ავტოსპორტი

23:52 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დათა ქაჯაია გასულ სეზონს აფასებს

ძალიან დიდი ხანია მინდა ამ პოსტის დაწერა, თუმცა რაღაც დრო დამჭირდა მთელი წლის ემოციების დასალაგებლად და შედეგის გასააზრებლად. 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მეათე პოზიციას დავჯერდი. ამ სიტყვას ვიყენებ არა იმიტომ, რომ პატივმოყვარეობამ მძლია და ეს შედეგი მეპატარავება, არა, უბრალოდ იყო მეტის მიღწევის რეალური რესურსი და რომ არა მთელი რიგი პერიპეტიები, რომლებსაც ჩემი გულშემატკივარი ადვილად გაიხსენებს, მქონდა შანსი, პირველი ხუთეულისთვის მებრძოლა.

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჩემპიონატის 11-ვე ეტაპი, ისინი მთელი სეზონის განმავლობაში, ევროპისა და აზიის 11 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა. შერჩეული ავტოდრომებიდან ათი იყო ჩემთვის სრულიად უცნობი, ნაცნობი იყო მხოლოდ სპა (ბელგია). მიჭირს, თუმცა მაინც შეიძლება განსაკუთრებულად გამოვყო რამდენიმე მათგანი: ბაჰრეინი, ბურირამი, იმოლა, ზალცბურგრინგი. ორჯერ შემარჩიეს მაყურებლის სიმპატიის კანდიდატად და ორივეჯერ დამაჯერებლად გავიმარჯვე თითოეული თქვენგანის 100%იანი ჩართულობით! მოვხვდი TCR-ის გამოცემაში, სადაც სტატიაში მოხვდა ასევე ცნობები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ავტოდრომის შესახებაც! გაჩენილი დიდი ინტერესის გამო ჩემპიონატის დირექტორი პირადად ჩამოვიდა თბილისში!

გავიცანი ბევრი ცნობილი და ბევრიც დამწყები ნიჭერი პილოტი! გავიაზრე ბევრი შეცდომა და ბევრი ნიუანსი, რაც კულუარებში ხდება და მაყურებლის თვალისათვის ნაკლებად შესამჩნევია.

ყველაზე დიდი შედეგი კი, რაც ამ სეზონს და ჩემს მეტნაკლებად წარმატებულ ასპარეზობას მოჰყვა არის ის, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებში გაიხსნება საქართველოში და რუსთავის ავტოდრომი უმასპინძლებს პირველ ეტაპს, სადაც მჯერა ბევრი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მიიქცევს საერთაშორისო ავტოსპორტის ყურადღებას!

ეს ყველაფერი მმატებს ძალებს შემდეგი წლისათვის, სადაც ჩემი სპონსორების მხარდაჭერით კვლავაც წარმოვადგენ საქართველოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს ამჯერად უფრო წარმატებული ვიქნები.

ვიცი, ყველას აინტერესებს გუნდის შერჩევის საკითხი : გუნდს რათქმა უნდა ვცვლით, არის რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, კიდევ ველოდებით რამდენიმე წინადადებას, მალე საბოლოოდ გადაწყდება ყველაფერი და მეც დაუყოვნებლივ დავწერ ამ ამბის შესახებაც!

კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სპორტულ კლუბს შსს სპორტული კლუბი Mia Force-ს, საქართველოს ბანკს, პირველ არხს და ყველა თქვენგანს, ვინც გვერდში მედექით, თვალს მადევნებდით და მიუხედავად ყველაფრისა, ჩემში რწმენა არ დაკარგეთ!

წინ კიდევ უფრო რთული გამოწვევები გველის!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122506