ფეხბურთი

3:21 | 3.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: 1/8 ფინალისტი “დორტმუნდი” და დიდი სენსაცია ვარშავაში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა და ოთხ 1/8 ფინალისტს (“ატლეტიკოს”, “ბაიერნს”, “არსენალს” და პსჟ-ს), რომელებმაც გუშინ გაინაღდეს ფლეი-ოფის საგზური, კიდევ ერთი – “დორტმუნდი” შეუერთდა.

დღის და მთლიანად ტურის ყველაზე დიდი სენსაცია კი, ვარშავაში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა “ლეგიამ” იმის მიუხედავად, რომ 35-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა, ქულის მოპოვება მოახერხა და “ბლანკოსს” შემდეგი ეტაპის საგზურის განაღდების საშუალება არ მისცა...

E ჯგუფი

“მონაკომ” “ლუი მეორეზე” მოსკოვის ცსკა მიიღო და პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე. ანგარიში მე-13 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჟერმაინმა გახსნა და იგორ აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 41-ე მატჩში გაუშვა გოლი.

“მონეგასკებმა” რუსებს ეს არ აკმარეს და 29-ე წუთზე მენდის დაბალი ჩაწოდებული უმეთვალყურეოდ დატოვებულმა რადამელ ფალკაომ შეირგო და ახლო მანძილიდან სხვაობა გაზარდა. ტაიმის მიწურულს კი, კოლუმბიელმა მოთამაშემ ძალიან ლამაზი გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მეორე ნახევარი ფორმალობა გამოდგა და თუ ვინმეს გატანა შეეძლო, ისევ “მონაკო” იყო, მაგრამ გუიდო კარილიომ ძელს მოარტყა ბურთი – 3:0.

ჯგუფის მეორე მატჩი “უემბლიზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ტოტენჰემი” გერმანულ “ლევერკუზენთან” დამარცხდა. პირველ ტაიმში ერთადერთი 100%-იანი შანსი შეიქმნა – ჩიჩარიტომ ტაიმის ბოლოს ახლო მანძილიდან ვერ შეძლო გატანა.

სამაგიეროდ, ამის გაკეთება 65-ე წუთზე კევინ კამპლმა მოახერხა, რომელმაც მასპინძელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და უგო ლორისს შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ დროში ლონდონელებს ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი 82-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ერიკ დაიერის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ლენის კარის ხარიხას მოხვდა... 0:1. “ტოტენჰემმა” შინ მეორე მატჩი დათმო და საქმე ძალიან გაირთულა.

მონაკო – ცსკა 3:0 (3:0)

მონაკო, “ლუი მეორე”

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი, ჟემერსონი (რაჯი 89), გლიკი, მენდი, სიდიბე, ფაბინიო, ბაკაიოგო, ლემარი, ბ.სილვა, ჟერმაინი (მბაპე 85), ფალკაო (კარილიო 74).
მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, მ.ფერნანდესი, შენიკოვი (ნაბაბკინი 90), ვერნბლუმი, ნაჩო, გოლოვინი, იონოვი, ტოშიჩი (მილანოვი 71), შტრანდბერგი (ლ.ტრაორე 63).
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

გოლები: 1:0 ჟერმაინი (13), 2:0, 3:0 ფალკაო (29; 41)
გაფრთხილებები: ჟემერსონი - გოლოვინი
მსაჯი: მატეი იუგი

ტოტენჰემი – ლევერკუზენი 0:1 (0:0)

ლონდონი, “უემბლი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, ბ.დევისი, უოლკერი, მ.დემბელე (იანსენი 30), ვანიამა, ალი, სისოკო, ერიკსენი (ვინკსი 65), სონი (ნ’კუდუ 73).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო, ტაჰი, თოფრაკი, ჰენრიჩსი, ვენდელი, ბაუმგარტლინგერი, არანგისი (ჰავერტსი 86), ბრანდტი (ჩალჰანოღლუ 70), კამპლი (ვოლანდი 85), მეჰმედი, ჩიჩარიტო.
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლი: კამპლი (65)
მსაჯი: იონას ერიკსონი

F ჯგუფი

ტურის ყველაზე ხმაურიანი სენსაცია სწორედ ამ ჯგუფში დაფიქსირდა. კრიზისში მყოფი “ლეგია”, ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობდა და 35-ე წუთისთვის მადრიდის “რეალთან” 0:2-ს აგებდა, თუმცა პოლონელებმა გმირობა შემოგვთავაზეს და ქულის მოპოვება მოახერხეს.

სტუმრები 57-ე წამზე ძალიან ლამაზი დარტყმით გარეტ ბეილმა დააწინაურა და ალბათ ყველამ გაიფიქრა, რომ პოლონელებს ძალიან ცუდი დღე დაადგებოდათ. 35-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა, თუმცა ტაიმის ბოლოს ოჯიჯა-ოფოემ ძალიან ლამაზი დარტყმით სხვაობა შეამცირა.

58-ე წუთზე კი, რადოვიჩმა საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა 83-ე წუთზე აქეთ გაუშვეს – მულინმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო და “ბლანკოსი” ქულის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დადგა.

თუმცა, მადრიდელები მალევე მოეგნენ გონს და ორ წუთში მატეო კოვაჩიჩმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 94-ე წუთზე ლუკას ვაზკესს სულაც გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა და “რეალის” ფლეი-ოფში გასვლა გადაიდო.

სამაგიეროდ, 1/8 ფინალური ეტაპის საგზური გაიფორმა “დორტმუნდმა”, რომელმაც შინ ლისაბონის ”სპორტინგს” მინიმალური სხვაობით აჯობა. ერთადერთი გოლის გატანა მე-12 წუთზე ადრიან რამოსმა მოახერხა. დარჩენილ დროში გუნდებმა ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლეს და ანგარიში აღარ შეცვლილა.

“დორტმუნდი” შემდეგ ეტაპზეა, ხოლო “სპორტინგს” ფლეი-ოფში გასვლის ძალიან მცირე შანსი დარჩა. იმისთვის, რომ პორტუგალიური გრანდი შემდეგ ეტაპზე გავიდეს, დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო “რეალმა” ამის გაკეთება ვერ უნდა მოახერხოს.

დორტმუნდი – სპორტინგი 1:0 (1:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-1-4-1): ბურკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, გინტერი, გერეირო, ვეიგლი, პულიშიჩი, გ.კასტრო (პიშჩეკი 69), გიოტცე (როდე 69), ო.დემბელე (შურლე 46), ა.რამოსი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი

სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო, კოატესი, სემედო, ზეგელაარი, ოლივეირა, სესარი (ა.სილვა 58), უ.კარვალიო, ბ.რუისი (მარკოვიჩი 78), შელოტო, მარტინსი, კასტაინოსი (დოსტი 46).
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეჟუსი

გოლი: ა.რამოსი (12)
გაფრთხილებები: გერეირო – სემედო, კასტაინოსი, ზეგელაარი
მსაჯი: დენი მაკელიე

ლეგია – რეალი 3:3 (1:2)

ვარშავა, “შტადიონ ვოსკა პოლსკიეგო”

ლეგია (4-2-3-1): მალარცი, პაზდანი, ბერეჟინსკი, რეზნიჩაკი, ჰლუსეკი, მულინი, კოპჩინსკი, გილერმე, ოჯიჯა-ოფოე (იოდლოვიეცი 86), რადოვიჩი (პრიჟოვიჩი 77), ნიკოლიჩსი (კუჩარჩიკი 69).
მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

რეალი (4-4-2): ნავასი, ვარანი, ნაჩო, კარვახალი, კოენტრაო (ასენსიო 77), კოვაჩიჩი, კროოსი, ბეილი, რონალდუ, მორატა (დიასი 85), ბენზემა (ლ.ვაზკესი 65).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ბეილი (1), 0:2 ბენზემა (35), 1:2 ოჯიჯა-ოფოე (40), 2:2 რადოვიჩი (58), 3:2 მულინი (83), 3:3 კოვაჩიჩი (85)
მსაჯი: პაველ კრალოვეცი

G ჯგუფი

როგორც მოსალოდნელი იყო, “პორტომ” აუსტსაიდერი “ბრიუგე” იოლად დაამარცხა. ანგარიშიდან ეს ნაკლებად ჩანს, თუმცა მასპინძლები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება. “დრაკონებს” სამი ქულა 37-ე წუთზე ანდრე სილვამ მოუპოვა – 1:0.

“კოპენჰაგენმა” შინ “ლესტერი” მიიღო და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას გამორჩა. დანიელებმა ძალიან ბევრი მომენტი გაატანეს ქარს, ხოლო 90-ე წუთზე კასპერ შმეიხელმა საოცარი სეივი შემოგვთავაზა და “მელიებმა” ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ მშრალად შეინახეს კარი.

“ლესტერი” ფლეი-ოფის საგზურთან ძალიან ახლოსაა და დიდი ალბათობით შემდეგ ტურში “ბრიუგესთან” საშინაო მატჩში გაინაღდებს კიდეც. მეორე საგზურისთვის კი, კოპენჰაგენში დიდი ბრძოლა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი და “პორტო” დაუპირისპირდებიან.

კოპენჰაგენი – ლესტერი 0:0

კოპენჰაგენი, “ტელია პარკენი”

კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსონი, იოჰანსონი, იორგენსენი, ანკერსენი, ოგუსტინსონი, დელანი, კვისტი, ვერბიჩი (კუსკი 83), ფალკი (ტოუტუ 65), კორნელიუსი, სანტანდერი.
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, ლ.ერნანდესი, ამარტი, დრინკვოთერი, შლუპი (ოკაზაკი 71), მაჰრეზი, მუსა, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გაფრთხილებები: დრინკვოთერი, ჰუტი, ლ.ერნანდესი, მორგანი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი

პორტო – ბრიუგე 1:0 (1:0)

პორტო, “ესტადიო დე დრაგაო”

პორტო (4-1-3-2): კასილასი, მარკანო, ფელიპე, ტელესი, მ.პერეირა, დ.პერეირა, ო,ტორესი, ერერა (ნევეში 62), ოტავინიო (ლეიუნი 79), ა.სილვა, ხოტა (კორონა 71).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ბრიუგე (4-4-2): ბუტელე, პულაინი, დენსვილი, კულსი, ვან რინი, კლოდემირი, პინა, ბოლინგოლი-მბომბო (ვანაკენი 65), ვორმერი, ვესლი (იზკუერდო 77), დიაბი (ლიმბომბე 46).
მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

გოლი: ა.სილვა (37)
გაფრთხილებები: ერერა, ფელიპე – დენსვილი, დიაბი, ვორმერი, კლოდემირი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

H ჯგუფი

მოულოდენელი შედეგი დაფიქსირდა “იუვენტუს სთედიუმზე”, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “ლიონის” დამარცხება ვერ შეძლო.

ტურინელები მე-13 წუთზე გონსალო იგუაინმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი შეასრულა. “პიპიტას” მალევე მეორეს გატანაც შეეძლო, ისევე როგორც მარიო მანძუკიჩს, თუმცა ორივე ფორვარდს მიზანმა უმტყუნა.

მეორე ნახევარი ისე მიმდინარეობდა, რომ მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ და განსაკუთრებული პრობლემა არ უნდა შექმნოდათ, თუმცა კინაღამ საერთოდ უქულოდ დარჩნენ: 85-ე წუთზე გეჟალმა სტანდარტული სიტუაციიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ტოლისომ დაასწრო და წონასწორობა აღადგინა. 94-ე წუთზე კი, ტურინელებმა მოედნის ცენტრში ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს და ლაკაზეტს მათი დასჯა მართებდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო და შესაბამისად, “ლიონი” თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში დარჩა – 1:1.

აღსანიშნავია, რომ ჯანლუიჯი ბუფონისთვის “ლიონთან” მატჩი მე-100 გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე.

“იუვენტუსის” წაბორძიკებით “სევილიამ” ისარგებლა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. “დალაქებმა” სუსტ მეტოქეს, რომელიც 45-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მომდევნო ტურში, “სანჩეს პისხუანზე” ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ ჯგუფის ლიდერები ითამაშებენ.

სევილია – დინამო 4:0 (1:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, მერკადო, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, კრანევიტერი, განსო (კიოტაკე 75), ფ.ვაზკესი (ბენ იედერი 61), ვიტოლო (სარაბია 75), ვიეტო.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

დინამო (5-4-1): ლივაკოვიჩი, შილდენფელდი, სიგალი, ბენკოვიჩი, პივარიჩი, სტოიანოვიჩი, პავიჩიჩი, მაჩადო (პერიჩი 60), სუდანი (მატელი 46), ჩორიჩი (სიტუმი 53), ჟ.ფერნანდესი.
მწვრთნელი: ივაიოლო პეტევი

გოლები: 1:0 ვიეტო (30), 2:0 ესკუდერო (66), 3:0 ნ’ზონზი (80), 4:0 ბენ იედერი (87)
გაფრთხილებები: სტოიანოვიჩი, პივარიჩი, პავიჩიჩი
გაძევება: სტოიანოვიჩი (45+1)
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

იუვენტუსი – ლიონი 1:1 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ბონუჩი (ბენატია 68), კიელინი, ალვეში, ევრა, მარკიზიო, სტურარო, ხედირა, პიანიჩი (ალექს სანდრო 68), მანძუკიჩი, იგუაინი (კუადრადო 83).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

ლიონი (4-2-3-1): ე.ლოპეში, დიაკაბი, მამანა, რაფაელი, მორელი, ტოლისო, გონალონსი, გეჟალი, ფეკირი (დარდერი 77), რიბუსი (კორნე 70), ლაკაზეტი.
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

გოლები: 1:0 იგუაინი (13), 1:1 ტოლისო (85)
გაფრთხილებები: პიანიჩი, ბარძალი, სტურარო, მარკიზიო – დარდერი, გეჟალი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112998