ფეხბურთი

4:12 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონა” “ანოეტაზე” მარცხს გადაურჩა

წაუგებელი გუნდი რომ არ არსებობს ახალი ამბავი არაა და სეზონში რამდენიმე თამაშს “ბარსელონაც” აგებს, თუმცა ასეთ მატჩებშიც კატალონიური გრანდი უმეტესად უპირატესობას ფლობს ხოლმე და მეტოქე გატანილი გოლის შემდეგ ყრუ დაცვაშია. მართალია, გუშინ “ბლაუგრანას” არ წაუგია, თუმცა “სოსიედადთან” საგარეო მატჩში იმდენად დაიჩაგრა, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ლუის ენრიკეს კრებულმა 1 ქულა მოიპოვა და არა 2 დაკარგა. ასეთი რამ კი, “ბარსელონას” შემთხვევაში ძალიან იშვიათია.

როგორც იცით, “ბლაუგრანას” “ანოეტაზე” თამაში ძალიან უჭირს და 2007 წლის შემდეგ არ მოუგია. ამჯერადაც ასე მოხდა. მასპინძლები პირველივე წუთებიდან ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ეს მთელი მატჩშის განმალობაში ასე გაგრძელდა. მათ შეძლეს და ასეთი დონის გუნდი ყველა სათამაშო კომპონენტში, მათ შორის ბურთის ფლობაშიც დაჯაბნეს.

ეუსებიო საკრისტანის შეგირდები თავიდანვე 3 ქულაზე იყვნენ დაგეშილნი და მეტოქეს აქტიურად შეუტრიეს. “ჩური ურდინს” პირველ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე მეტად გამოსაყოფი მაინც ხაბი პრიეტოს თავურია. გამოცდილ ნახევარმცველს გატანა მართებდა, მაგრამ ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა. სტუმრები პირველ ნახევარში ერთადერთხელ დაემუქრნენ მეტოქის კარს, ლუის სუარესი შორიდან ურტყამდა და ეს ნაკლებად სახიფათო გახლდათ არგენტინელი კიპერისთვის.

მეორე ნახევარში “ბლაუგრანა” ოდნავ გამოცოცხლდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა მასპინძლები კვლავ გაცილებით აქტიურნი იყვნენ, რამაც შედეგი 53-ე წუთზე გამოიღო: ველამ ხავიერ მასკერანო ჩამოიშორა და კარში ახლოდან დაარტყა, თუმცა ტერ შტეგენმა ბურთის მოგერიება მოახერხა, რომელიც ვილიან ჟოზესკენ გაფრინდა და მანაც თავური დარტყმით მოახერხა გატანა.

“სოსიედადი” არ გაჩერებულა და შეტევები განაგრძო, თუმცა ამაში ნამეტანად გაერთო და 59-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა გამოეპარა: ნეიმარმა ბრწყინვლედ ითამაშა, ორი მეტოქე ჩამოიშორა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მესის გადააწოდა ბურთი, რომელმაც ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კარლოს ველამ ჯერ ხარიხას გაარტყა, ხოლო შემდეგ ძელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პირველი ეპიზოდი. დამატებაზე ყველას შეცვლაზე შემოსულმა ხუანმიმ დაასწრო და ცარიელ კარში მარტივად გაიტანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და როგორც განმეორებაზე გამოჩნდა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ხუანმი ხერარდ პიკეზე უკან იდგა და მსაჯმა სუფთა ბურთი არ ჩათვალა.

ველას გარდა, რამდენიმე შანსი ჰქონდა ესტებან გრანეროს, რომელიც მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და მინიმუმ 2 ძალიან კარგი შანსი შეექმნა, თუმცა “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი სათანადოდ აშკარად ვერ ჩაერთო თამაშში და მშვენიერი საგოლე შანსები გაანიავა. მომენტის გარეშე სტუმრებიც არ ყოფილან: ხავიერ მასკერანოს თავური ოდნავ ასცდა რულის კარს, ხოლო დენის სუარესის დარტყმული მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან.

ამრიგად, “ანოეტაზე” განვითარებული სცენარიდან გამომდინარე, სტუმრები ქულით უკმაყოფილონი არ უნდა იყონ, მასპინძლებს კი ნამდვილად გული დასწყდებათ, რადგან ასეთი დონის მეტოქესთან უმაღლეს დონეზე ითამაშეს და მხოლოდ ქულის აღება მოახერხეს.

წინა ტურში მადრიდულ დერბიში შერცხვენილმა “ატლეტიკომ” გასვლაზე იმ ანგარიშით დაამარცხა “ოსასუნა”, როგორითაც 1 კვირის წინ წააგო “რეალთან”. “როხიბლანკო” 36-ე წუთზე დიეგო გოდინმა დააწინაურა, ერთ წუთში კევინ გამეირომ სხვაობა გაზარდა, ხოლო 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა იანიკ ფერეირა კარასკომ გამოიჩინა თავი – 0:3.

“სელტამ” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი “გრანადა” იოლად დაამარცხა, ხოლო “ვილიარეალი” “ელ მადრიგალზე” მოულოდნელად დამარცხდა “ალავესთან”.

ლა ლიგაში 13 ტურის შემდეგ “რეალი” 33 ქულით ლიდერია. “ბარსელონას” და “სევილიას” 27-27 ქულა აქვთ, ხოლო “ატლეტიკოს” – 24.

ვილიარეალი – ალავესი 0:2 (0:2)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო, გასპარი, ხ.კოსტა, ბ.სორიანო, ტრიგეროსი, კასტილიეხო (ჯ.დოს სანტოსი 77), რ.სორიანო (ჩერიშევი 46), სანსონე (ბაკამბუ 69), პატო.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ალავესი (4-3-2-1): პაჩეკო, კიკო (ვიგარაი 85), ფედალი, პანტიჩი, ტ.ერნანდესი, მ.ლორენტე, მენდეში (ესპინოზა 73), დ.ტორესი, კამარასა, იბაი (რ.გარსია 63), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 0:1 იბაი (8), 0:2 კამარასა (17)
გაფრთხილებები: ხ.კოსტა, ბ.სორიანო – დ.ტორესი, ფედალი, პანტიჩი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ოსასუნა – ატლეტიკო 0:3 (0:2)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (4-4-2): ნაუზეტი, უ.გარსია, ფლანიო, ბონინი (ი.გარსია 46), კლერკი, კაუსიჩი, ოიერი, ბერენგუერი (დე ლას კუევასი 73), რ.ტორესი, კოდრო (რივიერი 57), ო.რიერა.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლ.ერნანდესი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, კოკე, ა.კორეა (კარასკო 66), გრიზმანი (ტეიე 84), გამეირო (საული 71).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 გოდინი (36), 0:2 გამეირო (37), 0:3 კარასკო (90)
გაფრთხილებები: ბონინი, კაუსიჩი – ტიაგო, ხიმენესი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

მე-14 წუთზე რ.ტორესმა პენალტი ვერ გაიტანა

სელტა – გრანადა 3:1 (2:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-4-2): ბლანკო, კაბრალი, ფონტასი, ხონი, რონკალია, მ.დიასი, რადოია, ბონგონდა, ვასი (სენე 82), როსი (გუიდეტი 70), ასპასი (ჩეიკი 86).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გრანადა (5-4-1): ოჩოა, სუნიერი, ლომბანი, ვეზო, ტაბანუ (ბუენო 65), ფოლქიერი, აგბო (პონსე 72), სამპერი, ა.პერეირა (ატზილი 57), კარსელა-გონსალესი, კრავეტსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0 ასპასი (23), 2:0 ბონგონდა (39), 2:1 კრავეტსი (87), 3:1 ჩეიკი (93)
გაფრთხილებები: ა.პერეირა, სამპერი, ტაბანუ
მსაჯი: დანიელ ხესუს ტრახილიო

სოსიედადი – ბარსელონა 1:1 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, კ.მარტინესი, პრიეტო (კანალესი 72), ილარამენდი, ზურუტუზა, ოიარზაბალი (გრანერო 85), ველა, ვილიან ჟოზე (ხუანმი 75).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი (დ.სუარესი 46), გომეში, ბუსკეტსი, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (53), 1:1 მესი (59)
გაფრთხილებები: კ.მარტინესი, ზურუტუზა – ტერ შტეგენი, მასკერანო, დ.სუარესი, ალბა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157459