ფეხბურთი

2:06 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ღამურების” პირველი ფრე

ლა ლიგის მე-10 ტურის დასკვნითი შეხვედრა “რიასორზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” “ვალენსია” მიიღო და შინ ქულა გაატანა.

ორივე მწვრთნელმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია. ჩეზარე პრანდელიმ წინა მატჩთან შედარებით, ერთადერთი ცვლილება მოახდინა და ისიც იძულებითი: ტრავმირებული ხოსე ლუის გაია, აიმენ აბდენურმა ჩაანაცვლა. გაისკა გარიტანომ კი, “სელტასთან” წაგებული მატჩის შემდეგ შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა და ერთბაშად 5 მოთამაშე შეცვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, პოლონელი მეკარის ჟემისლავ ტიტონის გამოჩენა, რომელმაც ხერმან ლუქსი ჩაანაცვლა.

შეხვედრა თითქმის თანაბარი გამოდგა. მართალია, ბურთს უმეტესად “ღამურები” ფლობდნენ, თუმცა მომენტები ორივე გუნდს ექმნებოდა და მოგება ორივეს შეეძლო.

პირველ ნახევარში რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი როდრიგო მორენოს შეექმნა, მაგრამ 25 წლის ფორვარდმა საკუთარი მომენტების რეალიზაცია ვერ მოახდინა. ლა კორუნიელთაგან განსაკუთრებით თურქი ნახევარმცველი ემრე ჩოლაკი აქტიურობდა, რომელსაც მე-17 წუთზე თავით შეეძლო გატანა, მაგრამ დიეგო ალვეშმა აჯობა. სამაგიეროდ, ამ მოთამაშეების მორიგ დუელში ჩოლაკმა იმარჯვა და გალისიელები თავური დარტყმით პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დააწინაურა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. ჩეზარე პრანდელიმ 53-ე წუთზე აიმენ აბდენური გაიყვანა და მუნირ ელ ჰადადი შეუშვა, რასაც სხვა ტაქტიკური გადაადგილებებიც მოჰყვა: მარტინ მონტოიამ დაცვის მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, ხოლო ჟოაო კანსელომ მარჯვენა ფლანგზე უკან დაიწია.

“ღამურებმა” გათანაბრება სამ წუთში მოახერხეს – დანიელ პარეხოს ჩაწოდების შემდეგ ტიტონმა დამაჯერებლად ვერ მოიგერია ბურთი, რომელიც ლუიშ ნანის მიუვიდა და საჯარიმოში ჩააბრუნა, სადაც ყველას როდრიგო მორენომ დაასწრო და როგორც იქნა, გატანა მოახერხა.

დარჩენილმა დრომ ორმხრივ შეტევებში ჩაიარა და ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა მეტი ბურთი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

აღსანიშნავია, რომ 74-ე წუთზე მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” რიგებში პირველად გამოჩნდა ფედე კარტაბია, რომელიც გასულ სეზონში “დეპორტივოში” იჯარით თამაშობდა და ადგილობრივი პუბლიკა აპლოდისმენტებით შეხვდა.

“ვალენსიამ” მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ფრედ, 10 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. “დეპორტივო” კი, 9 ქულით მე-17 საფეხურს იკავებს.

დეპორტივო – ვალენსია 1:1 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, სიდნეი, ალბენტოსა, ლუისინიო, ხუანფრანი (ფ.ნავარო 85), ბორგესი (გილერმე 76), მოსკერა, ჩოლაკი, მ.მორენო, გამა, ანდონე (ბაბელი 79).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მანგალა, გარაი, აბდენური (ელ ჰადადი 53), მონტოია, მ.სუარესი, ე.პერესი (მედრანი 68), პარეხო, კანსელო, ნანი, როდრიგო (კარტაბია 74).
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გოლები: 1:0 ჩოლაკი (45+2), 1:1 როდრიგო (56)
გაფრთხილებები: ალბენტოსა – ნანი, მანგალა, გარაი, ე.პერესი, მონტოია
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

თეგებილა ლიგა
0.159633