ფეხბურთი

19:10 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შესარჩევის 110-ე მატჩის წინ: სტატისტიკა, საინტერესო ციფრები

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევის 110-ე მატჩს გამართავს. მეტოქე მოლდოვა იქნება, რომელთანაც ჯამში 10 მატჩი ჩაუტარებია და მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარი აქვს: 4:4.

მოლდოვა შესარჩევების ისტორიაში ოთხჯერ შეხვდა საქართველოს, ანუ გუნდები ორჯერ მოხვდნენ ერთ ჯგუფში. პირველი ჩვენთვის უიღბლო გამოდგა, რაგან ორივე მატჩი წავაგეთ და განსაკუთრებით დასანანი იყო 1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში განცდილი მარცხი. კოლოსალური სათამაშო უპირატესობა, ასპროცენტიანი მომენტები, ძელი, ხარიხა და მაინც 0:1. იგორ ოპრიამ პირველი ტაიმის ბოლოს შორიდან გაგვიტანა და მეტი გოლი აღარ გასულა.

იმავე შესარჩევი ჯგუფის ბოლო ტურში ქართველებმა სტუმრად 2:3 წააგეს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს მესამე ადგილი განაღდებული ჰქონდა, მოლდოვა კი იმ გამარჯვებით მეოთხეზე გავიდა.

მეორე შესარჩევში ქართველებმა რევანში აიღეს. ბათუმში შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით 2:0 იმარჯვა, სტუმრად კი თემურ ქეცბაიამ მატჩის დასაწყისში გაიტანა და 1:0 დასრულდა.

მას შემდეგ საქართველო-მოლდოვა მხოლოდ ამხანაგურებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბოლო ასეთი იყო 2011 წლის 11 ნოემბერს. საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა, ჩვენებმა 2:0 მოიგეს და ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ჯერ სანდრო კობახიძემ თავით, მერე კი ჯანო ანანიძემ პენალტით. ბოლოს დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ შოთა გრიგალაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში 208 მატჩი ჩაუტარებია და 60-ჯერ მოუგია, ხოლო შესარჩევის 109 თამაშიდან მხოლოდ 25 დაასრულა გამარჯვებით. სტატისტიკა ნამდვილად ვერაა მოსაწონი.

მოლდოვას რაც შეეხება, ამ ჯგუფში ქულა არ აქვს აღებული, წინა შესარჩევში (მუნდიალ-2014) მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და საერთოდაც, მოლდოვას 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესარჩევში არ მოუგია. აღნიშნულ დღეს კი მართლაც მოულოდნელად იმარჯვეს: სტუმრად ჩერნოგორიასთან 5:2.

ისე, მოლდოველებს სტუმრად უფრო სჩვევიათ სიურპრიზები. ჩერნოგორია ვახსენეთ და წინა შესარჩევში რუსეთს მოსკოვში წაართვეს ქულები - 1:1.

ზოგადად კი, საქართველო-მოლდოვას დაპირისპირებები რომ გავიხსენოთ, თითქმის ყველა მატჩში ჩვენები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ფაქტია, საერთო სტატისტიკაში არ ჩამოგვრჩებიან. ეგაა, ბოლო ორი-სამი წელია, რაც მოლდოვის ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურება და შესარჩევის მატჩი უკანასკნელად როდის მოიგო, უკვე დავწერეთ. აი, ამხანაგურში კი ბოლოს წლეულს, 28 მარტს იმარჯვეს, სტუმრად ანდორასთან 1:0.

მაინც სიფრთხილეა საჭირო. საქართველოს ნაკრებიც არაა იმ დონისა, რომ მეტოქეს ზემოდან უყუროს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების სტატისტიკა

208 მატჩი - 60 მოგება, 40 ფრე, 108 წაგება, ბურთები 230:311

მხოლოდ შესარჩევებში

შინ: 54 მატჩი - 18 მოგება, 13 ფრე, 23 წაგება, ბურთები 58:61, ქულა 67

სტუმრად: 55 მატჩი - 7 მოგება, 7 ფრე, 41 წაგება, ბურთები 50:105, ქულა 28

სულ: 109 მატჩი - 25 მოგება, 20 ფრე, 64 წაგება, ბურთები 108:166, ქულა 95

მოლდოვასთან თამაშების სტატისტიკა

10 მატჩი: 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, ბურთები 14:11

1991. კიშინიოვი. ამხანაგური

მოლდოვა-საქართველო 2:4

გოლები: თემურ ქეცბაია, გიორგი დარასელია, მიხეილ ჯიშკარიანი, მიხელ ყაველაშვილი

1994. თბილისი. შესარჩევი

საქართველო-მოლდოვა 0:1

1995. კიშინიოვი. შესარჩევი

მოლდოვა-საქართველო 3:2

გოლები: დავით ჯანაშია, ავტოგოლი

1997. ბათუმი. შესარჩევი

საქართველო-მოლდოვა 2:0

გოლები: შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე

1997. კიშინიოვი. შესარჩევი

მოლდოვა-საქართველო 0:1

გოლი: თემურ ქეცბაია

2003. თბილისი. ამხანაგური

საქართველო-მოლდოვა 2:2

გოლები: დავით ჩალაძე, მიხეილ აშვეთია

2004. ტირასპოლი. ამხანაგური

მოლდოვა-საქართველო 1:0

2009. თბილისი. ამხანაგური

საქართველო-მოლდოვა 1:2

გოლი: ზურაბ ხიზანიშვილი

2010. კიშინიოვი. ამხანაგური

მოლდოვა-საქართველო 0:0

2011. თბილისი. ამხანაგური

საქართველო-მოლდოვა 2:0

გოლები: სანდრო კობახიძე, ჯანო ანანიძე (პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146825