ფეხბურთი

2:08 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის გოლმა "ემპოლის" ვერ უშველა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XVIII ტურის სასტარტო მატჩი ბერგამოში გაიმართა, სადაც “ატალანტამ” “ემპოლის” უმასპინძლა. თამაში ძალზე დრამატული გამოდგა, ორი განსხვავებული ტაიმით.

ჩვენდა გასახარად, გოლი კვლავ გაიტანა ლევან მჭედლიძემ – პირველი ტაიმი ძალზე მოსაწყენი სანახავი გამოდგა. სამაგიეროდ, გაამართლა მეორე ნახევარმა. 51-ე წუთზე ტოსკანელებმა სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს: ფედერიკო დიმარკოს ჩაწოდების შემდეგ კი, ყველას და პირველ რიგში ანდრეა მაზიელოს ლევან მჭედლიძემ აჯობა. ჩვენებურმა პოზიცია აშკარად მოუგო მეტოქეს და ერთი შეხებით ჩინებული გოლი გაიტანა – 0:1 (იხილეთ გოლი). სხვათა შორის, “ემპოლიმ” კარში ერთადერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა, ხოლო წინა ტურში “კალიარისთან” ორჯერ მოათავსა ბურთი მეტოქის ჩარჩოში და ორივე გოლით დასრულდა. ანუ გამოვიდა, რომ ბოლო ორ მატჩში კარში ზუსტად მხოლოდ ლევან მჭედლიძე ურტყამს და თან ასპროცენტიანი შედეგით(!)

ამის შემდგომ უკვე “ატალანტა” გააქტიურდა, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს და შინ აუტსაიდერთან მარცხი მის გეგმებში რაღა თქმა უნდა, არ ჯდებოდა. თუმცა, ჯამპიერო გასპერინის გუნდი კარგა ხანს დასამახსოვრებელს ვერაფერს ქმნიდა. მერე მოედანზე ფრანკ კესიე შევიდა და ყველაფერი შეიცვალა. როგორც ჩანს, 19 კოტ დივუარელს ევროპული გრანდები ტყუილად არ დასტრიალებენ თავს. კესიემ 74-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. აღსანიშნავია, რომ სანამ მასპინძლების გაათანაბრებდნენ, 10 წამით ადრე მოედანე მჭედლიძემ დატოვა, რომელიც ჯოვანი მარტუსკიელომ ალებრტო ჯილარდინოთი შეცვალა. აღვნიშნოთ, რომ ფრანკ კესიე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ტოპ 5 ჩემპიონატიდან, რომელმაც მინიმუმ 6 გოლის გატანა მოახერხა მიმდინარე სეზონში.

გატანილი გოლის შემდეგ ბერგამოელებმა ზეწოლა გააძლიერეს და მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში შეხვედრა მოიგეს. მარკო დ’ალესადრომ საჯარიმოში შექმნილი არეულობით დიდებულად ისარგებლა და თავის გუნდს მოაგებინა.

“ატალანტას” 32 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. საგულისხმოა, რომ 18 ტურში ასეთი კარგი შედეგი ლომბარდიულ გუნდს არასდროს ჰქონია. რაც შეეხება “ემპოლის”, ტოსკანელებს 17 ქულა დარჩათ და გასავარდნ ზონასთან ძალზე ახლოს არიან.

ლევან მჭედლიძეზე კი კარგის მეტი არაფერი გვეთქმის – ქართველი საუკეთესო იყო მოედანზე თანაგუნდელთაგან. აღსანიშნავია, რომ მან პირველად მოახერხა სერია ა-ში მიჯრით ორ თამაშში გოლის გატანა. 2016 წელი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა და იმედია, 2017-შიც ასევე გააგრძელებს. ისიც ვთქვათ, რომ 3 გოლი “ემპოლის” არცერთ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში გატანილი არ აქვს...

“ატალანტა” – “ემპოლი” 2:1 (0:0) VIDEO

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, მაზიელო, ძუკანოვიჩი; კონტი (დ’ალესანდრო 57), გალიარდინი, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (კესიე 46); პეტანია (პეშიჩი 72), გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; კოშიჩი, ბელუსკი, კოსტა (ვესელი 16), დიმარკო; ტელო, დიუსე, ბუჩელი; კროჩე; მარილუნგო (პუჩარელი 67), მჭედლიძე (ჯილარდინო 73)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

გოლები: 0:1 მჭედლიძე (51), 1:1 კესიე (74), 2:1 დ’ალესანდრო (90)

გაფრთხილება: კურტიჩი (38), გომესი (53), დ’ალესანდრო (90) – ბუჩელი (17), მარილუნგო (23), დიუსე (83), სკორუპსკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 30 (10) – 3 (1) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 14:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მიშელ ფაბრი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133322