ჭიდაობა

22:27 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ლომთაძის მსოფლიო ვერცხლი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ბექა ლომთაძეს (61 კგ) არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისთვის ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. შარშანდელი ევროპირველობის ფინალისტი მსოფლიო კონკურენციაშიც გადამწყვეტ ბრძოლამდე მივიდა და ისევ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დილის პროგრამა ლომთაძემ ყირგიზ ადილეტ მამატაევთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს ჯერ 5 ქულა აუღო, შემდეგ კი სუფთად მოუგო. მოლდოველ ანდრეი პერპელიტას 5:2 აჯობა, საფრანგეთის ნაკრების წევრ იური სიემაკინს - 12:2, ხოლო აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს - 12:11.

ფინალში ბექა ლომთაძე ამერიკელ ლოგან ჯეფრი შტიბერთან 4:8 დამარცხდა.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატში 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბერძენ-რომაელებიც ჩაერთნენ. მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრი მინდია წულუკიძეც. კარგადაც დაიწყო – ფინელი ტერო ანტერო მატიას ჰალმესმაეკი ჩამოიშორა (2:1), მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან წააგო და ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულა. ცოტა ხანში კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც ალიევმაც წაიფორხილა და ფინალში ვერ გავიდა.

ბუდაპეშტური მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსება, ხოლო ბერძნულ-რომაულში – 80 კილოგრამში. საქართველოს დროშის ქვეშ დავით ტლაშაძე (70 კგ) და ნიკოლოზ კელასოვი (80 კგ) იჭიდავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119745