ჭიდაობა

20:30 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყოვლისშემძლე კაციაშვილი

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი გიორგი კაციაშვილი საქართველოს 2016 წლის აბსოლუტური ფალავანი გახდა. 20 წლის შიდაქართლელმა სპორტსმენმა დღეს, "ახალი თბილისის” ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის დარბაზში გამართული ყოველწლიური პრესტიჟული შეჯიბრების გადამწყვეტ ბრძოლაში გამოცდილი მოწინააღმდეგე – მძიმეწონოსანი ძიუდოისტი ონისე ბუღაძე ულამაზესი სუფთა გდებით დაამარცხა და ფალავნისთვის დაწესებულ ჯილდოს – თბილისში ბინას დაეუფლა. ბუღაძეს 10 ათასი ლარი ერგო, ხოლო მესამე ადგილზე გასულ კიდევ ერთ მძიმეწონოსან ძიუდოისტ უშანგი კოკაურს – 5 ათასი.

აბსოლუტური ფალავნობისთვის ბრძოლა წინა წლების შეჯიბრებებისგან განსხვავებით, მეოთხედფინალებით დაიწყო (შარშან საწყისი ეტაპი მერვედფინალი იყო). იქამდე კი, ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.

წონების მიხედვით საპრიზო სამეულები ასე შეივსო:

80 კგ

1 გიორგი კაციაშვილი

2 გიორგი მახარაშვილი

3 ზვიად კაპანაძე

90 კგ

1 გიორგი პაპუნაშვილი

2 პაატა ღვინიაშვილი

3 ნიკა სიდამონიძე

100 კგ

1 ლაშა ტაველური

2 გიორგი კობაიძე

3 სოსო იარაჯული

+100 კგ

1 ონისე ბუღაძე

2 უშანგი კოკაური

3 დავით რაზმაძე

ოთხივე წონის სამეულში შესული მოჭიდავეები 3 ათასი, 2 ათასი და ათასი ლარით დაჯილდოვდნენ. ფინალისტებმა კი ფინანსურ ჯილდოებთან ერთად აბსოლუტური ფალავნობისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლებაც მოიპოვეს.

მეოთხედფინალში 80 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები 100 კილოგრამის ფინალისტებთან დაწყვილდნენ, ხოლო 90-კილოგრამიანები – +100 კილოგრამიანებთან. შესაბამისად შარშანდელი აბსოლუტური ფალავნობის ფინალი ამჯერად წინასწარ ეტაპზე განმეორდა, ოღონდ განსხვავებული შედეგით დასრულდა. ონისე ბუღაძემ საქართველოს 2-გზის (2013 და 2015) ფალავანი პაატა ღვინიაშვილი დაძაბულ ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა.

ამავე წონითი კატეგორიების მეორე დაპირისპირება არ შედგა, რადგან გიორგი პაპუნაშვილი უშანგი კოკაურთან შეხვედრაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება კიდევ ორ მეოთხედფინალს - ლაშა ტაველურმა სუფთად მოუგო გიორგი მახარაშვილს, ხოლო გიორგი კაციაშვილმა – ასევე სუფთად სძლია გიორგი კობაიძეს.

ნახევარფინალში მძიმეწონოსანთა ფინალი განმეორდა და მეორედაც დამატებულ დროში დასრულდა, ისევ ბუღაძის გამარჯვებით. კაციაშვილმა კი მორიგი სასწაული ლაშა ტაველურთან მოახდინა, ისევ სუფთა გდებით. თუმცა მთავარი გამარჯვება ცოტა ხანში იზეიმა, თავისზე ერთი თავით მაღალ და სულ ცოტა, 40 კილოგრამით მძიმე ბუღაძესთან.

დღის დამაგვირგვინებელ ბრძოლამდე მესამე ადგილისთვის შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ტაველურმა კოკაურთან დაჭიდება არ ისურვა და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114989