ბლოგი

11:30 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოუსას დილემა

პირველი ქვა იმან გვესროლოს და პირველი პეტარდაც ჩვენს ცხვირწინ იმან ააბოლოს, ვისაც პაულო სოუსას ფლორენციის “ფიორენტინაში” მისვლა დიადი და რევოლუციური გადაწყვეტილება ეგონა. მაგრამ, მაინც ძალიან უხიაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ პორტუგალიელ კაცს მიდგომები და საფეხბურთ ფილოსოფია დაუწუნოს. ამ კაცს ფეხბურთო ნამდვილად ესმის და ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, გუნდის კონკურეტულ მატჩებზე მობილიზებაც შეუძლია, მაგრამ სოუსას არა აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისება და ახლა ამაზე მინდა გესაუბროთ.

ათასჯერ მაინც მოგვისმენია და წაგვიკითხავს იმისა შესახებ, რომ ე.წ. “დიქტატორი” მწვრთნელების დრო წავიდა და ახლა ისეთი მენეჯერების ჟამია ჩამომდგარი, რომლებიც გუნდის ლიდერებთაბნ ჭეშმარიტად ძმაკაცურად იქცევიან და ხმამაღლა ბღავილს ისევ მეგობრულად მხარზე ხელის ტყაპუნი ურჩევნიანთ, მაგრამ რეალობა მაინც საპირისპიროს გვაჩვენებს და ტიტულმრავალი მწვრთნელები სწორედ დაბღვერილი და ფეხბურთელების დამაწიოკებელი ტიპები არიან და დიდი საქმეები სწორედ შუბლშეკრულთა მიერ კეთდება.

ვინ არის პაულო სოუსა? პაულო ის კაცია, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ესპანელ ბორხა ვალეროსთან და სერბ ტომოვიჩთან ერთად პიცერიაში მიდის და ლამაზ მიმტანებს ეფანცქვალება. სოუსა ის კაცია, რომელიც ვარჯიშზე ზანტად მოძუნძულე ფედერიკო ბერნანდესკის ღიმილით მიუთითებს, რომ სიზარმაცე არაა კარგი და მისი ნიჭის პატრონ კაცს მეტი მონდომება და თავგანწირვა მოეთხოვება.

მაგრამ მოაქვს კი შედეგი ასეთ მიდგომებს? აქვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ არ მოაქვს! შეიძლება თვეში ერთხელ “ფიორენტინამ” ისეთი შეხვედრა ჩაატაროს, რომ მის ქომაგს გული აუფანცქალდეს და მომავლის დიდი იმედები ჩაესახოს, მაგრამ მომდევნო კვირების მანძილზე “ვიოლა” ერთი არაფრით გამორჩეული უფერული გუნდივით დაღოღავს მინდორზე და ამას სეუ სოუსა აუღელვებლად და ფეხებზემკიდია კაცის იერით შესცქერის.

როდესაც პაულო სოუსე ფლორენციული კლუბის მწვრთნელად დაინიშნა, უმალ დაიწყო პარალელების გავლება მასსა და გადარეულ ჟოზე მოურინიოს შორის და ამას თან ისიც სდევდა, რომ თვითონ მოურინიომ გააკეთა განცხადება თანამემამულე მწვრთნელზე და დიდი იმედი გამოთქვა, რომ სოუსა მის გზას გააგრძელებდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა, რომ პორტუგალთა მიწის შვილნი ჭეშმარიტად დიდი მწვრთნელები იყვნენ.

თავად განსაჯეთ მოურინიოს მხარდაჭერამ გამოიღო თუ არა შედეგი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პაულო სოუსას მომრავლებული პრობლემების გამკლავება საკუთარი ძალებით მოუწევს და მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს როგორ შეიძლება გაუწიო წინააღმდეგობა იტალიისა თუ ევროპის მომძლავრებულ ბობოლა გუნდებს და თან ეს ისე უნდა მოხერხდეს, რომ მუდმივად ფულზე მოწუწუნე “ფიორენტინას” დირექტორებიც დაითანხმო და ნორმალური ფერბურთელები აყიდინო.

სოუსას წინაშე იმდენი გამოწვევაა, ნამდვილად არავის ვუსურვებ მის ადგილზე ყოფნას. მით უმეტეს, რომ ახლა მისი საქმეები არცთუ კარგად მიდის და უკვე დაიწყეს პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდიდან გაშვებაზე საუბარი. პირადად მე მომხრე ვარ, რომ სოუსას კიდევ მისცენ შანსები და მინიმუმ საფეხბურთო სეზონის ბოლომდე მაინც არ მოერყიოს მისი სკამი. თუმცა, ასე გაგრძელება რომ არ შეიძლება – ამაზე ისინიც კი თანხმდებიან, ვისაც სოუსასი ყველაზე მეტად ეიმედებოდათ. დასასრული კი ცხადია ყველაფერს აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110626