კალათბურთი

16:22 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის დღევანდელი შეხვედრები, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს, აუტსაიდერების - „ოლიმპისა“ და „მგზავრების“ შეხვედრით გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპი“ ამ შეხვედრამდე გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო, ფავორიტად მაინც ეს გუნდი მიიჩნეოდა, რადგან „მგზავრებმა“ სხვადასხვა მიზეზებით სამი წამყვანი კალათბურთელი - კალებ კრეიტონი, ბრენდონ პიტერსი და ბექა წივწივაძე მოისაკლისა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი „მგზავრების“ გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 20:15. მეორე მეოთხედიდან ინიციატივას „ოლიმპის“ კალათბურთელები დაეუფლნენ. იყო მომენტები, როცა ამ გუნდის უპირატესობამ 20 ქულასაც კი აჭარბებდა. რაღა თქმა უნდა, მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო "მგზავრებმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხეს და მატჩის საბოლოო ანგარიში 87:70 დაფიქსირდა, „ოლიმპის“ სასარგებლოდ. მართალია, ამ უკანასკნელმა მოგებული თამაშების რაოდენობით „მგზავრებს“ გადაასწრო, მაგრამ მათ მაინც თანაბარი ქულები აქვთ, რადგან „ბათუმთან“ შეხვედრის ნაადრევად დატოვების გამო ოლიმპელებს 0 ქულა დაეწერათ.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „ოლიმპის“ ახალგაზრდა მსროლელი კახა ტომარაძე იყო, რომელმაც ძირითადად სამქულიანების ხარჯზე ყველაზე მეტი 18 ქულა დააგროვა. ამ შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ტრე ბურნეთმა შეასრულა, რომლის ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნაა. „მგზავრების“ შემადგენლობაში 15 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით ყველაზე კარგი შედეგი დერნელ ტეილორმა აჩვენა.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ „სოხუმს“ ეთამაშება.

„ოლიმპი“ – „მგზავრები“ 87:70

(15:20, 21:17, 26:12, 25:21)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.220565