ფეხბურთი

2:03 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" გონზე მოვიდა

მილანის “ინტერმა” 2016 წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა და ახლა “ნერაძურის” ტიფოზები იმედოვნებენ, რომ 2017 უკეთესი გამოდგება მათი გუნდისთვის. “ინტერნაციონალემ” XVIII ტურში რომის “ლაციოს” უმასპინძლა, გუნდს, რომლის დამარცხებაც წელს ადვილი საქმე ნადმვილად არაა. სიმონე ინძაგის ხელში “ლაციალე” მეოთხე ადგილზეა...

მუხედავად ამისა, მილანელებმა ადვილად მოიპოვეს სამი ქულა. არადა, პირველი ტაიმი “ლაციო” უკეთ თამაშობდა და რამდენჯერმე ახლოსაც იყო გოლის გატანასთან. გამოსარჩევია ფელიპე ანდერსონის საოცარი დრიბლინგი 25-ე წუთზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი “ინტერი” გაიარა, მაგრამ ცარიელი კარიდან დანილო დ’ამბროზიომ გამოიტანა ბურთი. სტეფანო პიოლის გუნდს საწყის ტაიმში საინტერესო არაფერი შემოუთავაზებია.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმის 12 წუთიანი შუალედი დიდებულად ჩაატარა “ინტერმა” – ჯერ ევერ ბანეგამ შორიდან გაისროლა და ულამაზესი გოლი შეაგდო, მერე მაურო იკარდის ჯერი დადგა, ვინც დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. სხვათა შორის, იკარდიმ ერთი ბურთი თავით გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონში მეხუთე იყო – სერია ა-ში თავით გატანილ გოლებშიც არგენტინელი მიმდინარე სეზონში პირველია.

მოკლედ, “ინტერმა” მოიგო და 30 ქულა გაუხდა. “ნერაძურის” ზედიზედ სამი გამარჯვება დაუგროვდა თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ პიოლის გუნდმა მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო სახლში და ასეთი ხანგრძლივი მოგებების სერია საკუთარ მოედანზე ბოლოს 2011 წელს ჰქონდა. რაც შეეხება “ლაციოს” – პირველი გაშვებული გოლის მერე “არწივებმა” მალევე მეორეც გაუშვეს და გატყდნენ. თორემ, სანამ 0:0 იყო ანგარიში ინძაგის გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. “ლაციოს” 34 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.

“ინტერი” – “ლაციო” 3:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 37 868

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მირანდა, მურილო, ანსალდი (ნაგატომო 63); ბროზოვიჩი, კონდოგბია; კანდრევა (გაბრიელ ბარბოსა 86), ბანეგა (პალასიო 74), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, უოლასი, პატრიკი (კეიტა 59); პაროლო, ბილია (კატალდი 83), მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, ლულიჩი (ლომბარდი 72)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 ბანეგა (54), 2:0 იკარდი (56), 3:0 იკარდი (66)

გაფრთხილება: ანსალდი (57), მირანდა (76) – ფელიპე ანდერსონი (58), ლულიჩი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, ედინ ჯეკო (“რომა”) – 12, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 12, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 10, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9.

თეგებისერია A
0.245015