ფეხბურთი

11:20 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS მოლდოვა – თამაში, რომელიც მოსაგებია

“ეს მატჩი ბოლო შანსია, რომ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი მაინც შევინარჩუნოთ”, - ასე აფასებს მოლდოვასთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი. ძნელია სლოვაკს არ დავეთანხმოთ. რაც უნდა ვიძახოთ, თამაშის ხარისხი კარგიაო, ფაქტია - სამ ტურში ერთადერთი ქულა დიდი იმედის მომცემი არაა და როდესაც მოდლოვას ეთამაშები, თანაც საკუთარ მოედანზე, მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქრო. ისე, საინტერესო იქნება “ჯვაროსნების” ხილვა იმ თამაშში, რომელშიც წესით პირველ ნომრად უნდა გავიდნენ მოედანზე. ანუ, რამდენად შესწევს ამ მხრივ ნაკრებს ძალა იმისა, რომ ისეთი გამართული ფეხბურთი აჩვენოს, როგორც ეს კარდიფში გააკეთა. სხვათა შორის, ამაზე გუშინ ვაისმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ისეთი გუნდის ნახვა სურს, რომელიც უელსთან მეორე ტაიმში ნახა.

დღევანდელი თამაშის წინ საქართველოს ნაკრებს დანაკლისი აქვს – პრინციპში ძნელად თუ გავიხსენებთ ისეთ სანაკრებო ფანჯარას, როდესაც საქართველო სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ამჯერად გუნდს ლევან ყენია, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ჯანო ანანიძე აკლია. ასევე, ბოლო მომენტში დაშავდა ლევან მჭედლიძე და მის ნაცვლად მთავარ გუნდში პირველად დაუძახეს გიორგი არაბიძეს. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, 18 წლის შემტევს დღეს თამაშის შანსი მიეცეს, მაგრამ ვინ იცის, დაველოდოთ.

სამაგიეროდ გუნდს უბრუნდება ხანგრძლივი პაუზის მერე კაპიტანი ჯაბა კანკავა. ვლადიმირ ვაისის განცხადებით, მას დიდი დრო გაუცდა, თუმცა საფრანგეთის ლიგა 2-ში სამი თამაში უკვე ჩაატარა და შესაძლოა, დღეს ძირითადში ვიხილოთ.

მეკარე – ნუკრი რევიშვილი სათამაშო პრაქტიკის მიღების მერე გუნდს დაუბრუნდა. თუმცა, დღეს ალბათ მაინც უკეთეს ფორმაში მყოფ გიორგი ლორიას ვიხილავთ კარის ხაზზე – ეს უფრო რეალურია.

დაცვა – მარჯვენა ფლანგი წესით ისევ ოთარ კაკაბაძემ უნდა გაამაგროს, რომელიც ბოლო ორ სანაკრებო თამაშში კარგად წარმოჩინდა და გულშემატკივართა შორისაც აზრთა თანხვედრაა. წესით, უჩა ლობჟანიძის შანსი სასტარტოში გამწესებისა, დაბალი უნდა იყოს. დაცვის ცენტრიც იგივე იქნება, როგორც კარდიფში: საბა კვირკველია-გურამ კაშია. მარცხენა მცველის მოვალეობას კი, გიორგი ნავალოვსკი შეასრულებს, რომელიც უკონკორენტოა, რადგან ვაისს ნომინალური მარცხენა ფლანგელი მცველი მის გარდა არ გამოუძახებია.

ნახევარდაცვა (საყრდენი ზონა) – ვალერიან გვილიას რომ სასტარტოში ვნახავთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მითუმეტეს ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი აბურჯანიას არყოფნაში არჩევანი დიდი არაა. მის გვერდით კი, ან ბუბა დაუშვილი იქნება, ანაც ჯაბა კანკავა. კანკავზე ზემოთ მოგახსენეთ და დაუშვილმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, ალბათ, ავტორიტეტი მაინც გადაწონის და თანაც, ჯაბას ოსტატობა ნაკრებს ნამდვილად სჭირდება. თვითონ კანკავას კი, ნდობა. შესაბამისად, სწორედ გვილიას და კანკავას დუეტია ფავორიტი ამ პოზიციაზე.

ნახევარდაცვა (შემტევი ზონა) – ჯანო ანანიძე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ეს უკვე დიდი დანაკლისია და სლოვაკს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს. ვაკო ყაზაიშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს კი, ამ ეტაპზე სასტარტოში ადგილი დაბევებული აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მათგანს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და კლუბში არაფერის დიდებით ენდობიან. რაც შეეხება მესამე შემტევს – ვაისს არჩევანის გაკეთება გიორგი ჭანტურიას, სანდრო კობახიძეს, ჯაბა ჯიღაურსა და ჯაბა ლიპარტიას შორის მოუწევს. პირველი წინა შეკრებაზე არ იყო მიწვეული გუნდში, მაგრამ კარგ პერიოდს განიცდის, ბოლო კი, საერთოდ დებიუტანტია... ისე, არც ისაა გამორიცხული, რომ ნაკრებმა ორი ნომინალური ფორვარდით ითამაშოს – ამაზე ვაისმა თქვა, შესაძლებელიაო... აქვეა გიორგი არაბიძეც, რომლის პოზიციაც სწორედ ესაა, თუმცა ნაკრებს გუშინ შეუერთდა მხოლოდ.

თავდასხმა – ლევან მჭედლიძის გამოკლების შემდეგ არჩევანი დიდი არც აქაა. ვლადიმერ დვალიშვილის შანსი არც ისე ძვირად ფასობს და ალბათ წინა ხაზზე ან გიორგი ქვილითაიას ვნახავთ ანაც დავით სხირტლაძეს. შანსი ორივეს უნდა ჰქონდეს წესით. ისე, ნაკრებში ამჯერზე ვერ მოხვდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ცოტა ხნის წინ საოცარი მატჩი ჩაატარა.

საბოლოო ჯამში მივიღეთ შემდეგი სავარაუდო შემადგენლობა: ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი – კანკავა, გვილია – ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, კობახიძე – ქვილითაია.

ისტორია

მოლდოვის ნაკრები ჩვენთვის უცხო არაა – აქამდე 10-ჯერ ვეთამაშეთ და სრული თანაფარდობაა: 4 მოგება/წაგება და ორი ფრე. აქედან ოთხი მატჩი იყო ოფიციალური (2-2 მოგება, წაგება) დანარჩენი 6 კი, ამხანაგური. ბოლოს მოდლოველებს 2011 წელს სპარინგში ვეთამაშეთ და “მიხეილ მესხზე” სანდრო კობახიძისა და ჯანო ანანიძის გოლებით გამარჯვებულები დავრჩით. მოკლედ, ახლა ურთიერთშეხვედრებში წინ გასვლის დროა.

მოლოდინი

საქართველოს ნაკრების მიმართ გულშემატკივართა შორის, ახლა ისეთი მოლოდინია, როგორიც კარგა ხანს არ ყოფილა. თითქოს ჩამკვდარი იმედი გაცოცხლდა და ხალხი ფეხბურთისკენ, ყოველშემთხვევაში ნაკრებისკენ შემობრუნდა. ირლანდიასა და უელსში ჩატარებულმა ორმა კარგმა მატჩმა განაპირობა ეს ყველაფერი. თუმცა, წერილის დასაწყისშიც ვახსენე და განვმეორდები – ერთია მეორე ნომრად, ნომინალური აუტსაიდერის სტატუსით თამაში და მეორე, როცა მოედანზე პირველი ნომერი ხარ და მეტოქის 10 კაციან დაცვასთან გიწევს ჭიდილი. სწორედ ესაა დღევანდელი მატჩის მთავარი გამოწვევა: რამდენად გაართმევს ნაკრები ასეთ სათამაშო სქემას თავს და შეძლებს თუ არა, მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავზე მოხვევას. რაც მთავარია, შედეგი გარდასახვას – ფაქტია, ეს თამაში იმ კატეგორიაში გადის, რომელიც აუცილებლად მოსაგებია და გულშემატკივრისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუება კატასტროფის ზღვარიც იქნება...

საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დღეს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, მთავარი არბიტრი 30 წლის გეორგი კაბაკოვი იქნება, რომელიც სამი წლის წინ გახდა ფიფას კატეგორიის არბიტრი და ეროვნული ნაკრებების დონეზე აქამდე არასდროს უმსაჯია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137522