ფეხბურთი

2:08 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: რამოსი კვლავ გმირის როლშია

“ბარსელონა” საკუთარ მოედანზე ბოლო წუთამდე უგებდა “რეალს” და ლა ლიგაში ჩამორჩენას 3 ქულამდე უმცირებდა, თუმცა სერხიო რამოსმა თავისთვის საყვარელ პერიოდში მოახერხა გოლის გატანა და უკვე მერამდენედ შეძლო ბოლო წუთებში საკუთარი გუნდის გადარჩენა.

ვერ ვიტყვით, რომ “ელ კლასიკოში” ის ვიხილეთ, რასაც ველოდით. გულშემატკივრები ამ გუნდების დაპირისპირებაში უფრო სხვა ფეხბურთს ვართ მიჩვეულნი და გარკვეული უკმარისობის გრძნობა ალბათ ყველას დარჩა.

შეხვედრის დაწყების წინ გუნდებმა წუთიერი დუმილით "შაპეკოენსეს" დაღუპული ფეხბურთელების ხსოვნას მიაგეს პატივი...

თამაში ძალიან ფრთხილად დაიწყეს და ეს ფაქტობრივად მთელ პირველ ტაიმში გაგრძელდა. ტემპი საკმაოდ დაბალი გახლდათ და რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა.

სამაგიეროდ, იყო არაერთი სადავო ეპიზოდი, როდესაც ორივე გუნდის მოთამაშეები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა კლოს გომესმა ყველა ასეთი შემთხვევა რეაგირების გარეშე გაატარა.

ბოლო “ელ კლასიკოების” მსგავსად, კვლავ ნაკლებად აქტიური გახლდათ ლიონელ მესი და საბოლოოდ ზედიზედ მეექვსე მატჩში ვერ გაუტანა “რეალს”. დიდად გამორჩეულები არც სხვა შემტევები ყოფილან (ცალკეულ მომენტებს თუ არ ჩავთვლით), ისევე, როგორც ივან რაკიტიჩი და ანდრე გომეში.

მადრიდელთაგან ძალიან კარგად თამაშობდა ლუკა მოდრიჩი და ცენტრში სტუმართა კარგი თამაში დიდწილად სწორედ ხორვატი მოთამაშის დამსახურებაა. მარცხენა ფლანგიდან ტრადიციულად მარსელო აქტიურობდა, ხოლო დანი კარვახალს შედარებით სუსტი მატჩი გამოუვიდა და რამდენიმე უხეში შეცდომაც დაუშვა, რომელთაგან ერთს კინაღამ გოლი მოჰყვა. ვერ ითამაშა ვერც ქარიმ ბენზემან, რომელიც საკმაოდ ანელებდა თავის გუნდის შეტევებს და რამდენიმე მომენტში უფრო სხარტად რომ ემოქმედა, შესაძლოა, მეტოქეს დიდი პრობლემები შექმნოდა.

მეორე ტაიმი აშკარად უკეთესი გამოდგა, ვიდრე პირველი. თუმცა, გოლი კონტექსტიდან ცოტა ამოვარდნილი იყო: ნეიმარმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც რაფაელ ვარანს ლუის სუარესმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. “ბარსელონამ” პირველივე შანსი გოლად აქცია.

გაშვებულ გოლს თითქოს სტუმრები უნდა გაეაქტიურებინა, თუმცა პირიქით მოხდა. მე-60 წუთზე ივან რაკიტიჩის ნაცვლად მინდორზე ანდრეს ინიესტა გამოჩნდა, რომელიც 40-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთს.

ინიესტა თამაშში კარგად ჩაერთო და “ბარსელონამ” უპირატესობა მოიპოვა, რაც მის მიერ შექმნილ ორ 100%-იანი საგოლე შანსში აისახა: პირველ ეპიზოდში ნეიმარმა კარვახალი ბავშვივით მოატყუა, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ნავასის კარს ზემოდან გადააცილა, ხოლო მეორე შემთხვევაში ინიესტამ ბრწყინვალე გადაცემით მესი ერთი-ერთზე გაიყვანა, მაგრამ არგენტინელსაც სიზუსტემ უმტყუნა.

გამოუყენებელი მომენტების გამო მასპინძლები მკაცრად დაისაჯნენ. ბოლო წუთებში სტუმრები გააქტიურდნენ და ჯერ სერხიო რამოსი, ხოლო შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ თავური დარტყმებით დაემუქრნენ ტერ შტეგენს. ამ მომენტებს დიდი ხიფათი არ მოჰყოლია, თუმცა მომდევნო ეპიზოდი კატალონიელთათვის საშინლად დასრულდა: 90-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა სტანდარტული მდგომარეობიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას სერხიო რამოსმა აჯობა და მორიგი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

კლოს გომესმა შეხვედრას 3 წუთი დაამატა და ამ დროში “ბლაუგრანას” მოგება მაინც შეეძლო. კეილორ ნავასმა ჩაწოდებული ბურთი მუშტებით საჯარიმოს გარეთ მოიგერია, თუმცა იქ სერხი რობერტო გაჩნდა და თავი დაახვედრა ბურთს, ნავასს აღარანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა კაზემირომ კარის ხაზიდან გამოიტანა და რამოსთან ერთად, შეხვედრის გმირი გახდა – 1:1.

გადამწყვეტი გოლის ავტორმა სერხიო რამოსმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გატანილ გოლს "შაპეკოენსეს" გარდაცვლილი ფეხბურთელების ოჯახებს უძღვნის.

“რეალის” და “ბარსელონას” ქულების დაკარგვით ვერცერთმა იმ კლუბმა ვერ ისარგებლა, რომელიც მათ მდევრად მიიჩნევა. “სევილია” მოულოდნელად გასვლაზე “გრანადასთან” დამარცხდა, რომელსაც აქამდე მოგება არ ჰქონდა. “ვილიარეალი” ასევე გასვლაზე “ლეგანესს” დაუპირისპირდა და უგოლოდ გაეყარა. მშრალი ფრე დაფიქსირდა “ვისენტე კალდერონზეც”, სადაც “ატლეტიკომ” მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და “ესპანიოლს” დაუზავდა.

ბარსელონა – რეალი 1:1 (0:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ინიესტა 60), გომეში (თურანი 78), მესი, ნეიმარი (დ.სუარესი 87), ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რეალი (4-4-2): ნავასი, ვარანი, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კოვაჩიჩი (დიასი 86), მოდრიჩი, ისკო (კაზემირო 66), ლ.ვასკესი, რონალდუ, ბენზემა (ასენსიო 77).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ლ.სუარესი (53), 1:1 რამოსი (90)
გაფრთხილებები: ნეიმარი, ლ.სუარესი, ბუსკეტსი, მასკერანო – ისკო, კარვახალი
მსაჯი: კლოს გომესი

გრანადა – სევილია 2:1 (1:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ოჩოა, ლომბანი, სუნიერი, ფოლქიერი, გაბრიელი, სამპერი, აგბო (მარკესი 77), ბოგა (კუენკა 75), ა.პერეირა, კარსელა-გონსალესი, კრავეტსი (პონსე 86).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

სევილია (4-3-3): ს.რიკო, რამი, პარეხა, მარიანო, მერკადო (სარაბია 69), კრანევიტერი (იბორა 55), ნ’ზონზი, ფ.ვაზკესი, ხ.კორეა (ბენ იედერი 69), ვიტოლო, ვიეტო.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 ა.პერეირა (27), 2:0 ლომბანი (56), 2:1 ბენ იედერი (95 პენ.)
გაფრთხილებები: ა.პერეირა, გაბრიელი, კარსელა-გონსალესი, მარკესი, ლომბანი – ფ.ვაზკესი, იბორა
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

ლეგანესი – ვილიარეალი 0:0 (0:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, პ.ინსუა, მანტოვანი, ბუსტინზა, ვ.დიასი, ალბერტო (რ.პერესი 57), ტიმორი, გაბრიელი, მაჩისი, ომარი (უ.ლოპესი 70), ლუსიანო (გერერო 77).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, მუსაჩიო, რუისი, გასპარი, ხ.კოსტა, რ.ერნანდესი, ტრიგეროსი, რ.სორიანო (ჯ.დოს სანტოსი 71), კასტილიეხო (ბორე 80), პატო (ბაკამბუ 67), სანსონე.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გაფრთხილებები: გაბრიელი, ომარი, ალბერტო, ტიმორი, პ.ინსუა, ბუსტინზა – ხ.კოსტა, გასპარი, რ.სორიანო
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი

ატლეტიკო – ესპანიოლი 0:0

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, კოკე, ტიაგო (გაიტანი 68), გაბი, კარასკო (ა.კორეა 71), გრიზმანი, გამეირო (საული 83).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, კარისოლი, ვ.სანჩესი, ფუეგო, დიოპი, ხურადო, პიატი (ჰ.პერესი 55), ბაპტიშტაო (სევილია 76), ხ.მორენო (კაისედო 77).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გაფრთხილებები: კოკე, გოდინი – დიოპი, ხ.მორენო
მსაჯი: ხაიმე ლატრე

თეგებილა ლიგა
0.115194