ფეხბურთი

15:24 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის "ლიახვი" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

როგორც ცნობილია, სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში განიხილა. რაპორტის მიხედვით, 8 ნოემბერს, პირველი ლიგაში, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნა გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.რაც შეეხება ცხინვალის "ლიახვს", კლუბი 10 000 ლარით დაჯარიმდა და 6 ქულა ჩამოაკლდა.

აქვე "ლიახვის" განცხადება, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო, ემიჯნება ყოველგვარ გარიგებასა და შედეგზე მანიპულირებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს გამოიძიონ აღნიშნული მატჩი და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ.

ცხინვალის „ლიახვი“ თანამშრომლობს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს გამოძიებას, რათა აღიკვეთოს ყოველგვარი გარიგებები ქართულ ფეხბურთში.

შეგახსენებთ, პირველი ლიგის გასულ სეზონში, 2015 წლის 29 ნოემბერს გასამართი მატჩი ხობის „კოლხეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის შესაძლო გარიგების გამო გადაიდო. ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია „ლიახვის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავად ჩავიდა ხობში სიტუაციის გასაცნობად. ამ დროისთვის უცნობია ვინ ცდილობდა თაღლითურ გარიგებას. საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ თხოვნით მიმართავს სფფ-ს ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედონ და გამოიძიონ მატჩი, რომელიც შესაძლო გარიგების გამო გადაიდო" - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115295