ფეხბურთი

19:41 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცეცაძის გუნდის განსაკუთრებული პლუსი

ბოლო წლებს თუ ავიღებთ მხედველობაში, "სამტრედია" ალბათ ყველაზე შემტევი და ლაღად მოთამაშე ქართული გუნდია. აქ მხოლოდ გოლების რაოდენობას არ ვგულისხმობთ, გია ცეცაძის გაწვრთნილები ანგარიშში დაწინაურების შემდეგაც თითქმის იგივენაირად თამაშობენ, როგორც მანამდე.

ამაში დავრწმუნდით თუნდაც "ჩიხურასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაშიც (VIDEO), როცა "სამტრედია" იგებდა და მაინც არ დაუხევია უკან... ზოგადად, ცეცაძეს არ უყვარს დაცვიდან თამაში და ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში.

...მაგრამ ამჯერად ერთ კონკრეტულ სათამაშო კომპონენტზე დავწერთ, რაც "სამტრედიას" გამოარჩევს. ეს არის შეთამაშება, რომელსაც არამც და არამც არ ეწირება ინდივიდუალიზმი. უნდა გამოვარჩიოთ ორივე გოლი და ვთქვათ, რომ ბუდუ ზივზივაძემ ორივეჯერ მშვენივრად შეასრულა, თუმცა უმადურობა იქნება, დავით ჯიქიასა და ბაჩანა არაბულს ის პასები დაუკარგო.

საერთოდ, ასეთი პასი, ჯიქიამ რომ ზივზივაძეს გაუკეთა, ნებისმიერ ტოპ-ლიგის თამაშს დაამშვენებდა. სანტიმეტრებში იყო გამოზომილი, ან იქით, ან აქეთ და ბუდუ ან მოუგებდა პოზიციას გიორგი რეხვიაშვილს, ან ვერა.

იგივე უნდა ითქვას არაბულის პასზე, რომელმაც სწორად გათვალა თამაშგარე მდგომარეობის საფრთხე და მანამდე გამოზომილად გაიყვანა ზივზივაძე კარგ პოზიციაში.

თუ დააკვირდებით, ცეცაძის გუნდის გოლების დიდი უმრავლესობა ასეთია...

0.113639