ფეხბურთი

11:48 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: “საქართველოს ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა დიდ არჩევანს არ გვიტოვებს”
“ვფიქრობ, “გაბალას” თამაში ჩემზე არ ყოფილა აწყობილი”

ნიკა კვეკვესკირი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელია ბოლო პერიოდში. საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მიეცა რამდენჯერმე თავის გამოჩენის საშუალება, განსაკუთრებით, კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს. სწორედ მაშინ იყო, 24 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ძალზე კარგი შთაბეჭდილება რომ დატოვა. იმის მერე, ნიკამ ბაქოს “ინტერიდან” “გაბალას” მიაშურა.

ბევრისთვის შეიძლება აზერბაიჯანის ჩემპიონატი და “გაბალა” ბევრს არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რომან გრიგორჩუკის გუნდი ზედიზედ მეორე სეზონია ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს. კვეკვესკირი ამ გუნდის ძირითად შემადგენლობას მალევე გაუშინაურდა და ევროპა ლიგის საკვალიფკაციო ეტაპსა და პლეი-ოფში დიდი როლი ითამაშა “გაბალას” წარმატებაში.

თითქოს, ჯგუფურ ეტაპი მისთვის კარგი ტრამპლინი უნდა გამომდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, სექტემბრის დასაწყისში ტრავმა მიიღო, რის გამოც 2 თვეზე მეტი გაუცდა. ნიკა, მოედანს ახლახან დაუბრუნდა და “სენტ ეტიენის” წინააღმდეგ 5 წუთზე ოდნავ მეტიც ითამაშა.

WORLDSPORT.GE ნიკას დაუკავშირდა და სწორედ გაცდენილი პერიოდით დავიწყეთ საუბარი. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების შესახებაც გვითხრა კვეკვესკირმა რამდენიმე სიტყვა. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ნაკრებს დიდი არჩევანი არ აქვს და მთავარი მიზანი თითოეულ მატჩში ბოლომდე დახარჯვა და გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება უნდა იყოს.

- როგორ მიდის საქმეები ტრავმის მოშუშების შემდეგ?

- ცოტა გაიწელა ჩემი გამოჯანმრთლების პროცესი. ტრავმა სერიოზული გამოდგა და მეტი დრო დამჭირდა რეაბილიტაციისთვის, ვიდრე ველოდი. თუმცა, ახლა ეს რთული პერიოდი უკან მოვიტოვე და საბედნიეროდ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ სრული დატვირთვით.

- როგორ ფიქრობ, რამდენად ადვილად დაიბრუნებ ადგილს ძირითად შემადგენლობაში?

- მთავარია ჩემი ფიზიკური მდგომაროება და დისკომფორტის არქონა, რომელიც ასეთი ტრავმების ფონზე გრძელდება ხოლმე. მოკლედ, ყველაფერი ჩემზე და ჩემს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. იმედია, ამ მხრივ პრობლემები არ მექნება.

- ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალას” თამაში ძირითადად შენზე იყო აწყობილი. ახლაც იგივე გეგმები აქვს რომან გრიგორჩუკს?

- ვერ ვიტყვი, რომ გუნდი ჩემზე იყო აწყობილი. “გაბალაში” არის რამდენიმე ლიდერი, რომელთა გარშემოცაა გუნდი აწყობილი. მე მაქვს კონკრეტული ფუნქცია და დავალებები, რომელსაც თავს ვართმევდი ტრავმამდე და თუ მინდორზე გავალ, ზუსტად იგივე ფუნქციები მექნება, რაც აქამდე მქონდა.

- ზამთარში ხომ არ აპირებ გუნდის გამოცვლას?

- მოდი ნუ დავშვებთ ამას. ახლა ძალიან პოზიტიურ განწყობაზე ვარ, ძალიან მენატრება ფეხბურთი. ასე რომ, არაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა, რომ ბოლომდე ვიყო ჯანმრთელი, დავიხარჯო მაქსიმალურად თითოეულ შეხვედრაში, ვარჯიშებზე, რომ მალე დავბრუნდე საუკეთესო კონდიციებში.

- ახლა ნაკრებზეც ვთქვათ: როგორ შეაფასებდი ვლადიმირ ვაისის მუშაობას, როგორც ნაკრების ერთ-ერთი წევრი...

- შეფასება ალბათ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს უფრო უპრიანი იქნება, მაგრამ რაც შეეხება განვლილ პერიოდს, იყო რამდენიმე ძალიან დადებითი მომენტი, როგორც შედეგის, ასევე სათამაშო ხარისხის კუთხით. თუმცა, ასევე იყო თამაშები, რომლებშიც უფრო კარგად უნდა წარმოგვეჩინა თავი.

- რისი მიღწევა შეუძლია გუნდს და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა თამაშის ხარისხის ან თუნდაც რეიტინგის მხრივ, დიდ არჩვენს არ გვიტოვებს. ერთადერთი, რაზეც ნაკრებმა უნდა გააკეთოს აქცენტი, თოთოეულ თამაშში ბრძოლაა მაქსიმუმის მისაღწევად, რომ გუნდმა ირწმუნოს თავისი თავის და ჩამოუყალიბდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი – რეიტინგშიც წინ რომ წავიწიოთ.

- საქართველოს ნაკრები განებივრებული არაა დიდი კონკურენციით, მაგრამ ბოლო პერიოდში შენს პოზიციაზე კონკურენცია ნამდვილად გაჩნდა...

- დიახ, ნამდვილად დიდი კონკურენციაა და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც საქართველოს ნაკრების არამარტო წევრისთვის, არამედ, როგორც გულშემატკივრისთვის. ყოველთვის მივესალმები გუნდში ჯანსაღ კონკურენციას და არანაირად არ ვუფრთხი – პირიქით. დანარჩენი კი, უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- და ბოლოს, საკლუბო თემას დავუბრუნდეთ - “გაბალას” ასპარეზობას როგორ შეაფასებდი ევროპა ლიგაზე?

- ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. თანაც, არცერთი თამაში ოპტიმალური შემადგენლობით არ გვითამაშია და ამ ყველაფერმა გაგვირთულა საქმე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასეთი ახალგაზრდა კლუბი, როგორც “გაბალაა”, ზედიზედ მეორედ მოხვდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ეს ჩვენთვის, მთლიანად გუნდისთვის უდიდესი გამოცდილებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114657