ბლოგი

16:08 | 26.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პატიოსნების ძიებაში

საქართველოში პატიოსნების დეფიციტია! ეს სიტყვები ქართველებზე ვინმე რუსს რომ ეთქვა, ჟირინოვსკი და ლავროვი მოგონილი იქნებოდა, გინების ისეთ ნიაღვერს დავატეხდით თავზე. იმპერიის ამ ორ პირმშოს შევეშვათ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი კაცი ისეთივე ძნელად მოსაძებნია, როგორც ირანში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ბევრი ჩვენთაგანისათვის საამაყო “ქართული ურთიერთობების” უმრავლესობა, როგორც წესი კორუფციულ და წამღლეტურ საწყისებზეა აგებული, რისი მაგალითებიც უხვად მოგვეპოვება.

განა სხვაგან არ აწყობენ საფეხბურთო მატჩებს? განა სხვა ჩემპიონატში არ ხდება საძაგლობები? მაგრამ ჩვენთან მაინც გამორჩეულად სხვა “გემო” აქვს საფეხბურთო სკანდალებს და ქართველი კორუფციონერი ფეხბურთელიც და მსაჯიც სულ სხვა თარგზეა “მოჭრილი”.

ჩვენში ყველა ცდილობს, უკანონო გზით გამორჩენა ნახოს, თუკი ამის საშუალება რამენაირად არსებობს. ზოგიერთი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი ფეხბურთელით დამთავრებული (საფეხბურთო ჩინოსნებსა და საქმოსნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ფულის შოვნის უპატიოსნო გზა არავის ეთაკილება.

საქართველოში ასევე ხშირად დასცინიან თანამდებობებზე დანიშნულ პატიოსან ადამიანებსაც, რომელთაც მილიონების შოვნა ხელეწიფებათ და მაინც ხელფასზე ცხოვრებას არჩევენ. პატიოსნება ჩვენში მუდამ არამოდური იყო და ახლაც ასეა!

საქართველოში არსებულ პატიოსნების დეფიციტს მხოლოდ კომუნისტებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რადგან ფაქტია, რომ მაგალითად, უკრაინაში ჩვენზე ბევრად უფრო პატიოსანი და კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ იქაურ “ჩინოვნიკებს”, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან თავიანთი ქართველი კოლეგებისაგან.

განა მათ არ იცხოვრეს “დიად საბჭოეთში”? მათთანაც ხომ იგივე შტერული კანონები იყო, რაც აქ? მარტო ჩვენთვის ხომ არ მოიცალა მიხრწნილმა პოლიტბიურომ? მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან შედარებით, უკრაინაში გაიგეს წესრიგის ფასი, ჩვენთვის კი იგი ჯერ მხოლოდ შორეული პერსპექტივაა.

საქართველოში ასევე ძალიან მოდურია უნიათო, ანდა უარესი – კორუმპირებული ფეხბურთელების ან მსაჯის გინება, მანამდე, სანამ ისინი ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან, მაგრამ აბა, ერთიც ვნახოთ და მინდორზე ჩვენი ნათესავია - უმალ მატროსოვივით გადავეფარებით ზემოდან და კაი ბიჭია, ვინმემ მასზე ცუდი თქვას! ამ დროს კი, დარწმუნებით გვეცოდინება, რომ რეალობა სულ სხვაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118583