ ბუდუ ზივზივაძეს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდიდან აქვს მიწვევა. საუბარია "ტონდელაზე"... გარდა ამისა, გახოკიძემ სხვა ვარიანტებზეც გვითხრა.

ზივზივაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა "სამტრედიაში" და საუკეთესო ბომარდირობაშიც ვერავინ შეეცილა - 14 მატჩში 13 გოლი მიითვალა.

worldsport.ge გახოკიძეს დაუკავშირდა და ჯერ პოლონურ ვარიანტებზე ჰკითხა, რომელზეც ხშირად იწერება.

"პოლონეთზე ვერაფერს გეტყვით, იქაურ ვარიანტებზე არაფერი ვიცი. გეტყვით, რომ ზივზივაძეს 5 კლუბის კონტრაქტზე ვუთხარით, ხუთივე პირდაპირ ხელშეკრულებას სთავაზობს: პორტუგალიის "ტონდელა", უნგრეთის "დიოშდიორი", ჩეხეთის "ზლინი" და ორი ლატვიური გუნდი, "ლიეპაია" (თამაზ პერტია წვრთნის) და "რიგა". თავად განსაჯეთ, საქართველოს ჩემპიონატიდან პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდში გადასვლა ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ ვნახოთ, ველოდებით ფეხბურთელის გადაწყვეტილებას".

გახოკიძემ გვითხრა, რომ "ტონდელას" სურს ზივზივაძე დაპირდაპირ კონტრაქტსაც სთავაზობს, მაგრამ ამდენი დროც არ აქვს და თუ 27 დეკემბრამდე ქართველისგან პასუხს არ მიიღებენ, სხვა თავდამსხმელზე გადაერთვებიან.

და რა მოხდება, თუ "ტონდელა" გავარდება?

"ამ შემთხვევაში, ბუდუ თავისუფალი აგენტი გახდებოდა. კონტრაქტით ასეა. მოკლედ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაირკვეს" - გვითხრა გახოკიძემ.

ცნობისთვის, "ტონდელა" პორტუგალიაში ბოლო ადგილზეა, მაგრამ ქულებში უმნიშვნელო სხვაობაა და ბოლოდან მეოთხეადგილოსანს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. "ტონდელას" პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი არმანდუ პეტი წვრთნის.

დავწერეთ "დიოშდიორზეც", სადაც ბუბა დაუშვილი თამაშობს. და ასევე "ზლინზე", რომელიც ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში მეოთხე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.798279