ფეხბურთი

2:17 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მეორე საფეხურზეა

იტალიის სერია A-ს XIV ტურის პირველი სათამაშო დღის შემდგომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებებია – “მილანმა” “რომას” გადაასწრო და მეორე ადგილი მარტომ დაიკავა, ხოლო “ტორინომ” მეოთხე პოზიციას მიუკაკუნა.

კრიტიკოსებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ “მილანს” ჩავარდნა დაეწყება, არ მართლდება. ვინჩენცო მონტელამ როგორც ჩანს, “როსონერის” ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატა და გუნდიც ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებს. დიახ, დღეს, ემპოლიში “როსონერიმ” გადასარევი ფეხბურთი აჩვენა სათამაშო თვალსაზრისით და დიდი ანგარიშითაც მოიგო – 4:1. კარლოს ბაკას არყოფნაში, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და რომელიც, დღეს არა “მილანის”, არამედ “სევილიას” მატჩს დაესწრო ესპანეთში, სასტარტოში ჯანლუკა ლაპადულა მოხვდა და იტალიელი ფორვარდმაც მწვრთნელს ნდობა გაუმართლა – დუბლი გაიფორმა. კვლავ გაიტანა სუსომ, ვინც ორი საგოლე პასიც შეასრულა (ორჯერვე ლაპადულას გაატანინა). აღსანიშნავია, რომ “მილანის” ბოლო 6 გოლში სუსოს წვლილი მიუძღვის (4-ჯერ თავად გაიტანა, ორჯერ ასისტენტის როლში მოგვევლინა). ამაში არ შედის “ემპოლის” კარში გატანილი კიდევ ერთი გოლი, რომელიც მასპინძელთა მცველმა ანდრეა კოსტამ საკუთარ კარში გაიტანა ჯაკომო ბონავენტურას დიდებული დრიბლინგის შედეგად. აღსანიშნავია, რომ “მილანმა” ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი მოიგო, ასეთი რამ კი 2014 წლის აპრილის მერე შავ-წითლებს ვერ გაეკეთებინათ. ამასობაში, “მილანი” მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ “იუვენტუსს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ “იუვესაც” და “რომასაც” XIV ტურის მატჩები სათამაშო აქვთ.

ხუმრობა ხუმრობაში კი, “ტორინო” მეოთხე ადგილზეა – სინიშა მიხაილოვიჩი უკვე დაუფარავად ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. რა გასაკვირია, “ტორინოს” ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებს და ქულების მოპოვებაც არ უჭირს. დღეს, “ხარებმა” იაგო ფალკეს დუბლით “კიევოს” მოუგეს – 2:1. აღსნაშნავია, რომ “ტოროს” 31 გოლი აქვს სერია ა-ში გატანილი და ამ დროისთვის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. “ტორინო” ასევე ლიდერია პირველ ტაიმში შეგდებული ბურთების რაოდენობითაც (14). ამჯერად უგოლოდ დატოვა მოედანი ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორმა ანდრეა ბელოტიმ. თუმცა, საგულისხმოა, რომ ბელოტი “ტორინოს” პირველი ფეხბურთელია რიციტელის შემდეგ (1994/95, 1995/96), ვინც ზედიზედ ორ სეზონში შესძლო მინიმუმ 10 გოლის გატანა ერთი სეზონში ტურინული გუნდის მაისურით. 22 წლის ბელოტის წელს, რომ 10 გოლი აქვს ანგარიშზე გითხარით და შარშან სეზონი 12 შედეგიანი დარტყმით დაასრულა.

“ტორინო” – “კიევო” 2:1 (2:0)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 18 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი (აკქუა 82), ვალდიფიორი, ბაზელი (ობი 58); იაო ფალკე (ბოიე 69), ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“კიევო” (4-3-2-1): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; დე გუზმანი (ლამინი 81), რადოვანოვიჩი, კასტრო; ბირსა, იცკო (მეჯორინი 46, ინგლეზე 70); პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 იაგო ფალკე (36), 2:0 იაგო ფალკე (38), 2:1 ინგლეზე (86)

გაფრთხილება: ლიაიჩი (13), კასტანი (65) – დაინელი (24)

გაძევება: კაჩატორე (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე ჩიფი

“ემპოლი” – “მილანი” 1:4 (1:1)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი (ძამბელი 68), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი (ტელო 68), დიუსიე, კროჩე; საპონარა; მარილუნგო (ჯილარდინო 74), მაკარონე

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, რომანიოლი, დე შილიო; პაშალიჩი (ნიანგი 79), ლოკატელი, მატი ფერნანდესი (კუცკა 10); სუსო, ლაპადულა, ბონავენტურა (პოლი 84)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 ლაპადულა (15), 1:1 საპონარა (17), 1:2 სუსო (62, ა.გ), 1:3 კოსტა (64), 1:4 ლაპადულა (78)

გაფრთხილება: კრუნიჩი (37), ბელუსკი (89) – რომანიოლი (4), კუცკა (31), ბონავენტურა (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 9 (6) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ჯანპაოლო კალვერეზე

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 10 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9, მოჰამედ სალაჰი (“რომა”) – 8, იაგო ფალკე (“ტორინო”) – 7, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 7, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 6, ილია ნესტოროვსკი (“პალერმო”) – 6.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.221187