ბლოგი

18:30 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პატიებასაც დამსახურება უნდა!

12 ნოემბერი. დღე შესანიშნავად დაიწყო. თბილისში ნოემბერისთვის უჩვეულო დარი იდგა და ქართულ სპორტულკომენტატორულად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტად „სათამაშო ამინდი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით „ლოკომოტივის“ სალაროდან უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, საქართველოსა და იაპონიის სარაგბო ნაკრებების მატჩის ხილვის მსურველებმა (მიუხედავად გადამყიდველების მიერ ბილეთის ფასის სამჯერ და უფრო მეტჯერაც ხელოვნურად გაზრდისა), შეხვედრა მაინც ნახეს და ტრიბუნებზე ხალხმრავლობა ის სიამეა, რაც ჩვენს რაგბს ამ ბოლო დროსღა რომ ეღირსა.

მიუხედავად იმისა, რომ „ლოკომოტივის“ სტადიონს მრავალი პრობლემა მოუმრავლდა, მოოხრებულია დასაჯდომი სკამების ნაწილი, ტრუბუნაზე მჯდომი კაცი თავს გასული საუკუნის 60–იან წლებში გრძნობ და სხვა... განწყობა მაინც ჭეშმარიტად სარაგბო იყო და ქომაგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად შეხვედრის დიდი ნაწილის არასასურველად წარმართვისა, ერთი წამითაც კი არავის უთქვია უხამსობა და არავის გასჩენია ჩვენი მორაგბეების დატუქსვისა და გალანძღვის სურვილი, რაც ქართულ სტადიონებზე მოგეხსენებათ იშვიათი ამბავია.

სტადიონიდან გამოსული ხალხი ძალიან იყო შედეგით გულდაწყვეტილი და ყველას სახეზე ეტყობოდა დიდი იმედგაცრუება, მაგრამ ყველა ერთმანეთს ამხნევებდა – ეს არაფერი, ახლა წავაგეთ და სხვა დროს აგვერ ნახავთ მაგ იაპონელებს რასაც ვუზამთო. პატარა ბიჭუნა მამამისს ტვინს უბურღავდა და მორაგბეებთან ფოტოს გადაღებას სთხოვდა, რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა კი უკვე დაცლილ სტადიონზე იჯდა და ხმაშეწყობით “საქართველო“, „საქართველოს“ სკანდირებდა.

უცნაურია გზანი ქართული სპორტის ქომაგისა, რამეთუ ჩვენებურ სპორტის მოყვარულს ყველგან და სპორტის ყოველ სახეობაში სჯერა, რომ აუცილებლად დადგება „ჩვენი დრო“ და მოსაგები ყველასთანაა. სარაგბო მატჩის დასრულებიდან, საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთან შეხვედრამდე შუალედი დაახლოებით ოთხი საათი იყო და „ლოკომოტივის“ სტადიონიდან გამოსულ გულშემატკივებს ამ დროის მანძილზე მთელი ქალაქის მასშტაბით ყველგან ნახავდით.

ეს ადამიანები დროს კლავდნენ სააფეხბურთო მატჩამდე და ზოგი ლუდით, ზოგი კი სკვერებში ლაყაფით იქცევდა თავს. იყვნენ ისეთები, რომლებიც ამ შუალედში სახლში წავიდნენ და გემრიელად დაისვენეს ჭეშმარიტად ქართული დასვენებით, ჩვენში წამოდრანგვას რომ ეძახიან.

„დინამო არენაზე“ მისული ქომაგების უმეტესობას სახეზეც კი იცნობდით და გაგახსენდებოდთ, რომ ეს ხალხი რამდენიმე საათის წინ რაგბიზე ნახეთ. იგივე დროშების ფრიალი, იგივე სიმღერები, იგივე იმედები და ისევ რწმენა იმისა, რომ დღე აუცილებლად დასრულდებოდა გამარჯვებით და რაც მორაგბეებს ვერ გამოუვიდათ, ფეხბურთელებს აუცილებლად გამოუვიდოდათ.

ჩვენების გატანილი გოლი იყო დიდი ზეიმის ჟამი და ზოგმა ჯიბიდან ჩვენი ნაკრების ჯგუფის ცხრილიც კი ამაძვრინა იმისათვის, რათა გვერდით მჯდომისათვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსები დეტალურად განემარტათ, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და ყველაზე უცნაური ისაა, რომ გულშემატკივრებმა მოლდოვასთან ნათამაშები ფრე უფრო განიცადეს, ვიდრე იაპონიასთან მარცხი.

გამოდის, რომ მორაგბეებს ეპატიებათ ის, რაც ფეხბურთელებს არ ეპატიებათ. რატომ? როგორც ჩანს პატიებასაც დამსახურება უნდა!

0.125535