ფეხბურთი

1:20 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისევ გაუგებრობაში

რთული მატჩი რომ იქნებოდა, ეჭვგარეშე იყო, რადგან მოლდოვა არც გიბრალტარია და არც სან-მარინო. არ ვიცით, ვერ დავამტკიცებთ, რომ მაინცდამაინც ჩვენების მოშვებულობის ბრალი იყო ეს ვერმოგება. ვითომ, ზემოდან უყურებდნენ მოლდოვას? თუ ასეა, კიდევ უფრო ცუდი.

1:1 - საქართველოს ნაკრებმა შესარჩევის წლევანდელ ოთხ მატჩში ორი ქულა აიღო, ჯერ არ მოუგია და ზედაპირულად, ამაზე "იოლი" თამაში აღარც ექნება ჯგუფში.

მოლდოველთა ლიდერმა, "როსტოვის" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ალექსანდრ გაცკანმა 78-ე წუთზე შორეული დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა და დარჩენილ დროში ქართველებს მომენტი აღარ ჰქონიათ, აი, მოლდოველებმა კი კინაღამ მეორე შეაგდეს: კუთხურის შემდეგ ბორდიანმა თავით ოდნავ ააცილა.

ისე, გაცკანის გოლი გიორგი ლორიას ბრალიცაა, მანამდე ჯარიმა დაინიშნა, ლორია უმისამართოდ გამოვიდა მაღალ ბურთზე და მერეც, შეტევა რომ გაგრძელდა, კარში დროულად არ ჩადგა. გაცკანმა, ეტყობა, ეს კარგად გათვალა და მისი დარტყმული თავზე გადაევლო ლორიას.

მანამდე კი საქართველო იგებდა, თითქოს დამაჯერებლადაც მოიგო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში აერია. გოლს რაც შეეხება, გაგვიმართლა, რომ პირველივე ნორმალური შეტევა წარმატებით დავასრულეთ: გიორგი ჭანტურია აქტიურობდა, მის გარღვევებს მოჰყვა ხიფათი, საჯარიმოში ბურთი ვაკო ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და შემდეგ შორეულ კუთხეში გამოზომილი დარტყმით 1:0 გახადა ანგარიში.

არადა, გოლამდე მოლდოველები უკეთ ირჯებოდნენ, ორი მწვავე დარტყმაც განახორციელეს.

ჭანტურია მომენტებში სიქას აცლიდა მოლდოველებს, ოღონდ პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა. ოქრიაშვილი აქტიური ვერ იყო, მისგან მეტს ველოდით. ფორვარდი გიორგი ქვილითაია კი ბურთს ვერ იღებდა, მას მკაცრად მეურვეობდნენ და ქვილითაიამაც მეტწილად წესების დარღვვევით დაგვამახსოვრა თავი. კიდევ, მომენტი გაუცუდდა: ბრწყინვალე კომბინაციის დასრულება შეეძლო, ახლოდან ვარდნაში ურტყამდა და მოლდოველთა მეკარემ მოიგერია. კიდევ გვქონდა შანსი, ჭანტურია-ყაზაიშვილის კომბინაციას ოქრიაშვილი ამთავრებდა და ოდნავ ააცილა.

აშკარად აირია თამაში შეცვლების შემდეგ. ვაისმა შეცვლები ვერ გამოიცნო. მართალია, ვაკო გვილია ისე კარგად ვერ თამაშობდა, როგორც უელსსა და ირლანდიაში, მაგრამ მისი შეცვლა რისკი იყო, ნახევარდაცვაში გაჩნდა ნაპრალები.

სანამ გაცკანი გაათანაბრებდა, მოლდოველებს რამდენიმე მწვავე შეტევა ჰქონდათ, ხოლო მანამდე ბულგარელმა მსაჯმა კაბაკოვმა პენალტი არ დანიშნა ოქრიაშვილის წაქცევისთვის. სხვათა შორის, გიორგი ჭანტურიას პირისპირ გასვლის ეპიზოდიც საეჭვო იყო, რადგან მცველი ოდნავ ხელით ქაჩავს ჭანტურიას მაისურზე, მაგრამ კაბაკოვის სასტვენი დუმდა.

მხოლოდ პენალტებზეც არაა, კაბაკოვმა მასპინძლები გააწვალა წვრილ-წვრილი ჯარიმებით, თამაშის გაჩერებებით.

თუმცა მსაჯს რა დავაბრალოთ, როცა მეორე ტაიმში კარში არ დაგვირტყამს...

საქართველო-მოლდოვა 1:1 (1:0)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (დვალიშვილი 71), ჭანტურია, ყაზაიშვილი (სხირტლაძე 80), ოქრიაშვილი, ქვილითაია (კანკავა 64)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მოლდოვა: ჩებანუ, პოსმაცი, ჟარდანი, ეპურიანუ, რაცუ (გოლოვატენკო 41), გაცკანი, ბორდიანი, ბოლოჰანი, მიხალიოვი (ანდრონიკი 77), სიდორენკო (ანტონიუკი 70), ბუგაევი

მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (16), 1:1 გაცკანი (78)

გაფრთხილება: დაუშვილი (24), მიხაილოვი (26), ბორდიანი (55), ოქრიაშვილი (84), სხირტლაძე (88), ჟარდანი (90+3)

მსაჯი: კაბაკოვი (ბულგარეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16466