ფეხბურთი

4:24 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალმა” მადრიდულ დერბიში გაილაღა

ლა ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ატლეტიკომ” თანაქალაქელი “რეალი” მიიღო და უშანსოდ დამარცხდა.

მასპინძლები შეხვედრის წინ ძალიან აქტიურობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება იყო, თუმცა მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა.

“ატლეტიკოს” ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში 2 წაგება ჰქონდა და დღესაც მშვენივრად გამოჩნდა, რომ დიეგო სიმეონეს კრებული ძალიან ცუდ ფორმაშია და თუ დროულად არ მოეგებიან გონს, უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის შანსს ძალიან მალე დაკარგავენ.

“რეალი” კი პირიქით, დღევანდელ მატჩს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა. “ბლანკოსი’ ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელიც ჯერჯერობით არ დამარცხებულა. მადრიდულ დერბის, ზინედინ ზიდანის შეგირდები ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ სტუმრებს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშე აკლდათ: რამოსი, პეპე, კასემირო, კროოსი, ბენზემა (სათამაშოდ მზად ბოლომდე არ იყო და ამიტომაც, მხოლოდ ბოლო წუთები გაატარა მინდორზე). “თეთრების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი დანაკლისი კლუბს საერთოდ არ დასტყობია და ძლიერი მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან სტუმრებმა მოიპოვეს და მთელი ტაიმის განმალობაში ასე გაგრძელდა. განსაკუთრებით აქტიური ისკო გახლდათ, რომელიც თავის ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებდა და სათამაშო რგოლებს ერთმანეთთან მშვენივრად აკავშირებდა. უნდა ითქვას, რომ საწყის 45 წუთში ძირითადად ერთ ფლანგს ტვირთავდნენ გუნდები: მასპინძლები ხუანფრანის ფლანგს ტვირთავდნენ უფრო, ხოლო სტუმრები მარსელოს. მეორე ფლანგის განაპირა მცველები კი, პირველ ტაიმში შედარებით პასიურად გამოიყურებოდნენ.

“რეალს” გატანა შეხვედრის სტარტზევე შეეძლო, მე-12 წუთზე კრიშტიანო რონალდუ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ იან ობლაკმა შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდი გოლისგან იხსნა. ათიოდე წუთში კი, სლოვენიელმა კიპერმაც ვერაფერი გააწყო და რონალდუმ მაინც გაიტანა: პორტუგალიელმა საჯარიმო დარტყმიდან დაარტყა, ბურთი “ატლეტიკოს” მოთამაშეს მოხვდა და ობლაკისგან საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

გაშვებული გოლის მიუხედავად, მასპინძლები არ გააქტიურებულან და თამაშს კვლავ სტუმრები აკონტროლებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ, თუ ვინმე გოლს გაიტანდა ეს “რეალი” იქნებოდა, თუმცა პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა და “ბლანკოსმა” მინიმალური სხვაობით იმარჯვა.

“ატლეტიკომ” მეორე ტაიმი შედარებით აქტიურად დაიწყო და რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა, თუმცა დიეგო სიმეონეს შესვენებაზე საუბარმა და რჩევებმა, მხოლოდ დასაწყისში იმოქმედა. 10-15 წუთის შემდეგ მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა დაკარგეს და შეხვედრას ისეთი სახე მიეცა, როგორიც “რეალს” აწყობდა. “როხიბლანკო” ძალიან არეულად გამოიყურებოდა და არაფერი უგავდა იმ გუნდს, რომელიც თანაქალაქელს ლა ლიგაში ბოლო სამი წელი ამწარებდა. მასპინძლები ვერც იმ ჟინით თამაშობდნენ, რომლითაც გამოირჩევიან და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. დღევანდელი “ატლეტიკო” უფრო იმ გუნდს მოგვაგონებდა, რომელიც დიეგო სიმეონეს მოსვლამდე გახლდათ და პრინციპულ მეტოქესთან ძალიან ხშირად, სწორედ ასე აგებდა.

მიუხედავად იმისა, რომ “რეალს” ორი წამყვანი ცენტრალური მცველი აკლდა, თავს მშვენივრად იცავდა და მეტოქის შეცდომას ელოდა. სტურებმა თავიანთი შანსი 71-ე წუთზე მიიღეს: სტეფან სავიჩი და კრიშტიანო რონალდუს ორთაბრძოლა, პორტუგალიელის საჯარიმოში წაქცევით დასრულდა და ფერნანდეს ბორბალანმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანი კი, კრიშტიანომ აქცია გოლად.

მეორე ბურთმა მთლად არია “ატლეტიკო” და ექვს წუთში სტუმართა უსწრაფესი კონტრშეტევა გაეპარათ, რომელიც კრიშტიანო რონალდუს მესამე გოლით დასრულდა. 31 წლის ფორვარდმა “რეალის” მაისურით 39-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა და 375 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ მას მადრიდულ დერბიში 18 გოლი დაუგროვდა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა. აქამდე საუკეთესო შედეგი ალფრედო დი სტეფანოს ჰქონდა – 17 გოლი.

დარჩენილ დროში “როხიბლანკო” პრესტიჟის ბურთი გატანას ცდილობდა, თუმცა კეილორ ნავასმა ამის გაკეთების საშუალება არ მისცა და “რეალმა” დიდი ანგარიშით იმარჯვა – 0:3.

“ბლანკოსი” ყველა ტურნირის ჩათვლით, 29 მატჩია რაც არ დამარცხებულა. ზინედინ ზიდანის გუნდი ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე 6 აპრილს დამარცხდა, როდესაც მადრიდული გუნდი გასვლაზე “ვოლფსბურგთან” დამარცხდა (0:2).

გათამაშების მეორე ფავორიტს “ბარსელონას”, ერთი შეხედვით ბევრად იოლი და უეჭველად მოსაგები შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ლუის სუარესის და ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე “ბლაუგრანამ” ამის გაკეთება ვერ შეძლო და “მალაგასთან” შინ ძვირფასი ორი ქულა დაკარგა.

ურუგვაელი და არგენტინელი ვარსკვლავების ადგილი, არდა თურანმა და პაკო ალკასერმა დაიკავეს. განსაკუთრებული ყურადღება ამ უკანასკნელის მიმართ იყო მიპყრობილი. ესპანელმა ფორვარდმა მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარა და ასეთი შანსი, შესაძლოა დიდი ხანი აღარ ჰქონდეს.

მასპინძლები ტრადიციულად ძალიან დიდ ხანს ფლობდნენ ბურთს, თუმცა 100%-იანი საგოლე შანსი პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ შექმნეს და ორივე შემთხვევაში, კამენი ბრწყინვალედ გაისარჯა. სტუმრებს საწყის 45 წუთში არანაირი შანსი არ ჰქონიათ და მხოლოდ თავდაცვით იყვნენ დაკავებულნი.

სამაგიეროდ, ანდალუსიელებს მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა გაეტანათ: ხუან კარლოსმა ტერ შტეგენი მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა.

“ბარსელონას” უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო “მალაგას” მდგომარეობა დამძიმდა 69-ე წუთის შემდეგ, როდესაც ნეიმარზე უხეში თამაშის გამო, რიკარდო ბენგოეჩეამ დიეგო ლორენტეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და ანდალუსიური კლუბი 10 კაცით დარჩა.

კატალონიელები დარჩენილ დროში მთელი გუნდით უტევდნენ, ხოლო “მედუზები” ათივე მოთამაშით იცავდნენ თავს. მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელთაგან გამოსაყოფი რაკიტიჩის ოდნავ არაზუსტი თავური დარტყმა და ნეიმარის მომენტია – ბრაზილიელს მე-4 დამატებულ წუთზე კამენმა ურთულესი ბურთი აუღო.

ასევე, ერთ ეპიზოდში “ბარსელონას” ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა პიკეზე წესების დარღვევა არ დააფიქსირა. სტუმრებმა კი, შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს: ბენგოეჩეამ დამატებულ დროს გადააცილა და მატჩს არ ასრულებდა, რაზეც კარლოსს ნერვებმა უმტყუნა და მსაჯის მიმართ “თბილი სიტყვები” არ დაიშურა, რასაც მისი გაძევება მოჰყვა – 0:0.

დღის გახსნითი შეხვედრა “რიასორზე” შედგა, სადაც “დეპორტივო” თითქმის მთელი მატჩის განმალობაში – 87 წუთი უგებდა “სევილიას”, თუმცა მაინც უქულოდ დარჩა. ანგარიში პირველივე წუთზე რაიან ბაბელმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ფლორინ ანდონემ სამი მოთამაშე მოარტყუა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბურთი შეაგდო. 44-ე წუთზე სხვაობა სტივენ ნ’ზონზიმ შეამცირა და ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში “სევილიამ” ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის გადარჩენაც მოახერხა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მატეუ ლაოსს ანდალუსიელთა კარის მიმართულებით პენალტი უნდა დაენიშნა, რადგან ფლორინ ანდონეს მერკადომ საჯარიმოში ხელი კრა და წესიერად დარტყმის საშუალება ასე არ მისცა, თუმცა ლაოსმა ეს ეპიზოდი გაატარა. “სევილიამ” კი, 87-ე წუთზე ვიტოლოს გოლით ჯერ გაათანაბრა, ხოლო 5 წუთში მერკადოს გოლით იმარჯვა – 2:3.

დღის მეოთხე შეხვედრა “იპარუაზე” შედგა, სადაც “ეიბარმა” ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ფრან რიკოს გოლით “სელტა” დაამარცხა.

12 ტურის შემდეგ “რეალი” 30 ქულით ლა ლიგის ლიდერია. მას “ბარსელონა” 4 ქულით ჩამორჩება, “სევილიას” 24 ქულა აქვს, “ვილიარეალს” 22, ხოლო “ატლეტიკოს” – 21.

დეპორტივო – სევილია 2:3 (2:1)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, ალბენტოსა, ლუისინიო, ხუანფრანი (არიბასი 79), მოსკერა, გამა, ჩოლაკი (ბორგესი 62), ბაბელი, გილერმე, ანდ ონე (მ.მორენო 87).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

სევილია (3-4-2-1): ს.რიკო, კარისო (ვიტოლო 46), პარეხა, მერკადო, კრანევიტერი, ნ’ზონზი, მარიანო, ესკუდერო, განსო (ფ.ვაზკესი 70), სარაბია (ბენ იედერი 76), ვიეტო.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 ბაბელი (1), 2:0 ანდონე (42), 2:1 ნ’ზონზი (44), 2:2 ვიტოლო (87), 2:3 მერკადო (92)
გაფრთხილებები: ტიტონი, არიბასი, ბაბელი – პარეხა, ვიეტო
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ეიბარი – სელტა 1:0 (1:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, რამისი (გალვესი 83), ლეიუნი, ლუნა, არბილია, ფ.რიკო, დ.გარსია, ინუი (პენია 64), პ.ლეონი (ესკალანტე 71), ადრიანი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

სელტა (5-4-1): ბლანკო, ფონტასი, რონკალია, ს.გომესი, პლანასი (გუიდეტი 74), მალიო, ვასი (პ.ერნანდესი 53), რადოია, ბონგონდა, სენე (სისტო 67), ჯ.როსი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: ფ.რიკო (9)
გაფრთხილებები: პენია, რამისი – რონკალია, ბლანკო, პ.ერნანდესი, მალიო, გუიდეტი
გაძევება: ს.ალვარესი (90 სკამიდან), მალიო (94)
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო

ბარსელონა – მალაგა 0:0

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, დინიე, რობერტო, ბუსკეტსი, რაფინია (რაკიტიჩი 77), დ.სუარესი (გომეში 68), თურანი, ნეიმარი, ალკასერი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი, ვილანუევა, როსალესი, რიკა, დ.ლორენტე, ფორნალსი (დუდა 96), ონტივეროსი (მუნიოსი 69), ხ.კარლოსი, ხუანპი, რამირესი (ენ ნასირი 81).
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი

გაფრთხილებები: რიკა, ონტივეროსი
გაძევებები: დ.ლორენტე (68), ხ.კარლოსი (97)
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩე

ატლეტიკო – რეალი 0:3 (0:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი (კორეა 62), კოკე, საული, კარასკო, გრიზმანი, ფ.ტორესი (გამეირო 62).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, ვარანი, მარსელო, კარვახალი, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო (ბენზემა 79), ბეილი, ლ.ვაზკესი (ასენსიო 86), რონალდუ (ხამესი 83).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1, 0:2, 0:3 რონალდუ (23; 71 პენ. 77)
გაფრთხილებები: გაბი, კოკე, გოდინი, კორეა – რონალდუ, ლ.ვაზკესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.262432