ფეხბურთი

23:30 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: "ლაიპციგის" დასრულებული ზღაპარი და გალიდერებული "ბაიერნი"

გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურის შემდომ სატურნირო ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს – მიუნხენის “ბაიერნი” და ლაიპციგის “რედ ბული”.

დიახ, რალფ ჰასენჰუტლის ზღაპარი დასრულდა. ყოველშემთხვევაში, ერთი ნაწილი მაინც. პირველი მარცხი სეზონში, 9 მატჩიანი მოგებების სერიის შემდგომ პირველი დაკარგული ქულები და ეს ყველაფერი იქ, სადაც ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა. “ლაიპციგს” ფეხი ინგოლშტადტში დაუცდა. გუნდთან, რომელსაც 13 ტურში ერთადერთი გამარჯვება, 6 ქულა ჰქონდა და ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფებოდა... თუმცა, ასეთია ფეხბურთი და საერთოდ, ცხოვრება. დასარული ყველაფერს აქვს და “ლაიპციგმაც” ზღაპარი დასრულა. არადა, რა ახლოს იყო ზამთრის ჩემპიონობასთან?! – ისე, არც ახლაა უშანსოდ, დარჩენილი სამი ტურიდან ერთი “ბაიერნთან” აქვს და ვინ იცის, იქ რა მოხდება. “ინგოლშტადტს” კი ლიდერთან როჯერის მე-12 წუთზე გატანილი გოლი ეყო და ბოლო პოზიციას როგორც იქნა თავი დააღწია.

“ლაიპციგის” წაფორხილებით დიდებულად ისარგებლა “ბაიერნმა” – “რეკორდმაისტერმა” ყველა კრიტიკოსი დაადუმა. ყოველშემთხვევაში, დროებით მაინც. კარლო ანჩელოტის გუნდმა დღეს “ვოლფსბურგი” გაანდგურა, რომელიც წელს ერთო ბეჩავი გუნდია. ვალერიან ისმაილის კლუბი მეტსახელს ვერ ამართლებს – “მგლებს” კი არა, “ვოლფსბურგი” წელს უფრო ცხვარს ჩამოჰგავს... დუბლით გამოირჩა რობერტ ლევანდოვსკი, ვინც ბუნდესლიგაში 34-ედ მოახერხა ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლის გატანა. მეტოქის კარი დალაშქრა ტომას მიულერმაც. მან ბუნდესლიგაში 999 წუთიანი მშრალი სერია როგორც იქნა შეწყვიტა. ჰო, კიდევ, “ბაიერნმა” გერმანიის მთავარ ლიგაში საკუთარ მოედანზე 650 ქულა მოიპოვა და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენია. მეორე ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ 509 ქულა აქვს. ახლა, “ბაიერნსა” და “ლაიპციგს” 33-33 ქულა გაუხდათ და ლიდერობას იყოფენ. მომდევნო ტურში “ბაიერნი” “დარმშტადტს” ეწვევა, რომელიც ბოლო ადგილზეა, ხოლო რალფ ჰასენჰუტლის დებიუტანტს რთული მატჩი აქვს შინ ბერლინის “ჰერტასთან”.

დორტმუნდის “ბორუსიასთვის” მარკო როისი ფასდაუდებელი მოთამაშე რომ გახლავთ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა – ტომას ტუხელის გუნდი პრინციპულ თამაშს აგებდა “კიოლნთან” გასვლაზე, მაგრამ გერმანელმა შემტევმა ზედ შეხვედრის ბოლო წუთზე შესძლო თავის გამოჩენა და თავისიანებს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა. თუმცა, ამ არადამაჯერებელი თამაშის ფონზე, “ბორუსია” მოწინავე სამეულს უფრო და უფრო შორდება. “თხებს” კი, რომლებმაც სეზონი დიდებულად დაიწყეს ბოლო ხუთ ტურში ოდენ 5 ქულა აქვთ მოპოვებული და ნელ-ნელა ცხრილის შუისკენ ეშვებიან.

სხვთა შორის, ბუნდესლიგისთვის არადამახასიათებლად წარიმართა დანარჩენი მატჩები. ანუ, გოლების სიმწირე იყო. გამოვყოთ “ჰამბურგის” მოგება “აუგსბურგთან”. სხვათა შორის, “შპორტვერაინმა” ბოლო ოთხ ტურში 8 ქულა მოიპოვა, მაშინ, როდესაც საწყის 10 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აიღო... ასევე 1:0 იმარჯვა “ფრაიბურგმა” საკუთარ მოედანზე “დარმშტადტან” და ბუნდესლიგაში საიუბილეო მე-700 ქულა დააგროვა. “დარმშტადტი” კი ბოლო საფეხურამდე დავიდა.

დღევანდელი დღის დასკვნით მატჩში ბერლინის “ჰერტას” დიდებული შანსი ჰქონდა ლიდერებს სამ ქულაზე მიახლოვებოდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერთან” მეტად უნიათოდ გაისარჯა და დამარცხდა – 0:1. მართლია, პალ დარდაის გუნდი მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ ალბათ, ბერლინში, დიდხანს გაიხსენებენ აუტსაიდერ “ბრემენელ მუსიკოსებთან” მარცხს.

“ბაიერნი” – “ვოლფსბურგი” 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 რობენი (18), 2:0 ლევანდოვსკი (22), 3:0 ლევანდოვსკი (58), 4:0 მიულერი (76), 5:0 დიეგო კოშტა (86)

“კიოლნი” – “დორტმუნდი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 რუდნევსი (28), 1:1 როისი (90)

“ფრაიბურგი” – “დარმშტადტი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პეტერსენი (86, პენ)

“ჰამბურგი” – “აუგსბურგი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კოსტიჩი (68)

“ინგოლშტადტი” – “ლაიპციგი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 როჯერი (12)

“ჰერტა” – “ვერდერი” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კრუსე (41)

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 15 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 11, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 8.

თეგებიბუნდესლიგა
0.116424